ავტორი:

"მირეკავენ "ვისოლიდან", როგორმე უნდათ თავი იმართლონ" - რას წერს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის დედა და რატომ აღარაა სარეკლამო ვიდეო რგოლში მსახიობი?

"მირეკავენ "ვისოლიდან", როგორმე უნდათ თავი იმართლონ" - რას წერს დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის დედა  და რატომ აღარაა სარეკლამო ვიდეო რგოლში  მსახიობი?

მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დააკავეს, "ვისოლის" სარეკლამო ვიდეორგოლში აღარ არის. ვიდეო რგოლის თავდაპირველ ვერსიაში ანდრო ჭიჭინაძე ჩანდა, თუმცა ახლა მხოლოდ მისი ხელი ჩანს.

როგორც "ვისოლში" BMG-სთან განმარტეს, "კონტრაქტით კომპანიას მისი კადრების გამოყენების უფლება მხოლოდ გასული წლის ნოემბრის ბოლომდე ჰქონდა და მიზეზი პოლიტიკურ პროცესს არ უკავშირდება".

"მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა “ვისოლის” ლოიალობის აპლიკაციის სარეკლამო კლიპში. რეკლამა სატელევიზიო ეთერში აპლიკაციის შემახსენებელი კომუნიკაციის ფარგლებში განმეორებით გავიდა 2024 წლის სექტემბრიდან, რაზეც მსახიობთან დავდეთ დამატებითი კონტრაქტი. ახალი შეთანხმების საფუძველზე მისი მონაწილეობით კადრის გამოყებების ნებართვა კომპანიას ჰქონდა 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით.

შესაბამისად, კომპანიამ მხოლოდ და მხოლოდ დაიცვა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები", - აცხადებენ "ვისოლში".

  • როგორც ირკვევა, კომპანიიდან ცდილობენ დაუკავშირდნენ ანდრო ჭიჭინაძის დედას, ლიკა გუნცაძეს, რომელიც ამბობს, რომ "კომპანიასთან საუბარზე უარს ამბობს".

"მირეკავენ ვისოლიდან და უარს ვამბობ ყველანაირ გასაუბრებაზე მათთან! როგორმე უნდათ თავი იმართლონ! სამარცხვინოები!" - წერს ლიკა გუნცაძე "ფეისბუქის" გვერდზე.

ცნობისთვის, ანდრო ჭიჭინაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.