საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს.
"მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მომიტინგეებს.ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში - 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები.
მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
დღემდე, აი, ამ წუთამდე დრო იყო მიცემული. ეს არ იყო ულტიმატუმი, მაგრამ დრო იყო მიცემული იმისთვის, რომ მოსულიყვნენ ან "ოცნების“ წარმომადგენლები ან თვით ბიძინა ივანიშვილი იმისთვის, რომ მოგვეძებნა ამ ღრმა კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი. ან შეთანხმება ახლა, თავისუფალ, ნამდვილ არჩევნებზე", - აღნიშნა ზურაბიშვილმა."ეს იყო ჩემი მოწოდება, ჩემი შეთავაზება იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი, როცა ქვეყანაზე ფიქრობ და როცა ქვეყანა გინდა. აქ არავინ მოსულა, თქვენც ხედავთ. პასუხი ამ შეთავაზებაზე, არ იყო. პასუხი იყო მუქარა ჩემს მიმართ, რაც უშედეგო არის. პასუხი იყო ცინიზმი თქვენს მიმართ, რასაც არანაირი შედეგი არასდროს ექნება. პასუხი იყო რეპრესიები, ძალადობა, პასუხი იყო რეალურად ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ. პასუხი არის დღეს ის პაროდია, რომელიც ამ წუთებში პარლამენტში ხდება. ეს არის ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს ასეთი პაროდიები არ ეკადრება. იმიტომ, რომ იქ არის პაროდია, ამიტომ არის აქ განსხვავებული 2 სურათი. იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული არავისგან, სანქცირებულნი და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალი, ლაღი, ძალიან მშვიდი. ჩვენთან ერთად არის სიმართლე იმიტომ, რომ ჩვენთან ერთად არის ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან ერთად არის, რაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს-ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
“საჭიროა, რომ ვებრძოლოთ რეპრესიულ სისტემას - ეს ნიშნავს იმ ფონდების გაძლიერებას, რომლებიც ემსახურებიან ადამიანებს, რომლებიც არიან დღეს დაჭერილი და რომლებიც ასევე იხდიან ჯარიმებს. ამ ყველაფერში უნდა შევეხიდოთ და ვიცი, რომ არსებობს რამდენიმე ასეთი ფონდი. ეს არის ჩვენი ყველას მოვალეობა, რომ ვიყოთ სოლიდარულები მათ მიმართ, ვინც არიან დღეს გისოსებს მიღმა და მალე გამოვლენ, ვინც დღეს არის გათავისუფლებული საჯარო სამსახურებიდან - ისინი არიან ჩვენი საზოგადოების ყველაზე საჭირო ნაწილი იმიტომ, რომ სახელმწიფო მათზეა დამოკიდებული და ხვალინდელი სახელმწიფო მათზე იქნება აშენებული და ვინც დღეს მათ ათავისუფლებს, მან არ იცის, რა საგანძურს ტოვებს გარეთ. იცის, რომ ესენი არიან თავისუფალი ადამიანები, რომ გააპროტესტეს, რომ არ ეშინოდათ და ჰგონიათ, რომ ასეთი ადამიანები არ სჭირდებათ და ამ ადამიანების ეშინიათ. ეშინოდეთ, მაგრამ ეს ადამიანები არიან და იქნებიან თავისუფალნი და ხვალ შეიქმნიან ჩვენი სახელმწიფოს ძალიან ღირსეულ საჯარო სამსახურს.
ამ ყველაფერს სჭირდება იურიდიული დახმარება, იურისტები, ადვოკატები - ისინიც არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი, ჩვენი მოქალაქეებისადმი სოლიდარულები და მათაც უნდა დავეხმაროთ, რომ მათი პასუხისმგებლობა ბოლომდე შეასრულონ და ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი ერთად და ერთად გავაკეთოთ ეს საქმე”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
"უნდა დავიცვათ თავისუფალი მედია იმიტომ, რომ თავისუფალი მედიის გარეშე არც თავისუფალი არჩევნები იქნება, არც თავისუფალი საზოგადოება. ინფორმაცია და თავისუფალი ინფორმაცია არის დემოკრატიული ქვეყნის აუცილებელი ნაწილი, ამიტომ ეს ჩვენი ყველას ვალდებულებაა და მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ, რაც გაგიკეთებიათ და რასაც გააკეთებთ კიდევ.
ყველა ერთად მოვნახავთ იმ საშუალებებს, რომ თქვენ დარჩეთ და იყოთ თავისუფალი, რომ არ იყოთ არავისზე დამოკიდებული და შეძლოთ ემსახუროთ მხოლოდ ერთ რამეს - საზოგადოებასა და ქვეყანას”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, ის შეხვდება საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს - ბიზნესის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებსა და ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკაში ჩართვას აპირებენ.
:"მე დავიწყებ მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან - ბიზნესთან, რომელთანაც აუცილებელია, გვქონდეს ურთიერთობა და ერთად გავიგოთ, ამ ქვეყანას როგორ უნდა გადავატანინოთ უმძიმესი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც შეიქმნა ამ მმართველი გუნდის გამო, მათი დასანქცირების გამო, მათი უგუნური ნაბიჯების გამო. ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ ერთად და უნდა ვიფიქროთ ამ გზებზე.
შევხვდები საჯარო მოხელეებს, რათა მათთან ერთად გავიაზროთ მათი მდგომარეობა. ისინი იქნებიან ხვალინდელი სახელმწიფოს საყრდენი. ერთად უნდა დავდგეთ და ერთად უნდა მოვიფიქროთ, როგორ გავატაროთ ეს დღეები თუ კვირები, შეიძლება, რამდენიმე თვე და გავატარებინოთ მათ ისე, რომ მათი ოჯახებიც იყვნენ დაცულნი.
შევხვდები ასევე ახალ პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს ახალგაზრდებს, ვინც არიან ქუჩაში, რომლებიც გვაძლევენ ამ უზარმაზარ იმედს მომავლის და რომლებმაც შექმნეს ეს ახალი, თავისუფალი საზოგადოება. უნდა მოვიფიქროთ, როგორ უნდა გაძლიერდეთ იმიტომ, რომ ნამდვილად ის თაობა ხართ, რომელიც თავისუფალ საქართველოში დაიბადა და რომელიც ხვალ თავისუფალი საქართველოს სათავეში იქნება.
გავალ რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქში უნდა შევხვდე ადამიანებს, რომლებიც იქიდან აპროტესტებენ და იქიდან იცავენ ქვეყანას. გავალ და იქაც ვიქნები თქვენთან ერთად.
წავალ უცხოეთში და დავბრუნდები უცხოეთიდან. უკვე მაქვს ოფიციალური ვიზიტების არა ერთი შეთავაზება, რომელსაც თქვენი სახელით გავაგრძელებ იმისთვის, რომ გარეთ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში იყოთ წარმოდგენილი, იცოდნენ, რა გიჭირთ დღეს და რა იქნება თქვენი ხვალინდელი გამარჯვება.
მე ვარ მზად, რომ ბოლომდე გამოგყვეთ. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო ძალიან ახლოს არის, მაგრამ უნდა გავუძლოთ, უნდა გავაგრძელოთ. არ არსებობს აქ არც ახალი წელი, არც ახალი წლის მერე რაღაც დღეები, ენერგია გვაქვს ძალიან დიდი იმიტომ, რომ სიყვარულის, მშვიდობისა და მომავლის ენერგიაა.
31 დეკემბერს, რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს იმიტომ, რომ ეს ახალი წელი იქნება ნამდვილად ახალი, ბედნიერი, მშვიდობიანი და გამარჯვებული”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.