ავტორი:

"ის დუდუხანას13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა..." - რას ჰყვება დუდუხანა წეროძის შვილიშვილი ლეგენდარულ ბებიაზე და როგორი იყო მსახიობი ეკრანს მიღმა

"ის დუდუხანას13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა..." -  რას ჰყვება დუდუხანა წეროძის შვილიშვილი ლეგენდარულ ბებიაზე და როგორი იყო მსახიობი ეკრანს მიღმა

ქართული კინოს ლეგენდებს შორის დუდუხანა წეროძეს საპატიო ადგილი უკავია. მსახიობი 8 ნოემბერს 106 წლის გახდებოდა... მის ცხოვრებაში დიდი წარმატებაც ყოფილა და სევდიანი ამბებიც... დუდუხანას მიერ შესრულებული როლები მაყურებელმა თავიდანვე გამორჩეულად შეიყვარა.

  • დაუვიწყარია მისი როლი ფილმში "მაგდანას ლურჯა,“ რომელიც რეჟისორებმა - თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ 1955 წელს გადაიღეს. მსახიობმა დაჩაგრული, მძიმე ბედის მქონე ქართველი ქალის საოცარი სახე შექმნა.

"რეჟისორებმა ჩემთან მუშაობა სასინჯი გადაღებისას დაიწყეს. დაიწყო რეპეტიციები, გადაღებები და შეიქმნა ნამდვილი შემოქმედებითი ატმოსფერო... იყო ინტენსიური შემოქმედებითი კამათი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო როლის ყოველი მონაკვეთი, მიზანსცენა, ყოველი ფრაზა... კამათი წმენდდა, ხვეწდა, აკრისტალებდა ჩემი მაგდანას სახეს. რაც მეტი იყო შემოქმედებითი კამათი, მით რეალური ხდებოდა მაგდანა. უფრო ღრმად ვგრძნობდი სახეს, მის ხასიათს. დიდი დახმარება გამიწიეს რეჟისორებმა, რომ ჩემი თამაში ყველა ეპიზოდში თანაბარი ყოფილიყო, რომ მცირე ეპიზოდებიდან საუკეთესო ამერჩია, საუკეთესო აქტიორული ვარიანტები, აქტიორულად დამეკავშირებინა ისინი ერთმანეთთან და შემექნა დატანჯული, უბედური დედის ნამდვილი სახე. ეს როლი უმაღლესი მიღწევაა მთელ ჩემს შემოქმედებაში“ - ჰყვებოდა დუდუხანა წეროძე.

  • რეპრესირებული მამა

მამა პლატონ წეროძე 1921 წელს ნოე ჟორდანიას საფრანგეთში ემიგრაციაში მიჰყვებოდა, მაგრამ გემზე ასულს ორსული მეუღლე 2 შვილით რომ დაუნახავს, გემიდან ჩამოსულა. პლატონი ემიგრაციაში აღარ გაემგზავრა, თუმცა 1937 წლის რეპრესიებს ვერ გადაურჩა, დააპატიმრეს და დახვრიტეს... მამის დაკარგვის შემდეგ, ოჯახის დახმარება დუდუხანამ, როგორც უფროსმა შვილმა, თავის თავზე აიღო, მაგრამ სამსახურის შოვნა მისთვის, როგორც რეპრესირებულის შვილისთვის რთული იყო.

  • მოულოდნელი წარმატება

გენიალურად შესრულებულმა მაგდანას როლმა მას დიდი სიხარული მოუტანა. ფილმის ეკრანზე გამოსვლიდან "ქართული კინოს დედა“ უწოდეს... ფილმმა კანის ფესტივალზე პრიზი მიიღო. სამწუხარო და სევდიანი კი ის იყო, რომ, საბჭოთა მთავრობამ უცხოეთში, კანის ფესტივალზე დაჯილდოებაზე რეპრესირებულის შვილი არ გაუშვა. არადა, ფესტივალზე გასამგზავრებლად თურმე საგანგებოდ ემზადებოდა - თურმე სამი კაბაც კი შეუკერავს. მის ნაცვლად ლეილა აბაშიძე წაუყვანიათ, რომელსაც ფილმში არც უთამაშია.

