ავტორი:

“ქართველი ვარ! ერთხელ უკრაინელი დამიწერეს და ერთი ამბავი ავტეხე - იმ ქალაქში რომ გაიზრდები, სადაც მეფე ერეკლე დადიოდა, სიამაყის განცდას იწვევს...“ - ლოტბარი და პედაგოგი ვასო კორნიენკო ქართული ფოლკლორის შესახებ

“ქართველი ვარ! ერთხელ უკრაინელი დამიწერეს და ერთი ამბავი ავტეხე - იმ ქალაქში რომ გაიზრდები, სადაც მეფე ერეკლე დადიოდა, სიამაყის განცდას იწვევს...“ - ლოტბარი და პედაგოგი ვასო კორნიენკო ქართული ფოლკლორის შესახებ

მისი ნამღერი ყურადღებას მაშინვე იქცევს. ვასო კორნიენკო ბავშვობიდან ეზიარა ქართული ხალხური სიმღერის მადლს და მისი ათვისების საქმეში დიდი ნიჭი და უარები გამოავლინა. პედაგოგებშიც გაუმართლა, არაერთი ცნობილი ლოტბარის ხელში გამოიარა. მისი მასწავლებელი ანზორ ერქომაიშვილიც იყო.

  • ვასო კორნიენკო გარდა იმისა, რომ სოლისტია, მას საქართველოს მასშტაბით არაერთი ფოლკლორული გუნდის შექმნა მიეწერება. ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეს აქტიურად ემსახურება.

ლოტბარი, მომღერალი და პედაგოგი ვასო კორნიენკო AMBEBI.GE-ს სტუმარია.

- გვარად კორნიენკო ხართ, უკრაინული ფესვებით. თელავში როგორ აღმოჩნდა თქვენი წინაპარი?

- ისე გავიზარდე, ყურადღება არც მიმიქცევია იმისთვის, რომ ჩემი გვარი სხვა გვარებისგან რაიმეთი განსხვავდებოდა. ბებიამ (დედის დედა) გამზარდა. ნანი მალვენიშვილი ჭეშმარიტად ქართველი ქალბატონი იყო, რომელმაც დაბადებიდან ქართული ტრადიციების სიყვარული ჩამინერგა. ჩემს მშობლებს რუსეთში უწევდათ ყოფნა და მუდმივად ბებოსთან ვიყავი. მშობლებთან არდადეგებზე ჩავდიოდი. ბებიაჩემი აჯაფსანდალს მეძახდა.

- რატომ?

- დედაჩემის მამა, პაპაჩემი ვასილ ფერიზოვი იეზიდი იყო (თელავში არა მარტო იეზიდები, სომხები, უკრაინელები, ებრაელები ცხოვრობენ). ამ ქალაქში დაბადებული, აქაურ ყაიდაზე გაზრდილი, ქრისტიანულად მონათლული კაცი ყოველ გიორგობას თურმე ცხვარს კლავდა... წარმოსადეგი და გამორჩეული პიროვნება ყოფილა, ქართველებმა ქალიც (ანუ ბებიაჩემი) ამიტომ გაატანეს...

დედაჩემი პედაგოგია, თელავის პედაგოგიური ინსტიტუტი აქვს დამთავრებული, უცხო ენის სპეციალისტია. მამა და ბიძა 1998 წელს მოსკოვში ერთად მოგვიკლეს... მამას ცოტა რთული ცხოვრება ჰქონდა და ტრაგიკულად დაიღუპა. ის წარმომავლობით უკრაინელი იყო.

- თელავში როგორ მოხვდა?

- მამის მამას, ჩემს დიდ პაპას - სტეფანი ერქვა, რომელიც გასულ საუკუნეში თელავში 16 წლისა ჩამოვიდა. პან სტეფან - ასე მოიხსენიებდნენ (თავადური წარმომავლობა ჰქონდა). სანამ საქართველოში მოხვდებოდა, გააკულაკეს, ერთ ღამეში ამოუწყვიტეს ოჯახი, მშობლები, და-ძმა. მისი პაპა „ატამანი“ ყოფილა, მებრძოლი. მოკლედ როგორღაც გადარჩა და საქართველომდე მოაღწია. აქ ზაუტაშვილებს შეუფარებიათ. თურმე ტრაქტორის და მანქანის მართვა სცოდნია. თელავში ფოსტა რომ გაიხსნა და ფოსტისთვის პირველი მანქანა გამოუყვიათ, მძღოლი სტეფანე ყოფილა. შემდეგ კი ქართველი ქალი - ქეთევან ზაუტაშვილი შეირთო. ზაუტაშვილებმა გარდა იმისა, რომ ქალი გაატანეს, თელავში სახლი აუშენეს. დღეს იმ სახლს აწერია, რომ „დაცულია სახელმწიფოს მიერ“.

