ავტორი:

საქპატენტმა “თოვლის ბაბუა“ ინტელექტუალურ საკუთრებად დაარეგისტრირა

საქპატენტმა “თოვლის ბაბუა“ ინტელექტუალურ საკუთრებად დაარეგისტრირა

საქპატენტმა “თოვლის ბაბუა“ ინტელექტუალურ საკუთრებად დაარეგისტრირა. ამის შესახებ ინფორმაციას საქპატენტი ავრცელებს.

“ყოველწლიურად მილიარდობით ადამიანი მთელს მსოფლიოში, ახალ წელთან ერთად, მოუთმენლად ელის თოვლის ბაბუასა თუ სანტა კლაუსს, უამრავი ადამიანი მისი სახელით იღებს საჩუქრებს, რასაც სიხარული, ბედნიერება და მომავლის, ახალი წლის იმედი მოაქვს. და მაინც, ასეთი თვალსაჩინოების, უთვალავი საჩუქრისა და ამაღელვებელი ემოციების მიუხედავად, აგერ უკვე ას წელზე მეტია დაჟინებით ვამტკიცებთ, რომ ის არ არსებობს, თუმცა ყოველ წელს ჯიუტად ველოდებით მისგან საჩუქრებს. უდავოდ ადამიანური მიდგომაა.

სინამდვილეში თოვლის ბაბუა ადამიანებში სიკეთის კეთების მარადიული და დაუძლეველი სურვილის მტკიცებულება და ამ სიკეთის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც ჭეშმარიტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, როგორც კაცობრიობის ინტელექტუალური შემოქმედების ბრწყინვალე ნიმუში, სიკეთის კეთების სადღესასწაულო გზა და ფორმა. არა მხოლოდ ჩვენთან, საქართველოში, არამედ მთელ სამყაროში ყველაფერს კარგს სჭირდება დაცვა, მოვლა და პატრონობა. მხოლოდ უფალს ყოვლისშემძლესა და ყველას მფარველს არ სჭირდება დაცვა, აი ადამიანებში ღმერთის რწმენას, როგორც სიკეთის, სიყვარულისა და იმედის უშრეტ წყაროს მუდმივად უნდა გაფრთხილება.

  • სწორედ ამიტომ, “თოვლის ბაბუა“, როგორც საქართველოს ინტელექტუალური საკუთრება, საქპატენტში იქნება დაცული.

ინტელექტია ადამიანებისათვის ის ღვთიური ნაპერწკალი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი მიზანი თუ სანუკვარი ოცნება რეალობად აქციოს. სარწმუნოა, რომ გონიერ და მშრომელ ადამიანს, ინტელექტის სწორად გამოყენების შემთხვევაში, თავისი სურვილების ასრულებასთან მხოლოდ დრო აშორებს. უნდა გვჯეროდეს, რომ ოცნებების ასრულების საათი სწორედ ახალი წლის ღამეს, თოვლის ბაბუის მოსვლასთან ერთად აწიკწიკდება და აუცილებლად გვამცნობს ოცნებების ასრულების დროს“,-აღნიშნულია საქპატენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.