  • შეხვედრა ნატო ვაჩნაძესთან

"ერთხელ მამამ კინოში წამიყვანა და მაჩვენა ფილმი - "ვინ არის დამნაშავე?“... ეპიზოდმა, რომელშიც თავს იხრჩობს ნატო ვაჩნაძის გმირი, ძალიან ამაღელვა და ავტირდი. მამა იძულებული გახდა, გარეთ გავეყვანე, თან მამშვიდებდა, დუდუხან, ეს კინოა, კინო! ნატა ცოცხალია და კიდევ ბევრ ფილმში მიიღებს მონაწილეობასო!.. იმ დღიდან ნატა ჩემი კერპი გახდა. წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, როცა ჯერ კიდევ 15 წლისას მის სიახლოვეს ყოფნამ მომიწია - ჩემთვის ეს იყო პირველი ფილმი "უკანასკნელი მასკარადი“ (რეჟისორი - მიხეილ ჭიაურელი), სადაც ხევსური გოგონას ეპიზოდური როლი შევასრულე. ამის შემდეგ კინოკარიერაზეა აღარც ვფიქრობდი, იმიტომ კი არა, რომ აღარ მინდოდა, უბრალოდ, ვერ წარმომედგინა, რომ კიდევ დამიძახებდნენ... მაგრამ საოცრება მოხდა და დამიძახეს,“ - იხსენებდა წლების წინ გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ დუდუხანა წეროძე...

შემდეგ ისე მოხდა, რომ ის პირველი არტისტი აღმოჩნდა, ვინც ნატო ვაჩნაძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.

***

გენიალურია მისი როლები სხვა ქართულ ფილმებში: "დაკარგული სამოთხე“, "ჭირვეული მეზობლები“, "ჩვენი ეზო“, "მამლუქი“, "უდიპლომო სასიძო“, "თოჯინები იცინიან“, "მე ვხედავ მზეს“, "პირველ მერცხალი“ და კიდევ ბევრი. არაერთი წარმატებული როლის ფონზე დუდუხანას სამსახიობო განათლება არ ჰქონდა, კონსერვატორიის კურსდამთავრებული იყო, მაგრამ მისი კარიერა საოპერო მიმართულებით არ წასულა.

  • "უდიპლომო სასიძო“

ასევე ერთ-ერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი დუდუხანა წეროძემ ლევან ხოტივარის ფილმში "უდიპლომო სასიძო“ შექმნა. როგორც ვიცით, ფილმში ის უქნარა ბიჭიკოს დედა გახლდათ... სცენარი თავდაპირველად თურმე ასე იყო ჩაფიქრებული, - ვარდენს მეზობლის ქვრივი ქალი კესარია უყვარდა და მისი ცოლად შერთვა სურდა. სწორედ ამის გამო უშლიდა მეზობლის ბიჭის სიყვარულს.

როდესაც სურათი სპეციალურმა კომისიამ განიხილა, საშინლად გააპროტესტა, - საბჭოთა მოქალაქეს მეზობელი როგორ შეუყვარდაო?! ფილმიდან ბევრი კადრი ამოიჭრა, რეჟისორს ნამუშევრის გადაკეთება მოუხდა, მსახიობებს კი ასე ამხნევებდა, - "ისეთ კომედიას ვქმნით, რომ მაყურებელი მასზე კიდევ 50 წელი იცინებს“... ფაქტია, - რეჟისორის სიტყვები სიმართლე აღმოჩნდა.

***

დუდუხანა წეროძეს ხალხის სიყვარული მთელი ცხოვრება გაჰყვა და როგორც გასული საუკუნის ბოლოს "კვირის პალიტრისთვის“ მიცემული ინტერვიუდან ჩანს, მის ცხოვრებაში მომხდარი ამბების გახსენება სიამოვნებას და ღიმილსაც ჰგვრიდა. ასაკში კი მსახიობი შვილიშვილების აღზრდით იყო დაკავებული...

  • პირადი ამბები

მისი პირველი მეუღლე გივი ყიფიანი გახლდათ, ის ოპერის მომღერალი იყო. მათ ერთი შვილი - ბაადურ ყიფიანი ჰყავდათ, რომელიც მამის გზას გაჰყვა, ოპერის მომღერალი გახდა.