- დიდი ბებო გახსოვთ?

- კი, ჩემი დიდი ბებო - ქეთევან ზაუტაშვილი თავადის ქალი იყო, წარმოშობით ყვარლიდან. ზაუტაშვილებს სასულიერო პირების ხაზიც ჰქონდათ. ქეთევანი გამორჩეული გახლდათ თავისი განათლებით და ყველაფრით. მამა მღვდელი ჰყავდა.

მეც ამ წიაღში გავიზარდე. იქ არ ყოფილა ქართულის გარდა სხვა ენაზე საუბარი, ამიტომ რუსული საერთოდ არ ვიცი. ახლა მამის დედაც უნდა ვახსენო - აზერბაიჯანელი წარმოშობის ძალიან ლამაზი ქალბატონი - თელაველი ფარიდა ყურბანოვაა. ის დღეს ერთადერთია, ვინც წინა თაობიდან ცოცხალი გვყავს. ქართულად მოსაუბრე, ქრისტიანი და აღმსარებელია. ჰოდა, ნანა ბებო ამის გამო იყო, „აჯაფსანდალს“ რომ მეძახდა. თან ბრაზობდა, რას ერჩოდნენ ამ ბავშვსო?!. ყველა გვარისა და წარმომავლობის ადამიანის სისხლია ჩემში... რაც შემეხება თავად მე - დაბადებიდან სიმღერით ვცხოვრობ.

- სიმღერის ნიჭი, როგორ ფიქრობთ, ვისგან გადმოგეცათ?

- ნანა ბებოს მხარეს, მის წინაპრებს მგალობელაანთ ეძახდნენ - ბებოს წინაპრები მგალობელები ყოფილან... მიყვებოდა ხოლმე - კომუნისტების დროს, ერთხელ ბავშვები თეთრ გიორგიში გავიპარეთ, რის გამოც მამაჩემს პარტიიდან რიცხავდნენ და სკოლის დირექტორს დაჭერით ემუქრებოდნენო. როგორც იცით, მაშინ აკრძალული იყო ეკლესიაში სიარული და ამის გამო გალობას თავი დაანებეს. კომუნისტურმა რეჟიმმა მათი ეს უნარი, ტრადიციული გალობის ფორმა მიანავლა. გენი არ იკარგება და როგორც ჩანს, ჩემში გადმოვიდა... ნანა ბებომ ძველი ტექსტები და შესანიშნავი მოტივები იცოდა. ახალგაზრდობაში თურმე ძმასთან ერთად, ახმეტის გუნდში ცეკვავდა. ამ ტრადიციებით იყო აღზრდილი.

- ასეთი გენეტიკის პატრონი თავს რა ეროვნების ადამიანად წარადგენთ?

- ქართველი ვარ. ერთხელ უკრაინელი დამიწერეს და ერთი ამბავი ავტეხე. კი, ქართველი ვარ, უკრაინული ძირებით. კორნიენკო, თუმცა სულით და გულით ქართული მაქვს.

- თელაველობა რას ნიშნავს თქვენთვის?

- იმ ქალაქში რომ გაიზრდები, სადაც მეფე ერეკლე დადიოდა, იმ სკოლაში რომ ისწავლი, სადაც ვაჟა-ფშაველა სწავლობდა, - ეს სიამაყის განცდას იწვევს... თელავში მეფე ერეკლეს სასახლეა და ერთადერთი ადგილი, რაც ხელუხლებელი გადარჩა. ჩემს ბავშვობაში მახსოვს, იქაურობას ერთი ავტომატიანი კაცი იცავდა, რომელიც ძირითადად სულ თვლემდა ხოლმე. მაგით ვსარგებლობდით, შევიპარებოდით და ერეკლეს ხმლით ვთამაშობდით. მიყვარდა სასახლეში სტუმრობა.

