წიგნის კითხვა თავისთავად განსაკუთრებული გამოცდილებაა, რომელიც სამყაროს ახალი კუთხით დანახვის შესაძლებლობას გაძლევს, მაგრამ როცა ამ გამოცდილებას საუკეთესო მეგობარს უზიარებ, კითხვის პროცესი კიდევ უფრო ღრმავდება და საინტერესო ხდება.
მეგობართან ერთად წიგნების კითხვა და მათზე მსჯელობა მხოლოდ გართობა არაა. პერსონაჟების, სიუჟეტების თუ იდეების შესახებ განხილვა ახალ თემებს აჩენს საუბრისთვის. მეგობართან გაზიარებული ემოციები, შეხედულებები და აზრები ხშირად არამარტო წიგნით მიღებულ შთაბეჭდილებებს ზრდის, არამედ მეგობრობაც ახალ დონეზე აჰყავს.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 6 წიგნს, რომელიც საუკეთესო მეგობართან ერთად უნდა წაიკითხოთ. თითოეული მათგანი საინტერესო თემებითა და ემოციებითაა დატვირთული.
„ქალი“, ანი ერნო
რა აშორებს და აკავშირებს დედებსა და ქალიშვილებს? რა არის მათ შორის ყველაზე ფაქიზი და, იმავდროულად, უმტკიცესი კავშირის საფუძველი? რა იცვლება მათ ურთიერთობაში გზადაგზა, ბავშვობიდან ხანდაზმულობამდე? რას აღმოვაჩენთ, როცა უკან გავიხედავთ და ვეცდებით, თავიდან დავინახოთ და ვიგრძნოთ უკვე ნანახი და განცდილი ამბები? ანი ერნოს დედა სიცოცხლის უკანასკნელი ორი წელი ალცჰაიმერით იყო დაავადებული. „ქალი“ მისი ამბავია _ ამაფორიაქებელი და ღრმად ემოციური ამბავი დედებსა და შვილებზე, ახალგაზრდობასა და სიბერეზე, ხსოვნასა და დავიწყებაზე. ამ ამბის მოყოლა მწერლისთვის აღმოჩნდა გზა, თვითონ „ემშობიარა“ დედა _ ეპოვა ის, ვინც შეაკავშირებდა ამ ყველაფერს, ეპოვა ქალი თავის დედაში.
„მანიფესტი“, ბერნარდინ ევარისტო
ბერნარდინ ევარისტო ბუკერის პრემიის ნახევარსაუკუნოვან ისტორიაში პირველი შავკანიანი მწერალია, რომელსაც ეს უმნიშვნელოვანესი პრემია მიენიჭა. გზა დამამცირებელი, რასისტული გარემოს მსხვერპლიდან მსოფლიოში აღიარებულ მწერლამდე მან გაიარა შეუპოვრად, თამამად და უკომპრომისოდ და სწორედ ასეთ მწერლად შევიდა ისტორიაშიც. წიგნის ქვესათაური „რომ არასდროს დავნებდეთ“ ზუსტად ასახავს ევა რისტოს ცხოვრების ბუნებას. რასიზმით გაჟღენთილ გარემოში გატარებული ბავშვობიდან დაწყებული, ცნობისმოყვარე, მოუსვენარმა და ყველასგან განსხვავებულმა გოგონამ დამოუკიდებლად გაიკვალა ყველა გზა, შეხვდა უამრავ ადამიანს, მიიღო აურაცხელი იმედგაცრუება, ბევრჯერ განიცადა შიში, ბრაზი, შეურაცხყოფა, მაგრამ არასდროს შეჰპარვია უიმედობა, ყოველთვის სჯეროდა, რომ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ მილიონობით თავისნაირის წინაშე და ჯიუტად აგრძელებდა გზას. მრავალფეროვანი ცხოვრებისეული და შემოქმედებითი გამოცდილებით გამდიდრებული მწერალი ჰყვება თავის ცხოვრებაზე, ამ პრიზმაში აქცევს ხელოვნების, რასის, შემოქმედებითობის, ფემინიზმის, სექსუალობის საკითხებსაც და, რაც მთავარია, ამას აკეთებს უშიშრად, შეულამაზებლად და ზოგჯერ შოკის მომგვრელი გულახდილობით.
