ავტორი:

"ვადაგასული არავინ მინდა, არც მიშა და არც გრიშა... გულს ის მიხარებს, რომ რუსთაველზე ხალხს არც ერთი პოლიტიკოსი არ ეტყვის, დღეს დავიშალოთ და ზეგ შევიკრიბოთო" - ქართლოს ნატროშვილი

"ვადაგასული არავინ მინდა, არც მიშა და არც გრიშა... გულს ის მიხარებს, რომ რუსთაველზე ხალხს არც ერთი პოლიტიკოსი არ ეტყვის, დღეს დავიშალოთ და ზეგ შევიკრიბოთო" - ქართლოს ნატროშვილი

"კომოდი შოუში" პირველად 2013 წლის 10 მარტს გამოჩნდა. "ქართული ოცნება" უკვე მოსული იყო და პრეზიდენტ სააკაშვილს თვეები ჰქონდა დარჩენილი. მან ტელემაყურებელს მიხეილ სააკაშვილის პაროდია შესთავაზა...

"მერე მიშა წავიდა და ბიძინას მიშა მარტო მე შევეჭიდე. 12 წელია, მისი ემოცია მაქვს... არავისთან მერიდება ჯანსაღი იუმორით და მიშას ხმით მისვლა, მათ შორის, პატრულთან: "გადმოდი მანქანიდან, ჩემი ნაყიდია" - იმ დროს უნდა ნახოთ მათი სახეები.

იქვე იუმორში ამიხსნია, "კარგია ბიჭებო, კლიმატკონტროლი? კარგად სხედხართ? ეგ უწყება რომ ჩავიბარე, მანქანაში "ატვიორკას" აძრობდნენ, რომ ფანჯარა ჩამოეწიათ... ასეთი მანქანა მოგეცით და წავედი, იმიტომ, რომ ეს ქართველმა ხალხმა მოითხოვა" - გვიყვება პრეზიდენტ სააკაშვილის პაროდისტი ქართლოს ნატროშვილი.

რას ფიქრობს ქართლოსი ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე, რა აბრაზებს და რა მოლოდინი აქვს 2025 წელს ქვეყნის პოლიტიკურ კურსზე, ამ კითხვებზე გულწრფელად გვპასუხობს (პერიოდულად პრეზიდენტ სააკაშვილის იმიტაციითაც).

- მე, როგორც მოქალაქეს, თითქმის არც ერთი ოპოზიციური მიტინგი, 28 ნოემბრამდეც, არ გამომიტოვებია... 2014 წლის 15 ნოემბერს რუსთაველზე იყო აქცია - "არა ოკუპაციას!“ ამ დღეებში ვფიქრობდი, 10 წლის მერე კიდევ იგივე გვიწევს, გაიღვიძა საქართველომ. მახარებს, როცა აქციაზე არც ერთი პარტია არ არის მთავარი, მე იქ გაღვიძებულ საქართველოს ვხედავ და ვგრძნობ. ყველაფერი კი იქიდან მოდის, როცა დაირღვა პრინციპი - წააგე - წადი, მოიგე - მოდი... ვინც ამ პრინციპს არ იცავს, უკვე საშიშია. მნიშვნელობა არ აქვს, ეს მიშა იქნება, გრიშა, პეტრე თუ პავლე...

როგორც რიგითი მოქალაქე, ვიტყვი, რომ არჩევნები გაყალბებულია... თითქოს ვიღაც მოგვეპარა, ჯიბეში ხელი ჩაგვიყო და რაღაც ამოგვაცალა, ან მაქანა დილით გაძარცული დაგხვდა და ძალიან გავბრაზდით. ჰოდა, ასეა - აქციაზე გაბრაზებული ხალხი დგას. გულს მიხარებს, რომ ბევრ ახალ, ჯანსაღ ადამიანს ვხედავ. ჰაერში გაბრაზების სუნი ტრიალებს. ახლა როგორც მიშამ, მისი ხმით უნდა გიპასუხოთ - "2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე ეგზიტპოლები რომ ვნახე, 5 წუთში მოვითხოვე პირდაპირი ეთერი, მე წავედი"... 2012 წელს, შორს რომ არ წავიდე, საკუთარმა ორმა ბებიამ ბიძინა ივანიშვილი აირჩია...

