კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული კოშმარი“ საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს, - ამის შესახებ კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) აცხადებს.
"კორუმპირებული ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული კოშმარი“ საქართველოს რუსეთის კოლონიად აქცევს. რეჟიმის ბანდიტები არბევენ და აკავებენ დემონსტრანტებს, რომლებიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ითხოვენ, რადგან დამოუკიდებელი დამკვირვებლები ამბობენ, რომ ოქტომბრის ბოლოს არჩევნები ფუნდამენტური დარღვევებით ჩატარდა. ქართველი ხალხი ტრანსატლანტიკურ გზაზე დაბრუნებას ითხოვს და ჩვენ მათ უნდა დავეხმაროთ. „MEGOBARI აქტი“ ამ დახმარებას უზრუნველყოფს, პუტინის მარიონეტების წინააღმდეგ სანქციების დაწესებითა და ქართული დემოკრატიისა და სუვერენიტეტის აღდგენის შემთხვევაში ურთიერთობების გაღრმავებით“, - აცხადებს სტივ კოენი.
შეგახსენებთ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში „MEGOBARI აქტი“ ხელახლა წარადგინა.
ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადების თანახმად, „MEGOBARI აქტი“ „ქართული ოცნების“ ყველა ოფიციალური პირის მიმართ სანქციების ყოვლისმომცველ გადახედვას მოითხოვს და კორუფციაში ჩართული პირები და საქართველოს სუვერენიტეტის შელახვაზე პასუხისმგებელი პირები დასანქცირდებიან. უზრუნველყოფს სერტიფიცირების მექანიზმს, რომელიც ითვალისწინებს აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, მას შემდეგ, რაც საქართველოს დემოკრატია და სუვერენიტეტი აღდგება. მოითხოვს სრულ მოხსენებას საქართველოში რუსეთისა და „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ სადაზვერვო აქტივების შესახებ და საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის ძირის გამოთხრის მიზნით რუსეთისა და „ჩინეთის კომუნისტური პარტიის“ თანამშრომლობის შესახებ.