ავტორი:

გარდაიცვალა ქალი, რომელმაც 80 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა იმისთვის, რომ ქმრის კატას დამსგავსებოდა - "ქალი კატას" ტრაგიკული ბედი

გარდაიცვალა ქალი, რომელმაც 80 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა იმისთვის, რომ ქმრის კატას დამსგავსებოდა - "ქალი კატას" ტრაგიკული ბედი

შვეიცარიელი ჯოსელინ ვილდენშტეინი, რომელიც ცნობილი იყო მეტსახელად "კატა-ქალი“, გარდაიცვალა. ვარსკვლავი 31 დეკემბერს, სამშაბათს, 84 წლის ასაკში გამოეთხოვა ცხოვრებას.

როგორც Daily Mail წერს, სამწუხარო ამბავი მეგობარმა მამაკაცმა, დიზაინერმა ლოიდ კლაინმა გაავრცელა. მისი თქმით, ჯოსელინის სიცოცხლე ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიამ შეიწირა. ვილდენშტეინი საკუთარ პარიზულ მამულში მშვიდად გარდაიცვალა ძილში.

ჯოსელინი მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა თავისი გარეგნობით, რომელიც მან კარდინალურად შეცვალა. სიცოცხლეში მან დაახლოებით 80 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და მილიონობით დოლარი დახარჯა, რის შედეგადაც მისი სახე სრულიად შეიცვალა.

მილიარდერად ქცეული ჯოსელინი ჩვეულებრივი შვეიცარიული ოჯახიდან იყო. მისი ცხოვრება 1977 წელს შეიცვალა, როდესაც იგი ამერიკელ მილიარდერს, ალეკ ნ. ვილდენშტეინს, შეხვდა და შემდეგ ცოლად გაჰყვა. ალეკი ცნობილი ხელოვნების დილერისა და ცხენების მომშენებლების ექსპერტის, დანიელ ვილდენშტეინის ვაჟი იყო, ხოლო მათი ოჯახი Wildenstein & Co-ს ხელმძღვანელობდა.

გარკვეული დროის შემდეგ, ჯოსელინმა იგრძნო, რომ მის მიმართ ქმარმა ინტერესი დაკარგა. ამის გამო გადაწყვიტა მის დიდ კატას დამსგავსებოდა, რომელსაც ალეკი აღმერთებდა. მას განსაკუთრებით უყვარდა ვეფხვები და ლომები, საკუთარ მამულში ფოცხვერიც კი ჰყავდა. პირველი ოპერაციის შემდეგ, ჯოსელინმა გაჩერება ვეღარ შეძლო და 80-ზე მეტჯერ მიმართა პლასტიკურ ქირურგიას, რაც საერთო ჯამში 4 მილიონ დოლარზე მეტი დაუჯდა. თუმცა, ამან მისი ქორწინება ვერ გადაარჩინა.

2000 წელს წყვილმა განქორწინების შესახებ განაცხადა. ალეკ ნ. ვილდენშტეინი ამბობდა, რომ გაყრის მიზეზი "კატა-ქალის“ ზედმეტი ხარჯები გახდა კოსმეტიკურ პროცედურებზე, მაშინ როდესაც თავად ჯოსელინი ქმრის ღალატს ასახელებდა მიზეზად. ჯოსელინი უარყოფდა, რომ შეიცვალა გარეგნობა, თუმცა მისი ახალგაზრდობის ფოტოებიდან აშკარად სხვა ქალი გვიყურებს.

"მე პლასტიკური ოპერაციები არ ჩამიტარებია, ამისი მეშინია. ბოტოქსიც არ მიყვარს. მხოლოდ ორჯერ გავიკეთე ბოტოქსი, თუმცა შედეგმა ვერ დამაკმაყოფილა. სახე დამისივდა,“ – ამბობდა ჯოსელინი ერთ-ერთ ინტერვიუში.

2003 წელს ჯოსელინმა რომანი გააბა დიზაინერ ლოიდ კლაინთან. მათი ურთიერთობა სკანდალური იყო: წყვილი ხშირად შორდებოდა და კვლავ რიგდებოდა. 2016 წელს მათ შორის სერიოზული კონფლიქტი მოხდა, რა დროსაც ჯოსელინმა კლაინს სახე მაკრატლით დაუზიანა, რის გამოც ის დააკავეს. რამდენიმე დღეში კლაინიც დააპატიმრეს – მას ბრალი წაუყენეს ძარცვასა და თავდასხმაში, როცა ჯოსელინის ბინიდან თავისი ნივთების გატანას ცდილობდა. მიუხედავად ყველაფრისა, წყვილმა ურთიერთობა ისევ განაახლა.