ჰამლეტ გონაშვილის ოჯახს პირველად წლების წინ ვესტუმრე და ბატონი ჰამლეტის ოჯახიც მის მეუღლესთან და უმცროს ვაჟთან, გიორგისთან ინტერვიუთი გავიცანი. მაშინდელი სტუმრობისას აღმოჩნდა, რომ გიორგის მეუღლე თინათინი წარმოშობით სვანეთის ლატალიდან იყო და თანაც - ჩემი იქაური მეგობრების ახლო ნათესავი.
მახსოვს, გიორგის უფროსი შვილი - იოანე ძალიან პატარა იყო, მგონი, არც ლაპარაკობდა. წლების მერე კი ნინაც დაიბადა და ცოტა ხნის წინ 3 წლის გოგონას ანსამბლ "შავნაბადას“ ბიჭებთან ერთად არაჩვეულებრივად ნამღერი - "სისონაი დარჩიაი“ მთელმა საქართველომ სატელევიზიო სიუჟეტში იხილა და მოისმინა. გადავწყვიტე, კვლავ შევხმიანებოდი გონაშვილებს და ამჯერად ნინა და იოანე გამეცნო. მართალია, ინტერვიუ ვიდეოზარით ჩავწერეთ, მაგრამ ამას არც პატარა ნინა დაუბნევია და არც უკვე 8 წლის იოანე.
ვერც წარმოვიდგენდი, რომ იოანე სხვანაირი იქნებოდა - ლამაზი ბიჭია, საკმაოდ სერიოზული და ახლავე ეტყობა, რომ ბატონი ჰამლეტის ჭეშმარიტად ღირსეული შვილიშვილია. მართალია, ბაბუს ვერ მოესწრო, მაგრამ ლამარა ბებოსგან მასზე უკვე ბევრი რამ იცის. ბებო, თურმე, უყვება, რომ ჰამლეტი ბაბუ ძალიან დაკუნთული იყო, სულ ვარჯიშობდა და ძალიან გულკეთილი ადამიანი იყოო. ვკითხე, ბაბუ რომ იყოს ცოცხალი, გიფიქრია, როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება-მეთქი და წამში მიპასუხა, მიფიქრია - როგორ ვიმღერებდით ერთად, როგორ ვითამაშებდით, ვისეირნებდით და... სულ ერთად ვიქნებოდითო.
რაც მთავარია, იოანეც მღერის, თანაც ჩემი მეგობრის, დათო ცინცაძის შექმნილ ბავშვთა გუნდ "შავნაბადაში“. მითხრა, 6 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ მეც მინდოდა, მემღერა. ბაბუს სიმღერებს პატარაობიდან ვუსმენდი. ჩემთვის ის კეთილი და მომღერალი ადამიანი იყო, ვარსკვლავი. მისი სიმღერებიდან განსაკუთრებით "ჩაკრულო“ და "თუ ასე ტურფა იყავი“ მომწონს. სიმღერის გარდა, კარატეზე და ფეხბურთზეც დავდივარ. მშობლებმაც და მასწავლებლებმაც მითხრეს და მეც ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგად ეს სამი რამ გამომდის, სამივე ერთნაირად მიყვარს. ვფიქრობ, როცა გავიზრდები, ფეხბურთელი, მომღერალი და კარატისტი გამოვალო.
ნინა ძალიან ლამაზი, ხალისიანი, ჭიკჭიკა გოგონაა და, ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ მიუხედავად პატარა ასაკისა, შესანიშნავი მუსიკალური სმენა აქვს. მოუსვენარი ნინა თან კანფეტს შეექცეოდა და თან მესაუბრებოდა. გამომიტყდა, რომ სიმღერა ძალიან უყვარს და "შავნაბადაში“ ლუკა და ონისე ამეცადინებენ. არ დაიზარა და იქვე თავიდან ბოლომდე აკომპანემენტის გარეშე, აკაპელაში უშეცდომოდ შემისრულა "სისონაი დარჩიაი“. როდესაც ჩავეკითხე, ასეთი ტკბილი ხმა საიდან ამოგდის-მეთქი, უყოყმანოდ მიპასუხა, - კარგად ვჭამ და იმიტომო. აღმოჩნდა, რომ საჭმელებიდან ყველაზე მეტად, თურმე, უყვარს: პიცა, ხორცი, "სუპი“, რძე, ბანანი, ხინკალი... ჩავეკითხე, რამდენ ხინკალს მიირთმევ-მეთქი და, - 2-3 ხინკალსო. თუმცა გამოტყდა, რომ ხინკლის ცომი და წვენი უფრო მეტად უყვარს, ვიდრე - ხორცი.
ნინამ უკვე ყველა სიმღერა იცის, რასაც იოანე მღერის და და-ძმა შინ ერთადაც ხშირად მღერიან. ამ ჭიკჭიკა გოგონამ მითხრა, რომ მასწავლებლები ეუბნებიან, ყოჩაღი გოგო ხარო, ამიტომ გადაწყვიტა, - რომ გავიზრდები, მომღერალი, მოცეკვავე და "პოლეტური" გამოვალო. იქვე ჩავეკითხე, "პოლეტური“ რას ნიშნავს-მეთქი და აღმოჩნდა, რომ ბალერინას გულისხმობდა.