  • Ambebi.ge-სთან დუდუხანა წეროძის ოჯახის ისტორიას შვილიშვილი, ვასო აბაშიძის სახელობის "ახალი თეატრის“ მსახიობი სალომე ყიფიანი გვიყვება (ინტერვიუ ჩაწერილია გასული წლის 10 ნოემბერს. ქვეყანაში მიმდინარე ამბების გამო მისი მაშინვე გაშვება შეფერხდა):

სალომე ყიფიანი:

- ბებია უკვე 60 წლამდე იყო, როცა მე გავჩნდი, ამიტომ მისი აღიარებისა და დიდების წლებს არ მოვსწრებივარ... ბაბუა, გივი ყიფიანი გარდაცვლილი იყო. მას სცენაზე ყოფნა ბათუ კრავეიშვილთან და დავით გამრეკელთან ერთად უწევდა... ის, რაღაც ეტაპზე, მოსკოვში გადასახლდა, სადაც მეორე ოჯახი შექმნა - დუდუხანას13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდა.

დუდუხანა მეორედ გათხოვდა. მეუღლე შალვა მამალაძე, დამსახურებული მხატვარი იყო.

სალომე ყიფიანი

პატარა რომ ვიყავი, მე, დედა და მამა ბებიისგან ცალკე ვცხოვრობდით, რადგან დუდუხანამ ჩემს ახალდაოჯახებულ მშობლებს, კინომსახიობთა სახლში ბინა აჩუქა. თუმცა სანამ ახალ სახლში ცალკე გადავიდოდით, მასთან, სპორტის სასახლესთან ვცხოვრობდით. ჩემს გაზრდაში აქტიურად იყო ჩართული - დედაჩემს ეხმარებოდა. მერე კი მასთან სტუმრად მივდიოდი, ვგიჟდებოდი იქ მისვლაზე, რადგან თბილი ადამიანი იყო... მგალობელი ჩიტები ჰყავდა. პატარაობაში მათკენ მუდმივად ვიწევდი და ერთხელაც, ოთახში მარტოდ დარჩენილმა, გალია გამოვაღე. მეგონა, ჩიტს ხელში ავიყვანდი და გამოფრინდა... ბებიაჩემს რომ არ გაეგო, ოთახის კარი მივკეტე, რაღაც ნაჭერი ვესროლე, იმით დავიჭირე და გალიაში უკან შევსვი... დუდუხანა ოთახში რომ შემოვიდა, - ვაიმე, ჩიტს რა დაემართაო? რომ მეგონა, უმტკივნეულოდ მოვახერხე მისი დაჭერა და გალიაში შესმა, უნებლიედ მომიგუდავს... მერე მომერიდა - სიმართლე ვერ ვუთხარი...

- მამა საოპერო კარიერას გაჰყვა?

- მამა საკმაოდ კარგად მღეროდა. სხვათა შორის, "მხიარულ რომანში“ ერთი ეპიზოდი აქვს. იპოლიტე ხვიჩია დარბაზში რომ შედის და სცენაზე სტუდენტი მღერის - "არ ეძინა მას, არ მეძინა მე,“ - ის მამაჩემია... მან კარიერა შემდეგ მაშინდელ მუსკომედიაში განაგრძო... ბოლოს თეატრიდან ფილარმონიაში გადავიდა, ორკესტრის "რერო“ ადმინისტრაციაში იყო და თვეობით გასტროლებზე უწევდა ყოფნა...

მოკლედ, მუსიკა, თეატრი, ოპერა, მუსკომედია ყველას გენეტიკურად მოგვყვება... დუდუხანასაც ხომ კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული. მეც კონსერვატორია დავამთავრე.

თუკი ჩვენი ოჯახის წევრების კარიერას კიდევ ერთხელ გადავხედავთ და პარალელებს გავავლებთ, ამისთვის ასეთ ამბავს მოგიყვებით:

დუდუხანას მამა რომ დაუხვრიტეს, უმამოდ დარჩენილი ბავშვების ცხოვრებაში დეიდამ, მარიამ გარიყულმა დიდი როლი ითამაშა - და და დისშვილები გურიაში შეიფარა. მარიამ გარიყული ცნობილი მწერალი იყო. ასევე "სახალხო თეატრის“ მსახიობი ჯერ ქუთაისში ლადო მესხიშვილთან, მერე - მუსკომედიაში მოღვაწეობდა. სცენაზე ვასო აბაშიძის პირველი პარტნიორიც ყოფილა. ვის თეატრშიც მერე ჯერ მისი დისშვილიშვილი მოღვაწეობდა და, სადაც მერე მეც მოვხვდი... ოპერის მიმართულებით კარიერის გაგრძელების სურვილი დუდუხანასაც ჰქონდა, მაგრამ ის კინომ მეტად გაიტაცა. სამაგიეროდ, როგორც ვთქვი, იქ ჯერ მისი მეუღლე, მერე მამაჩემი მღეროდნენ. ახლა კი ამ გზაზე კოტე, ჩემი ძმისშვილი წავიდა. კონსტანტინე ყიფიანი ოპერაში წარმატებული ბიჭია...

