თვითმმართველობის ადგილობრივი არჩევნების დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე, აფხაზეთის პოლიტიკურ წრეებში სიტუაცია დაიძაბა. მართალია, 12 თებერვალს აფხაზეთში ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება, მაგრამ როგორც საზოგადოებრივი პალატის წევრი, გაზეთ "ჩეგემსკაია პრავდას" რედაქტორი ინალ ხაშიგი აცხადებს, მცირედი დესტაბილიზაციის საფრთხის მიუხედავად, გალსა და დანარჩენ აფხაზეთში მშვიდი ვითარება შენარჩუნდება. მისივე თქმით, ამის საფუძველს მათი ლიდერისა და რუსული სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის წინა პირობა იძლევა...
აფხაზეთის ქართველი მოსახლეობა ნებისმიერ, თუნდაც მცირედ ცვლილებას შიშით ელოდება: აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რწმუნებულმა, რუსლან ქიშმარიამ ადგილობრივ ქართველებს "ახალი ინიციატივა" გააცნო, - მათ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უნდა თქვან, ვინაიდან აფხაზეთის კანონმდებლობა "მსგავსი ტიპის" ორმაგ მოქალაქეობას არ ცნობს... ქართველებს იმედი აქვთ, რომ ქიშმარიას განცხადებას მათთვის სერიოზული გართულებები არ მოჰყვება; გალელები მის გააქტიურებას ასე ხსნიან: ქიშმარია შიშობს, რომ წნეხის ქვეშ მცხოვრები ქართველების ბედს რომელიმე აფხაზი ოპოზიციონერი წინასაარჩევნოდ, მისთვის სასარგებლოდ გამოიყენებს და ამიტომ ცდილობს, ქართველებში არასტაბილურობის განცდა გააღვივოს, რათა არსებული ვითარების შეცვლაზე არც კი იფიქრონ...
სეპარატისტულ რეგიონში წინასაარჩევნოდ, რამდენიმე ოპოზიციური პარტია და ლიდერი გააქტიურდნენ, რასაც "ანტისახელმწიფოებრივი დემაგოგიის" ბრალდებით, ოპოზიციონერი ლიდერის - იაკუბ ლაკობას დაკავებაც მოწმობს. აფხაზეთში მიიჩნევენ, რომ ბაღაფშმა ამ ნაბიჯით, საკუთარი თავისა და ე.წ. მთავრობის იმიჯი შელახა, რაც მის რეიტინგზე უეჭველად აისახება. არახალია, რომ სეპარატისტთა ლიდერი რუსების მიმართ განსაკუთრებულ ნდობას გამოხატავს, მაგრამ ბოლო დროს მისმა განცხადებებმა ყველა გააოცა: მოსკოვის მერთან, სერგეი სობიანინთან გამართული შეხვედრისას მან განაცხადა, - მოსკოვი ჩვენი დედაქალაქიაო, - რამაც აფხაზების რისხვა გამოიწვია.
სერგეი ბაღაფშის განცხადებას გაზეთ "ჩეგემსკაია პრავდას" მოსკოვში მოღვაწე ჟურნალისტი, სვეტლანა ბუთბა გამოეხმაურა და რამდენიმე რუსულ გამოცემაში, სეპარატისტთა ლიდერის პოლიტიკური ანატომიის შესახებ სტატია გამოაქვეყნა. ბუთბას ინტერნეტის მეშვეობით დავუკავშირდით და აფხაზეთში მიმდინარე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ. განსაკუთრებით საყურადღებოა მისი თვალით დანახული "აფხაზური დემოკრატიაც"...