- სიმღერა როგორ დაიწყეთ?

- თელავის 1-ლი საშუალო სკოლა დავამთავრე. გუნდში ვმღეროდი - მასწავლებელი თავიდანვე ხელს მიწყობდა და მპატრონობდა. შემდეგ თელავის მუსიკალურ სასწავლებელში საყვირის მიმართულებით ჩავაბარე - საყვირზე ვუკრავდი. სასწავლებლის მერე თბილისში, კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში საგუნდო მიმართულებით გავაგრძელე (ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკის განხრით) სწავლა. ჩემი ხელმძღვანელი და მასწავლებელი ანზორ ერქომაიშვილი გახლდათ.

სულ თავიდან ანსამბლ „პატარა კახში“ ვმღეროდი. ჩვენი მასწავლებელი ანსამბლ „წინანდლის“ ხელმძღვანელი, აწ გარდაცვლილი, საუკეთესო პიროვნება და ლოტბარი ლევან აბაშიძე იყო. ხალხური სიმღერის ნიჭი და სიყვარული რომ გამოვავლინე, სურვილი გამიჩნდა, თვითონვე შემექმნა ანსამბლი. უნივერსიტეტში პირველ კურსზე ვიყავი, რომ თელავში პირველი ახალგაზრდული გუნდი ჩამოვაყალიბე და „შემოძახილი“ დავარქვი. გუნდი დღემდე წარმატებულად ფუნქციონირებს...

- ადრეულ ასაკში დაგიწყიათ პედაგოგობა...

- კი, ქართულ-ხალხურ სიმღერას და ტრადიციულ გალობას ვასწავლიდი, ასევე სურვილის მიხედვით, ქართულ საკრავებსაც, მაგალითად, ფანდურს. დღემდე ამ საქმეს ვემსახურები... წლების განმავლობაში არაერთ გუნდთან (ბავშვებთან თუ მოზრდილებთან) მიმუშავია. ვიყავი როგორც გუნდში მიწვეული ხელმძღვანელი, ასევე (უფროსებთან) სოლისტი.

  • გიორგი უშიკიშვილი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი რომ იყო, ანსამბლ „ლაშარში“ სოლისტად მიმიწვია, თანამდებობაზე ყოფნისას გუნდში სიმღერას ვეღარ ახერხებდა და მის პარტიებს მე ვასრულებდი. ასევე ჩამაბარა სკოლამდელი ასაკის ბავშვების ანსამბლი „ლაშარელა“ და წლები მათი პედაგოგი და ხელმძღვანელი ვიყავი.

მერე ბოლნისში ბავშვთა ანსამბლის ხელმძღვანელად მიმიწვიეს. მოვინდომე და იქ მანამდე დაშლილი უფროსი თაობის მომღერლების ანსამბლი „სიონი“ შევკრიბე და აღვადგინეთ (ძირითადად ჩასახლებული ლეჩხუმელებისა და სავნებისგან). რამდენიმე რეპეტიცია გვქონდა, ოღონდ, მანამდე ჯერ მათი სიმღერები შევისწავლე. ანსამბლის წევრებისთვის ხელფასიც დავანიშვნინე. „სიონი“ ახლაც მოღვაწეობს.

- ყვარელშიც ვმუშაობდიო - აღნიშნეთ...

- ყვარელში ბიჭუნათა ანსამბლ „დურუჯის“ გუნდს რამდენიმე წელი ვხელმძღვანელობდი... 2012 წელს მთავრობა რომ შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად აქტიური არ ვყოფილვარ, უმუშევარი დავრჩი... მოგვიანებით, ჩემი მეგობარი გორში კულტურის სამსახურში წამყვან თანამდებობაზე დანიშნეს და იქ ხალხური გუნდის ჩამოყალიბება მოისურვა. კარგი ბიჭები შევარჩიეთ და მშვენიერი ანსამბლი შევქმენით. ამასთან, თელავში თუ რამე ანსამბლია, ყველას კონსულტაციას ვუწევდი და ვუწევ.

ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ ანდრო სიმაშვილთან გავიზარდე. ის ტრადიციული ლოტბარი იყო, მას ხალხური სიმღერა, ფოლკლორის ნიმუშები კონსერვატორიასა და სასწავლებლებში არ უსწავლია, მამა-პაპისგან ზეპირად ჰონდა გადმოცემული...