მაშინ შეიძლება მას ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ გულში იმასაც ვფიქრობდი, რომ ეს კაცი ლეგიტიმურად მოვიდა, ხალხმა აირჩია-მეთქი... გავიდა 13 წელი და მოქალაქეები ეუბნება, წადი - გრიშას ავირჩევ, პეტრეს, თუ პავლეს, ჩემი საქმეა... ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ცივილურად გაგვეშვა, 26 ოქტომბერს დაველოდეთ, ამ დღისთვის სპეციალურად დავირაზმეთ. ვიღაცამ 41 შემოხაზა, ვიღაცამ 5, 7, 14, მაგრამ როდესაც ყუთში არანორმალურად "იყრი“ და ეს გაგდის, ხახლის ასეთი გაბრაზება აღარ უნდა გაგიკვირდეს...

- კი, 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა...

- 2012 წლის ოქტომბერში 26 წლის ვიყავი. გული სიამაყით მევსებოდა, რომ ძალაუფლება გრუხუნის და ტანკების გარეშე მშვიდობიანად გადაბარგდა. როდესაც ასეთი რამ ხდება, მსოფლიოში ყველას უნდა შენთვის ხელის ჩამორთმევა. 2012 წლის 8 ოქტომბერი იმიტომ მიყვარს, რომ ის ჩემთვის საქართველოს სახელმწიფოებრივი და უმნიშვნელოვანესი დღეა... მიშამ რეზიდენციის წინ ხალიჩა გაუფინა, დარწმუნებული ვარ, ბიძინას პიროვნულად ვერ იტანს, მაგრამ მისთვის იმ ხელის ჩამორთმევით დამარწმუნა, რომ ნამდვილი პოლიტიკოსია... დღეს პოლიტიკოსების უმრავლესობამ ეს კადრი კარგად უნდა შეაფასოს... ჩემი აზრით, დღევანდელი სიბრაზე, რაც ქართველ ხალხს აქვს, 2013 წელს უნდა გამოგვეხატა.

- რატომ?

- პიროვნულად შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, მაგრამ გიორგი კვირკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, მამუკა ბახტაძე და გიორგი გახარია არავის აურჩევია. ეს კაცი ავირჩიეთ, რომელიც მერე დაგვემალა - ფარდის უკან გავიდა. ფარდის უკან გასული როცა ამ პერსონებს გვაჩეჩებდა, ეს თავიდანვე საშიშად მენიშნა. უნდა გვეთქვა - სად წახვედი, ხალხმა წინა ხელისუფლება, მიშა გადაირჩია, შენ აგირჩია... ბიძინასთვის დამალვა არ უნდა გვეპატიებინა. პოლიტიკურად პასუხი უნდა მოგვეთხოვა, შეგვეტია... მჯერა, აქამდე არ მოვიდოდა საქმე. მაშინ გრიალით მოვიდა და 2024 წელს გეუბნება, ახლა უფრო გრიალით ამირჩია ხალხმაო - დიდი ტყუილია. გყავს ამომრჩევლები, მაგრამ უმრავლესობა აღარ გყავს... ჩემი სოლიდარობა როგორც ონისე ცხადაძეს, ჩვენი გუნდის წევრს, ასევე ამ ერთ თვეში ყველა დაკავებულს.

- აქციის დასაშლელად არნახული ძალა გამოიყენეს. როგორი იყო შენი რეაქცია?

- არალეგიტიმური ადამიანისგან ყველაფერი არალეგიტიმური მოდის, რადგან ზღვარი აღარ აქვს. კონსტიტუციური ჩარჩოდან გასულია. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს - ექიმია, ხალხს ეხმარება, პროგრამისტი, მსახიობი თუ სტუდენტი - ყველას დასდევს, სცემს და აპატიმრებს. ბოლო ერთ თვეში საოცრებები მოხდა... დილით ტელევიზორს რომ ვრთავ და დაბინტულ ახალგაზრდებს ვუყურებ, გული მისკდება. ეს ქართველ ხალხს არ დაუმსახურებია. მიშასაც ჰქონდა გადაცდომა, მაგრამ არჩევნები რომ წააგო და წავიდა... 2003 წელს პარლამენტში იმიტომ შევარდა, რომ ხალხს არ უნდოდა ედუარდ შევარდნაძე - იქ იმ ხალხის ხმა შევიდა და დაუყვირა - გადადექი... მისი აღმატებულება ქართველი ხალხის ნება დაცული უნდა იყოს!

