"ბოლო წლებში რუსეთი მეზობლების მიმართ ბევრად უფრო აგრესიული გახდა - ჩვენ ეს საქართველოში ვნახეთ, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა.
"ბოლო წლებში რუსეთმა აგრესია გააძლიერა და ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ მისი აგრესიის ბუნება შეცვალა. ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით რუსეთის ქცევამ რადიკალური ცვლილება განიცადა, რომელიც უფრო მკაცრი გახდა, ასევე, ბევრად უფრო აგრესიული გახდა მეზობლების მიმართ მისი დამოკიდებულება. ჩვენ ეს ვნახეთ სომხეთში, სადაც რუსეთი მოულოდნელად აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მას წინ აღუდგნენ.
ასევე, საქართველოში საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით, ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით. იგივე სცადეს მოლდოვაშიც, მაგრამ არ გამოუვიდათ. მინდა პრეზიდენტ მაია სანდუს გამბედაობა და სიმტკიცე შევაქო. შემიძლია რუმინეთზეც ვისაუბრო, სადაც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში რუსეთი საარჩევნო პროცესის მანიპულირებას არ მოერიდა“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.