- ბებია ცოცხალი რომ იყოს, რა კითხვას დაუსვამდით?

- უამრავ კითხვას, რადგან მეც ხომ პარალელურ პროფესიას მივყვები. ამის გამო ალბათ მეტი კვეთა გვექნებოდა. რჩევებს მისგან სიამოვნებით მივიღებდი. 25 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა, მაგრამ ახალგაზრდა რომ ხარ, ეტყობა, ამდენს არ ფიქრობ... რატომღაც ის წლები ამ კუთხით სათანადოდ ვერ გამოვიყენე. ვნანობ, რომ მასთან აქტიურად არ ვსაუბრობდი. ძალიან თბილი ქალბატონი იყო, ამას ბევრი აღნიშნავს.

- მეორე მეუღლესთან რამდენი შვილი შეეძინა?

- ერთი ვაჟი, რომელსაც ბევრი შვილი ჰყავდა. ირაკლი მამალაძე, ბევრად უფროსი იყო დუდუხანაზე. ისინი ბოლომდე ერთად იყვნენ. ის ადამიანი დიდუბის პანთეონში დაიკრძალა, შემდეგ კი მის გვერდით 2000 წელს დუდუხანა წეროძე დაკრძალეს...

- ბებიას სახელი კარიერის მანძილზე თუ დაგეხმარათ?

- არასოდეს, არსად მითქვამს, რომ მისი შვილიშვილი ვიყავი, ზოგიერთმა ჩემმა თანამშრომელმა ცოტა ხნის წინ სტატუსი რომ დავწერე, პირველად მაშინ გაიგო. მისი კინოროლების ყურებისას დიდი სიამაყის გრძნობა მქონდა და ახლაც მაქვს, რომ მისი გენის გაგრძელება და მისი შთამომავალი ვარ, დუდუხანას პატარა ნაწილი. საოცარი განცდაა, იმის შეგრძნება, რომ ის ჩემი წინაპარია.

- წლებია ერთ-ერთი პოპულარული თეატრის, ვასო აბაშიძის სახელობის "ახალი თეატრის“ მსახიობი ხართ. არაერთ პოპულარულ სპექტაკლში მონაწილეობთ...

- მართალია, მისნაირად ისეთ მწვერვალებს ვერ მივაღწიე, მაგრამ ვფიქრობ, არც თავი შემირცხვენია... ამ თეატრში 15 წლის ასაკიდან ვარ, უკვე 35 წელია. თეატრი ჩემთვის ყველაფერია, იმ მუსკომედიას მოვესწარი, როცა იქ მამაჩემი მღეროდა, დედა - ინგა ასათიანი კი პიანისტი იყო. დედა კონსერვატორიასა და "თეატრალურშიც“ მუშაობდა. კონცერტმეისტერი გახლდათ და მსახიობებს პარტიებს ასწავლიდა. ის რომ დედაჩემი და მამაჩემი ერთად მუშაობდნენ - ეს ტრადიცია ჩემზეც გადმოვიდა. დღეს მე და ჩემი მეუღლე - გიორგი ყველაშვილი ამ თეატრის მსახიობები ვართ - ერთად ვმუშაობთ... მოკლედ, თეატრი ასე მოვიდა ჩემთან და მე თეატრის შვილობილად ვიწოდები, "მუსკომედიაში“ გავიზარდე. ძველი წლები ტკბილ მოგონებებთან არის დაკავშირებული. ძველ თეატრს თუ გავიხსენებთ, ყველა სპექტაკლზე ცოცხალი ორკესტრი მუშაობდა და ვარსკვლავცვენა იყო...

- შვილებზეც გვესაუბრეთ...

- მე და გიორგის ერთი საერთო შვილი გვყავს - 17 წლის გოგონა. პირველ ქორწინებიდან კი უფროსი გოგონა მყავს. მოკლედ, ჩვენთან ამ მხრივაც არ დაირღვა მეორე ქორწინების ტრადიცია - ბებია, ბაბუა, მამა და მეც (იღიმის)... ჩემი უფროსი შვილი გათხოვილია და გვყავს წლინახევრის ბიჭუნა და ყველანი ერთად ასე მივყვებით ცხოვრების დინებას.

სალომე ყიფიანი შვილებთან ერთად