- თქვენი გუნდის წევრი, ონისე ცხადაძე ვახსენეთ, რომელიც ახლა დაკავებულია. რას გვეტყვი ონისეზე?

- იმიტომ არა, რომ ვიცნობ, მართლა არაჩვეულებრივი ადამიანია და ზუსტად ესაა ამათი გაუგებარი ქმედების შედეგი. ონისე ყველგან შეიძლება წარმოვიდგინო, გარდა იმ ადგილისა, სადაც დღეს არის. ბოროტება გონებაში გაელვებითაც არ ჰქონია, მაგრამ ასეთ ადამიანებს სჯის ჩარჩოდან გასული ხელისუფლება. ამ 13 წლის განმავლობაში ვერც ერთ რუს ჯაშუშს რომ ვერ დაიჭერ და ონისე ცხადაძეს აპატიმრებ, ასევე მათ, ვინც არჩევნების გაყალბება გაგიპროტესტა. თუ ასე გაგრძელდა, ეს არალეგიტიმურობის ნიაღვარი გაიზრდება და ხელს ყველას მოჰკიდებს...

ადამიანი ეუბნება, ტრავმატოლოგი ვარ, ხალხს ვეხმარები და ამის მერე, კიდევ მეტად რომ სცემ. რაზეა საერთოდ საუბარი?! ეს დაზარალებული ადამიანები, ადამიანური გაგებით, ნაცემი ფრიადოსნები არიან. თავიანთი საქმით არიან დაკავებული, რაშიც გულს და სულს დებენ, მათ შორის, სტუდენტები, მსახიობები, რომლებსაც ამ სიცივეში წყლით, ცრემლმდენი გაზით შლი, არბევ, ძვლებში ამტვრევ, - სიგიჟეა...

სასიხარულო ისაა, რომ ორგანიზატორს ვერ პოულობენ. ერთ-ერთმა უთხრა, ორგანიზატორი ილია ჭავჭავაძეაო, დაიჯერეს და ილიას ეძებდნენ - აბსურდის თეატრია. "წითელ მოედანზე", მოსკოვში ცარიელი თაბახის ფურცელი მაღლა რომ აწიო, 5 ომონელი მოგვარდება და ჩვენთანაც უკვე ყველაფერი აქამდე მიდის.

- ხალხი ქუჩაში 28 ნოემბერს პრემიერ მინისტრის იმ ცნობილი განცხადების შემდეგ გამოვიდა და მას მერე გარეთაა...

- ერთი ლიტრი ბენზინი 5 ლარი რომ გახდეს, შეიძლება ეს არ გავაპროტესტოთ, არც პურის გაძვირება, მაგრამ გარუსებაზე ბიძინას ქართველმა ხალხმა წითელი აუნთო... არადა, ლუდოვიკო XIV-ის მერე „ამ კარზე“ ვაკაკუნებთ... იქნებ იმ არჩევნებს ალალად იგებ და მიუხედავად იმისა, რომ 41 გულზე არ მეხატება, ხელი უნდა ჩამოგართვა?! ერთი ხმითაც თუ მაჯობე, კი, მიდი, მართე. ასეთ დროს ყველა დაგელაპარაკება.

- როგორია შენი პროგნოზი?

- ქართველმა ხალხმა ბიძინას ეს ყველაფერი არ უნდა შეარჩინოს. თუ შერჩა, შემდეგში მისი ხელმძღვანელობით ცესკო კიდევ საშინელ არჩევნებს ჩაატარებს (წარმოდგენაც არ მინდა). პიროვნული შეურაცხყოფის გარეშე ვამბობ, ზოგადად ხომ ვიცოდი, რომ ქართველი ხალხი არ უყვარდა, მაგრამ როდესაც სცენაზე მიხეილ ყაველაშვილი გამოიყვანა, ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი... ყაველაშვილს პიროვნულად არ ვიცნობ. დიდი ამბავი თუ როგორც ფეხბურთელი არ მომწონს, ეგ კი არა, მესის ფანები რონალდოს აკრიტიკებენ... ფეხბურთი იქით იყოს, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტად მას ვერ წარმოვიდგენ.

- სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობას როგორ აფასებ?

- 2018 წლის ნოემბრის ბოლოს, სალომე ზურაბიშვილი არც პირველ ტურში და არც მეორე ტურში არ ამირჩევია, მაგრამ ამ "ოცნების" შემხედვარე, ლეგიტიმურ პრეზიდენტია... გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი შეიძლება გულზე არ მეხატება, მაგრამ არალეგიტიმური მთავრობის მიერ ხელდასხმული ყაველაშვილი რომ მახსენდება, ამ ფონზე ყველა, როგორც ვთქვი, გენიოსია. კალენდარს რომ შევხედოთ, - „ოცნებამ“ 2012 წელს ხელისუფლება ჩაიბარა და წესით, ახლა "ლაზიკის პორტში“ ევროპა შემოვლილი კრუიზი უნდა შემოდიოდეს. რა სიმაღლეზე ვიყავით და სად დავეშვით... კრუიზი უნდა შემოსულიყო და გავრილოვი შემოიყვანეს... 29 დეკემბერს მეც მოუთმენლად დაველოდები... ერთადერთი გულს ის მიხარებს, რომ რუსთაველზე ხალხს არც ერთი პოლიტიკოსი არ ეტყვის, რომ დღეს დავიშალოთ და ზეგ შევიკრიბოთო. გაბრაზების სუნი ტრიალებს იქ და გაბრაზებულია ყველა თაობის და სტატუსის მქონე ადამიანი...

- როგორ წარმოგიდგენია პოლიტიკურ ჭრილში 2025 წელი?

- ბიძინა ახალი არჩევნებზე უნდა წამოვიდეს, - ეს მოუწევს. თვითონაც იციან, რომ არალეგიტიმურები არიან, რაც აშკარად ეტყობათ. სხვას ლაპარაკობენ და მათი სხეულის ენა სხვას ამბობს. ასე რომ, აუცილებლად მოუწევს ახალი არჩევნების დანიშვნა. თორემ, ვიმეორებ, ამათი ცესკოთი დათვლილი არჩევნების შედეგები მომავალში უარესი და უარესი იქნება. 28 ნოემბრამდე ეს ინტერვიუ რომ ჩაგვეწერა, შეიძლება ასე ოპტიმისტურად განწყობილი არ ვყოფილიყავი. ოპტიმიზმი იმან შემმატა, რომ საქართველომ გაიღვიძა. ყველა, ვინც იქ დგას, აქციების ორგანიზატორია. ამ ხალხს ვერ გააჩერებ - ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა. პატრულთან ურთიერთობაზე ხომ გითხარით - რომ მაჩერებენ, მიშას ხმით და ჯანსაღი იუმორით ვეუბნები, - „ეხლა ეს ფორმა რომ გაცვია, ხვალე იხდი თუ არა?!“ - პატრული მიყურებს და ამბობს: „ბატონო პრეზიდენტო, ვიხდი ფორმას“.

მერე უფრო ახლოს მივდივარ და მოგუდული ხმით ვეუბნები - „ბიძინა ფორმას რატომ არ იხდის?! ფორმა მე შეგიკერეთ, მე ჩაგაცვით და გახდაც უნდა ვისწავლოთ“. ასე რომ, რომ „ოცნებას“ ლეგიტიმაცია „გასახდელი“ აქვთ. ამ პრინციპით სხვა მთავრობა გვეყოლება - წააგე - წადი, მოიგე - მოდი. იმედს ვიტოვებ, რომ თუ არ მომეწონება, ჩემს სახელმწიფოში სათავეში მყოფი ადამიანი, სიბრაზეს საარჩევნო ყუთში მივიტან. ძალა-უფლების დათმობა ძნელია, მაგრამ რადგან მიშა მოიშორე, 100 წელი სათავეში უნდა იყო?! ამას ქართველი ხალხი არ გაატარებს. ვადაგასული არავინ მინდა, არც მიშა და არც გრიშა. მაღაზიაში პროდუქტების ვადას ხომ ვუყურებთ, რომ ვადაგასულმა არ გვავნოს. აგერ მთავრობა გვყავს ვადაგასული, რომელიც გვნებს. როგორც ბიულეტენზე გაჟონა, ყველა სფეროში თავიანთი არალეგიტიმურობით ისე გაჟონეს.