სვეტლანა ბუთბა:
- ბაღაფში ის ლიდერია, რომელიც აფხაზმა საზოგადოებამ სწორედ ნაციონალური კუთხით აირჩია და რომლის ქვეყნის სათავეში მოსვლის დროს ლამის სამოქალაქო ომი დაიწყო. იგი ქვეყნის ვითომ მშენებლობას სწორედ იმ პრინციპებით აპირებს, რომლებსაც პრეზიდენტობამდე კატეგორიულად უარყოფდა და გმობდა... მან იცის, რომ აფხაზეთში ყველაფერი კანონის ფარგლებში კი არა, არამედ ნაცნობობით წყდება, ვინაიდან ჩვენ სამასიათასკაციან ქვეყანაში ვცხოვრობ, მაგრამ მან, ადამიანური ურთიერთობებისა და აფხაზი კაცისთვის ყველაზე მნიშვნელოვნის - ტრადიციების მოსპობა და ავტორიტარული რეჟიმის დამყარება გადაწყვიტა. ამასთან, დასაშვები თუ მიუღებელი მეთოდებით, რუსეთის გულის მოგებას ცდილობს და მის წარმომადგენლებს საჩუქრად აგარაკებს გადასცემს. ანუ ქვეყნის დამოუკიდებლობასა და განვითარებაზე გველაპარაკება, სინამდვილეში კი აფხაზეთს საბჭოეთში აბრუნებს და თან გვეუბნება, რომ ეს ჩვენთვის ყველაზე კარგი პერსპექტივაა... რაც შეეხება დემოკრატიას, - ჩემს "ახალაღმოცენებულ" ქვეყანაში ამ ცნებას დაახლოებით ასე აღიქვამენ - ეს არის კავკასიელი ხალხების ურთიერთობის ფორმა, სადაც გადამწყვეტ როლს ნათესაური კავშირები ასრულებს. აქ პოლიტიკოსი შეიძლება მოისყიდო, მაგრამ ვერ დააშინებ... აფხაზი ხალხისთვის კანონი და ადამიანის უფლებები - ისეთივე აბსტრაქტული ცნებებია, როგორიც რუსებისთვის ახლობლობისა Aდა ნაცნობობის "ინსტიტუტი". ამიტომაც, ეს ორი ერი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან და შეიძლება ითქვას, რომ მათ, ბიზნესინტერესების გარდა, არაფერი აკავშირებთ. ასე რომ, მოსკოვი, რაც უნდა მიმზიდველი იყოს ღარიბი და კორუფციაში ჩაფლული აფხაზებისთვის, ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი ვერასდროს გახდება... უფრო მეტიც - ახლა აფხაზეთი თავის ისტორიაში უნიკალურ ექსპერიმენტს გადის ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა ქვეყანა რუსეთს, საქართველოს, თურქეთს ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს კი არა, საკუთარ თავს ეკუთვნის.
- საინტერესოა, ასეთ პოლიტიკურ რეალობაში როგორი მომავალი ექნება "ახალაღმოცენებულ აფხაზეთს"?
- ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ლიდერი ეყოლება მას. რამდენად გონიერი და ლავირების უნარის მქონე პოლიტიკოსი იქნება მის სათავეში... ფაქტია, რომ ინტრიგების მოყვარული სერგეი ბაღაფში ამ მხრივ იმედებს ვერ ამართლებს. მას არც პოლიტიკის კეთება შეუძლია. ის საქართველოს ექსპრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს მაგონებს, რომელიც პოლიტიკურ კულუარებში კარგად იყო ჩახედული, მაგრამ მთლიანად ძალაუფლების შენარჩუნებაზე იყო გადართული და ქვეყნის განვითარებისთვის არაფერი გაუკეთებია... ბაღაფშიც, თუნდაც რუსეთში გამუდმებული ვიზიტებით, მხოლოდ ამას აკეთებს. ახლა მორიგი იდიოტური ინიციატივა წამოაყენა: შესაძლოა, კაზაკთა ბაზარი აფხაზეთში გადმოიტანონ. ამ საკითხზე უკვე ესაუბრა მის პირად მეგობარს - კრასნოდარის მხარის გუბერნატორს, ალექსანდრ ტკაჩოვს (სხვათა შორის, ტკაჩოვი სეპარატისტთა ლიდერს სამხედრო წვრთნების დროს ხშირად ეხმარება. - ავტ.)
- რომელ ბაზარზეა ლაპარაკი და სად უნდა განთავსდეს?
- ადლერის ბაზარზე, რომელიც სოხუმში უნდა გადმოიტანონ. ბაღაფშის თქმით, ეს ნაბიჯი აფხაზეთის ეკონომიკის გაძლიერებას ემსახურება. ამ შემთხვევაში, აფხაზეთის მოსახლეობას ციტრუსის გაყიდვა გაუადვილდებაო... ბაღაფშს ჰგონია, რომ აფხაზეთში სიტუაციას სრულად აკონტროლებს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ამ შემთხვევაში, ციტრუსის ბაზრის მონოპოლიაც მისი კლანური მმართველობის ქვეშ გადავა... ასეთი დამღუპველი პოლიტიკის შედეგად კი მივიღებთ იმას, რომ აფხაზეთი იმ ფორმალურ დამოუკიდებლობასაც დაკარგავს, რომლის საშუალებით ახლა საერთაშორისო საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას ცდილობს... ამიტომაც, იქ მოქმედი ოპოზიციური პარტიები ლამის თავგანწირვის ფასად მოქმედებენ. დაუნდობლად აკრიტიკებენ სერგეი ბაღაფშის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მათთვის მიუღებელია საქართველოდან ჩასული უცხოელი დიპლომატების ვიზიტები. თუმცა ამას ერთი პლუსი მაინც აქვს - ეს ადამიანები ადგილზე გაეცნობიან აფხაზი ხალხის განწყობილებასა და სხვადასხვა საკითხისადმი დამოკიდებულებას...