მერე იმანაც ბევრი რამ განსაზღვრა „იუნესკოს“ ეგიდით, ანზორ ერქომაიშვილმა 2001 წელს კონკურსი ჩაატარა - 10 ბიჭი უნდა შერჩეულიყო, რომ მომავალი ლოტბარები გაეზარდათ, რადგანაც იმ დროისთვის ხალხური სიმღერა ძალიან მივიწყებული იყო. მათ შორის მეც აღმოვჩნდი...

- ახლა რას საქმიანობთ?

- ახლაც ბავშვთა ანსამბლი მაქვს - სტუდია. არსებობს ანსამბლი „შემოძახილი,“ რომლის ხელმძღვანელი და სოლისტი ვარ... ქართული ხალხური სიმღერა ერის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ფოლკლორული ნიმუშები ქართველი ადამიანის გულში მყარად არის გამჯდარი. ქართველი ბავშვი სულ რომ საქართველოში არ გაიზარდოს, ქართული სიმღერის გაგონებაზე მისი პულსაცია იცვლება. ამიტომ ამ საგანძურით უნდა აღვზარდოთ, რომ ნორმალური პიროვნებები იყვნენ და ადამიანებად შედგნენ.

- საკუთარ ოჯახიც გაგვაცანით.

- მყავს სამი შვილი - ორი გოგონა ერთი ვაჟი. ანასტასია 13 წლისაა, ალექსანდრე - 12-ის, ნინო - 9 წლის. მეუღლესთან განქორწინებული ვარ. ბავშვები საუკეთესოდ მღერიან, ძალიან უყვართ ქართული ხალხური სიმღერა, ცოტა ხნის წინ, საქართველოს მასშტაბით მრავალხმიანობის ფესტივალზე გრანპრი და უმაღლესი ჯილდო აიღეს. ალექსანდრეს კიდევ განსაკუთრებული ჯილდო გადასცეს როგორც ფანდურის გამორჩეულ დამკვრელს. თელავის „ალავერდის“ გუნდში მღერიან და გალობენ.

- რა უნდა გავაკეთოთ დღეს კიდევ ქართველებმა, რომ ქართულმა ხალხურმა სიმღერამ დიდხანს იარსებოს?

- ჩემი მასწავლებელი, ანზორ ერქომაიშვილი ამბობდა, აუცილებელია ასე ცოცხალი დარჩეს და არა სამუზეუმო ექსპონატად და ჩანაწერებშიო. ჰოდა, თუ გვიდა, რომ ქართული სიმღერა ცოცხალი იყოს, ის მუდმივად ბავშვებს უნდა გადავცეთ, ვასწავლოთ. ყველა სკოლაში თითო ლოტბარი მაინც უნდა არსებობდეს. დაფასებული უნდა იყოს სიმღერისა და გალობის მასწავლებელი. ეს ისეთი მუსიკა და ჰანგია, „წითელ წიგნშია“ შეტანილი. მის დიდებულებას მსოფლიო აღიარებს.

თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე არსებული ბარბარეს ეკლესია გასულ საუკუნეში ჩიჯავაძეებს აუშენებიათ. თავადები იყვნენ და შემდეგ თავიანთი სახლი ხალხს გადასცეს. ეს ტაძარიც ხომ დარჩა და მათ სახლში ბავშვებისთვის სკოლა გახსნეს. იმ სკოლაში ცნობილი მგალობელი და გალობის გადამრჩენელი ვასილ კარბელაშვილი მოღვაწეობდა. წმინდა ძმები კარბელაშვილები რომ იყვნენ, ერთ-ერთი ვასილი იყო, რომელიც უკვე წმინდა ეპისკოპოს სტეფანედაა შერაცხილი. მან თავისი სიცოცხლის ფასად და მოწამებრივი გზით ქართლ-კახური გალობა გადაარჩინა. მინდა მისი სახელობის გალობისა და სიმღერის შემსწავლელი მუსიკალურ-ახალგაზრდული ცენტრი გაკეთდეს. იქ კარი ღია იქნება და ვისაც შეეძლება და სურვილი ექნება, მოვა და უფასოდ ისწავლის. ამ საქმეში უფლის შეწევნა თუ იქნება, ყველაფერი გამოგვივა.