"იყო პრეზიდენტი ნიშნავს: იყო სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ არა სახელმწიფოს მმართველი; იყო სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, მაგრამ არა პოლიტიკური აქტივისტი; იყო ქვეყნის და არა პირადი ამბიციების ერთგული. ეს ის ფაქიზი ზღვარია, რომლის დანახვაც ზოგიერთს გაუჭირდა და ადვილად გადალახა", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ორი კვირის წინ, 2024 წლის 14 დეკემბერს, აქ, ამ დარბაზში, ახალი კონსტიტუციური წესით გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. 300 წევრისგან შემდგარმა საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით საქართველოს პრეზიდენტად ბატონი მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. ქართული პოლიტიკის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პრეზიდენტის სტატუსი, დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა. იყო პრეზიდენტი ნიშნავს: იყო სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ არა სახელმწიფოს მმართველი; იყო სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, მაგრამ არა პოლიტიკური აქტივისტი; იყო ქვეყნის და არა პირადი ამბიციების ერთგული. ეს ის ფაქიზი ზღვარია, რომლის დანახვაც ზოგიერთს გაუჭირდა და ადვილად გადალახა.
მათ შორის, ამაზე პასუხიც იყო 26 ოქტომბერს, 1 120 000 ჩვენი თანამოქალაქის მიერ მტკიცედ და ხმამაღლა თავისი ურყევი ნების დაფიქსირება, რომელიც დღეიდან ზურგს გაუმაგრებს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს. სწორედ ამ მაღალი ნდობიდან გამომდინარე, საქართველოს ახალი პრეზიდენტის როლი იქნება მნიშვნელოვანი ეროვნული თანხმობის მიღწევაში, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის განმტკიცებასა და საქართველოს სათანადოდ წარმოჩენაში მსოფლიოს ერთა წინაშე. ამ ისტორიულ დღეს გვსურს ასევე საფუძველი ჩავუყაროთ პრეზიდენტის ინაუგურაციის ახალ ტრადიციას. ისევე როგორც ტრადიციულ საპარლამენტო რესპუბლიკებში დღეიდან საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება პარლამენტის სასახლეში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.