მახსოვს, როდესაც გონაშვილების ოჯახი გავიცანი და ბატონი ჰამლეტის მეუღლეს, ქალბატონ ლამარა ცინცაბაძეს ვესაუბრებოდი, უმცროსი ვაჟი - გიორგი, კარგა ხანს დუმდა, თუმცა მერე მაინც ჩაერთო საუბარში და მითხრა, მამა რომ გარდაიცვალა, მე 10 წლის ვიყავი, დიმიტრი კი - 12-ის. მე რომ დავიბადე, ის უკვე ლეგენდა იყო. მაშინ ამას ვერაფრით გავიგებდი. ჩემთვის ისევე საუკეთესო იყო მამაჩემი, როგორც ნებისმიერი ბავშვისთვის, და არა იმიტომ, რომ მას განსაკუთრებული ხმის ტემბრი ჰქონდა. ჰამლეტ გონაშვილი - ლეგენდა კი მოგვიანებით აღმოვაჩინე, როცა გავიზარდე და საკუთარი სამეგობრო გამიჩნდა, როცა "მართვეში“ ვმღეროდი და სიმღერა შემიყვარდა, როცა მამას ნამღერი მოვისმინე და უცებ მისი სილამაზე დავინახეო.
მუსიკალური ათწლედი ორივე შვილმა დაამთავრა და ქალბატონი ლამარას თქმით, ორივე კარგად მღერის, მაგრამ... ორივე ამბობს, იმდენი სინდისი კი გაგვაჩნია, მამას შემდეგ არ ავმღერდეთო. დიტოს ორი ვაჟი ჰყავს, ჰამლეტი-დაჩი და ჯემალი და ქალბატონი ლამარასგან ვიცი, არცერთი არ მღერის, გიორგის იოანე კი, მუცელში ყოფნიდან მოყოლებული, ისე ხშირად ისმენდა, თურმე, ბატონი ჰამლეტის სიმღერებს, განსაკუთრებით - "დაიგვიანეს“, რომ იმედოვნებდა, ამღერდებაო... და ასეც მოხდა!
იოანემ გამიმხილა, რომ ბავშვები მამასთან ერთადაც მღერიან შინ და დედიკოსთან ერთადაც. დედას, თურმე, განსაკუთრებით "დილა არის მშვენიერი უყვარს“. თინათინმა გაიხსენა, რომ ერთი წლის წინ, მანქანით მგზავრობისას, გიორგი და ნინა მღეროდნენ და უცებ ნინამ თქვა, იცით, ჰამლეტი ბაბუ დამესიზმრაო. გიორგი ჩაეკითხა, მერე, რას შვრებოდით სიზმარშიო? - მე და ბაბუ ვმღეროდითო, - უპასუხა, თურმე, ნინამ. ამჯერად მე ჩავეკითხე ნინას, გახსოვს, სიზმარში ბაბუ როგორი იყო-თქო და წამით არ დაფიქრებულა, ისე მომიგო: კეთილიო. მერე დააყოლა, - ვითომ ჩახუტებულები ვიყავით და ბაბუ სიმღერას მასწავლიდაო.
ძალიან მინდოდა, ქალბატონი ლამარა ცინცაბაძეც ჩამეწერა, მაგრამ ავადმყოფობდა და მომერიდა მისი შეწუხება, თუმცა თინათინმა შემაგულიანა, ისეთი გახარებულია, ბავშვები რომ მღერიან, პირიქით, გაუხარდებაო. ფაქტია, რომ ბატონი ჰამლეტის უძვირფასესი მეუღლე - ლამარა ცინცაბაძე, მართლაც, უყოყმანოდ დამთანხმდა ვიდეოინტერვიუზე და ცრემლმორეულმა მითხრა:
- ეს პატარები რომ მღერიან, ჩემთვის სიხარულის და ბედნიერების მწვერვალია. მუდამ განვიცდიდი, შვილები რომ არ მღეროდნენ. უფროსი ვაჟი - დიმიტრი ადრე გამოვიდა "მართვედან“, უმცროსმა - გიორგიმ კი განაცხადა, რომ იმდენი სინდისი კი მაქვს, ჰამლეტის სცენაზე არ გამოვიდეო. და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შვილიშვილები მაინც ამღერდნენ. პატარა ნინას "ჭიკჭიკას“ ვეძახი. - სულ ჭიკჭიკებს, სულ მღერის, სულ ცეკვავს და ამას რომ ვუყურებ, თითქოს, ცა იხსნება ჩემთვის. იოანე კი დინჯი კახელია, ბაბუას ჰგავს. აქამდე ჰამლეტს ვუწყობდი ხმას, ახლა კი ამათ ვუსმენ, სიამოვნებით. 91 წლის ვარ და ბედნიერი მივდივარ ამ ქვეყნიდან, ორ მომღერალს რომ ვტოვებ.