საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს.
ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება.
“მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების. მე მინდა თქვენ გითხრათ და თქვენ ჩაგაბაროთ ანგარიში - 6 წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე, ამიტომ ვარ დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით შეიცვლება, მე ვიქნები სასახლეში თუ ვიქნები სასახლის გარეთ. მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები.
მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა, ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა, ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.
"ეს იყო ჩემი მოწოდება, ჩემი შეთავაზება იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი, როცა ქვეყანაზე ფიქრობ და როცა ქვეყანა გინდა. აქ არავინ მოსულა, თქვენც ხედავთ. პასუხი ამ შეთავაზებაზე, არ იყო. პასუხი იყო მუქარა ჩემს მიმართ, რაც უშედეგო არის. პასუხი იყო ცინიზმი თქვენს მიმართ, რასაც არანაირი შედეგი არასდროს ექნება. პასუხი იყო რეპრესიები, ძალადობა, პასუხი იყო რეალურად ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ. პასუხი არის დღეს ის პაროდია, რომელიც ამ წუთებში პარლამენტში ხდება. ეს არის ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს ასეთი პაროდიები არ ეკადრება. იმიტომ, რომ იქ არის პაროდია, ამიტომ არის აქ განსხვავებული 2 სურათი. იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული არავისგან, სანქცირებულნი და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალი, ლაღი, ძალიან მშვიდი. ჩვენთან ერთად არის სიმართლე იმიტომ, რომ ჩვენთან ერთად არის ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან ერთად არის, რაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს-ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.