„პენელოპიადა“, მარგარეტ ეტვუდი
„პენელოპიადა" უძველესი მითის ახლებურად გააზრებას გვთავაზობს, ვითარებას, როცა საზოგადოებაში ძალაუფლება მამაკაცს ეკუთვნის მარგა რეტ ეტვუდის ვერსიაში ოდისევსის ყოლის ამბავი სულ სხვაგვარად წამო- გვიდგება. ეს წიგნი გარდაცვლილი პენელოპეს დღიუნია ჰადესიდან. მთავარი გმირი გვიამბობს თავისი ბავშვობის შემდეგ კი ქორწინების ამბავს, აღგვიწერს ლეგენდარულ ოდისევსს არა ჰომეროსის, არამედ თავისი ქალის თვალით გაცნობილს, როგორ ელოდა ოცი წლის განმავლობაში მეუღლეს. რამდენი რამ გადაიტანა. ეს არის ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟებისა და რადიების სრულიად სხვაგვარად გააზრება და მკითხველის გადასაწყვეტია, გაიზიარებს თუ არა მას.
„გულის ძვლები“, კოლინ ჰუვერი
კოლინ ჰუვერს, პრემია Goodreads Choice Award-ის სამგზის მფლობელს ნომინაციაში „რომანი სიყვარულზე“, ჩვენი დროების ლიტერატურულ ფენომენს უწოდებენ. ის უკვე მსოფლიო ტრენდია. „გულის ძვლებიც“ საყვარელი მწერლის თაყვანისმცემელთა დიდი ხნის ნანატრი რომანია. ბეია გრიმი კარგად თამაშობს ფრენბურთს. სწორედ ამის წყალობით მოიპოვა სტიპენდია უნივერსიტეტში. სწავლის დაწყებამდე წინ ზაფხული და არაერთი სიახლეა, სამწუხარო თუ გასახარი: დედის სიკვდილი, მამის ლამის თავიდან გაცნობა და სიმპათიურ, მაგრამ გულჩათხრობილ ბიჭთან შეხვედრა. ორივეს, ბეიასაც და სამსონსაც, მძიმე ბავშვობა ჰქონდა, არც ახლა არიან უდარდელად და ამიტომაც ერთმანეთთან ყოფნა მათთვის დიდი შვებაა, მაგრამ ბობოქარი ზაფხული საცაა გაილევა და რა ელის შეყვარებულებს, როგორ წარიმართება მათი ცხოვრება?! _ ამას ამ საინტერესო წიგნში შეიტყობთ.
„მძიმე დროება“, ჩარლზ დიკენსი
ჩარლზ დიკენსის შემოქმედება, როგორც კრიტიკული რეალიზმის ბრწყინვალე ფურცელი, ეპოქალურია ინგლისური ლიტერატურის ისტორიისთვის და, იმავდროულად, უმნიშვნელოვანესი მემკვიდრეობაა მსოფლიო ლიტერატურისთვის. მწერალმა „მძიმე დროება“ 1854 წელს გამოაქვეყნა. მასში წარმოჩენილია ინდუსტრიალიზაციისა და უტილიტარიზმის გავლენებით მოცული ვიქტორიანული ინგლისის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს პიროვნების ბედზე, მისი მსოფლმხედველობის ფორმირებაზე, საზოგადოებაში სტერეოტიპების დამკვიდრება-განმტკიცებაზე, დადგენილი წესების მნიშვნელობასა და თავისუფლების არსის გაგებაზე. ამბავი ხდება ქალაქში, „სადაც ფაქტს ისე ეთაყვანებოდნენ, როგორც სიწმინდეს, სადაც ფაქტი განუკითხავად ზეიმობდა და ბატონობდა. იტყვით, წესით, ასეთი ქალაქი კეთილდღეობის განსახიერება უნდა ყოფილიყოო, არა? რა გითხრათ... ალბათ ძალიან გაიოცებთ, მაგრამ არც მთლად ასე იყო საქმე.
„მისი გახსენება“, კოლინ ჰუვერი
ციხეში ხუთი წლის გატარების შემდეგ კენა როუენი ბრუნდება ქალაქში, სადაც საყვარელი ადამიანი დაკარგა უნებლიე, მაგრამ ტრაგიკული შეცდომის გამო; ბრუნდება იმ იმედით, რომ წართმეულ ქალიშვილს დაიბრუნებს... თუმცა ხიდი დამწვარია და თითქოს აღდგენა შეუძლებელია. ერთადერთი ადამიანი, ვინც კარი არ მიუხურა, ლეჯერ უორდია, რომელიც მეგობრის დაღუპვის შემდეგ მის გოგონას მამის მაგივრობას უწევს. მიუხედავად დიდი დაბრკოლებისა, მათი სიყვარული დღითი დღე ძლიერდება. კენამ აუცილებლად უნდა გამონახოს წარსული შეცდომის გამოსასწორებლად გზა, რათა შეიქმნას მომავალი, სავსე იმედითა და მიტევებით.
R