დე ფაქტო აფხაზეთში ევროპელი დიპლომატების ვიზიტებმა ჩვენს საზოგადოებაშიც ინტერესი გამოიწვია. სამხრეთ კავკასიაში ევროსაბჭოს სპეციალური წარმომადგენლის, პიტერ სემნების სოხუმში სტუმრობას, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ხელმძღვანელის, ჰანსიორგ ჰაბერის ვიზიტი მოჰყვა. სემნების თქმით, აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკის პარალელურად, აუცილებელია, სოხუმის რეჟიმთან ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობა დაიწყოს. აფხაზეთში იმედოვნებენ, რომ "წითელი საზღვრის" გადაკვეთა დაიწყო. აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, სერგეი შამბამ დაუფარავად განაცხადა, რომ აფხაზეთი საქართველოს გვერდის ავლით ევროსაბჭოსთან ითანამშრომლებს, თუმცა სოხუმში ვიზიტი ჰანსიორგ ჰაბერმა ილორის ეკლესიის მონახულებას დაუკავშირა და განაცხადა, რომ ეკლესიის გარეგნული დათვალიერების შედეგად, მისი გარუსულება ვერ აღმოაჩინა, პირიქით: "მე ვხედავ მისი შენარჩუნების გულწრფელ მცდელობას", - აღნიშნა მან.
ექსპერტი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ორ ცეცხლ შუა თამაში უწევს. ბაღაფში იძულებულია, რუსეთს ზოგი რამ დაუთმოს, რადგან ხელს, რომელიც გაჭმევს, უნდა მოეფერო, მაგრამ ამასთანავე, საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების შემოტევების მოგერიება უწევს. აფხაზური ოპოზიციური პარტიები მიიჩნევენ, რომ რუსეთისადმი დათმობა ერის გადაშენებასა და რუსეთის მიერ აფხაზეთის ხელში ჩაგდებას გამოიწვევს, ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობა აუცილებელია. არადა, მათი პოზიცია ცოტა გასაკვირია, რადგან ხელფასებსა და პენსიებს რუსეთისგან იღებენ...
მამუკა არეშიძე:
- რაც შეეხება კონკრეტულად ლაკობას დაკავებას, - ეს ბაღაფშის მხრიდან შეცდომა იყო, ვინაიდან ეს გვარი მისი წინაპრის - ნესტორ ლაკობას გამო განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობს აფხაზეთში. ლაკობა აფხაზეთის ერთ-ერთ გმირად ითვლება. მას მიიჩნევენ ადამიანად, რომელმაც XX საუკუნის 20-იან წლებში აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
- ბოლო დროს, დე ფაქტო აფხაზეთში უცხოელი დიპლომატების ვიზიტი გახშირდა. გასაგებია, რომ სეპარატისტებს ჰუმანიტარულ საკითხებში ევროპელთა დახმარება ესაჭიროებათ, მაგრამ ევროსტრუქტურების მხრიდან სეპარატისტებთან პირდაპირი თანამშრომლობა, თუნდაც ჰუმანიტარულ სფეროში, რამდენად გამართლებულია?
- პიტერ სემნები პროექტის - "ჩართულობა აღიარების გარეშე" - ერთ-ერთ მთავარი "გამხმოვანებელია". ეს პროექტი კი ასე იშიფრება: აფხაზეთმა რაც შეიძლება მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ევროპულ სტრუქტურებთან, მაგრამ მისი დამოუკიდებლობის აღიარება არ უნდა მოხდეს. დასავლეთის პოლიტიკური ელიტის მიდგომა ასეთია: აფხაზეთი არის რუსეთის პოლიტიკურ სივრცეში, რაც დასავლეთისთვის მიუღებელია, ამიტომ ამ რეგიონის ევროპაში ინტეგრირება უნდა მოხდეს... გეგმის თანახმად, აფხაზებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, საქართველოს ხელისუფლების გვერდის ავლით დაამყარონ ევროპასთან ურთიერთობა. საქართველოს ხელისუფლება კი ამის წინააღმდეგია.
- რა ფორმის ურთიერთობაზეა ლაპარაკი?
- როგორც დასავლელი დიპლომატები გვიხსნიან, საქმე ეხება ჯანდაცვის, საგანმანათლებლო და ტურისტულ პროგრამებს... ევროპელებს დიდი იმედი აქვთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შემთხვევაში, აფხაზი ახალგაზრდების საშუალებით, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გავლენას მოახდენენ, რისი საბოლოო მიზანიც, აფხაზეთის რუსეთისგან ჩამოშორებაა.
- ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მათი მიზანი რეალურად მიგაჩნიათ?
- იცით, ეს პროექტი და ზოგადად იდეა ურიგო არ არის, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების იგნორირება შეცდომაა. შესაძლოა, ჩვენი ხელისუფლება ამ პროცესებში აქტიურად არ იყოს ჩაბმული, ვინაიდან აფხაზები ამაზე არ წამოვლენ და გეგმაც ჩაიშლება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას პროცესებზე რეაგირების მინიმალური ბერკეტები მაინც უნდა ჰქონდეს. მას საამისოდ ყველანაირი სამართლებრივი უფლება აქვს... ამ შემთხვევაში კი ხელისუფლებამ ყველანაირი პოლიტიკური საკითხი უნდა გადადოს და ჰუმანიტარული პროგრამები განახორციელოს; ადამიანური რესურსები უნდა გამოვიყენოთ, ნდობა აღვადგინოთ...
- რატომ აკეთებს ამას დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად?
- მთლად დამოუკიდებლად არ აკეთებს - ჩვენი ხელისუფლება საქმის კურსში ჩააყენა; მაგრამ ამ საკითხში ისინი ჩვენს ხელისუფლებას არ ენდობიან. ვერ ვიტყვი, რომ უნდობლობის არგუმენტები არა აქვთ, მაგრამ ქართული მხარის იგნორირება მაინც შეცდომად მიმაჩნია... დასავლური გეგმის წინააღმდეგია რუსეთიც, რომლის აზრსაც ევროპელი დიპლომატები არ ითვალისწინებენ. უფრო მეტიც - ისინი გეგმის განხორციელების მნიშვნელოვან დეტალებზე არ ფიქრობენ, არადა, ამ ორი სახელმწიფოს გვერდის ავლით, ფიზიკურად წარმოუდგენელია აფხაზი ახალგაზრდების თუნდაც ტრანსპორტირება: ის დიპლომატები მათ განათლების მისაღებად ვერც წაიყვანენ, რადგან ევროპის რომელიმე ქალაქში მოსახვედრად, ენგურს გაღმა, საქართველოს თუ არა, რუსეთის ტერიტორია მაინც, ანუ - სოჭის აეროპორტი უნდა გაირონ... დასავლეთს უნდა, გამონახოს საერთო ენა რუსეთთან, ერთიან გეოპოლიტიკურ სივრცეში მოაქციოს და ამას უფრო ღრმა მიზეზები აქვს. წინა აზიაში განვითარებული პოლიტიკური პროცესები, შესაძლოა, დიდ ისლამისტურ რევოლუციაში გადაიზარდოს და ჩვენს მოსაზღვრე ქვეყნებში ისეთი ხელისუფლებები შეიქმნას, რომლებიც დასავლეთზე ორიენტირებული არ იქნებიან.
- ამ არასასურველ შედეგს უფრთხის დასავლეთი?
- დიახ და ყველანაირად ცდილობს, რუსეთი თავის სივრცეში მოაქციოს, ოღონდ რუსეთის დღევანდელი მმართველობის ფორმა მისთვის მიუღებელია და ნათელია, რომ ეს გეგმები კონკრეტულად, რუსეთის დღევანდელი მმართველობის წინააღმდეგ არის მიმართული... ასე რომ, ის, რასაც ახლა დასავლეთი თუნდაც საქართველოს კონფლიქტის ზონაში აკეთებს, რუსეთის მმართველობის წინააღმდეგ მიმართული გეგმის ნაწილია.
- რატომ არ აქტიურობენ ევროპელი დიპლომატები ცხინვალის რეგიონში?
- იქ სხვანაირი სიტუაციაა. რუსებს არც ენაღვლებათ, ოსები საერთოდ ცხოვრობენ თუ - არა. ის არის რუსეთის ერთი "სამხედრო ფლოტი", სადაც ავიაციაც კი აქვთ... აფხაზეთის მიმართ კი ეკონომიკური ინტერესებიც აქვთ და, გარდა ამისა, მისი საშუალებით, წინა აზიასთან დაკავშირებაც შესაძლებელია. თანაც, ევროპელი დიპლომატები კარგად არიან ინფორმირებული აფხაზეთის რეგიონში შექმნილი ვითარების შესახებ, ასევე კარგად არიან ჩახედული რუსებსა და აფხაზებს შორის არსებულ ურთიერთობაში და ამიტომაც აქვთ იმედი, რომ რუსეთისგან ამ რეგიონის დისტანცირებას შეძლებენ.
ლალი პაპასკირი
ჟურნალი "გზა"
(გამოდის ხუთშაბათობით)