ავტორი:

“ახლახან მქონდა საუბარი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან - რეალურად ეს არის “ჯილდო“ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“ - ირაკლი კობახიძე აშშ-ის მიერ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე

“ახლახან მქონდა საუბარი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან - რეალურად ეს არის “ჯილდო“ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“ - ირაკლი კობახიძე აშშ-ის მიერ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე

“ეს არის რეალურად “ჯილდო“ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ, “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას.

  • ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ფორმალური დასანქცირებით არაფერი შეცვლილა, რადგან დე-ფაქტო ისედაც დასანქცირებულია.

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი აქამდეც იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ და მას აშანტაჟებდნენ მთელი სამი წლის განმავლობაში თითქმის ფორმალური სანქციებით. ახლა ეს შანტაჟის საფუძველიც გამოეცალათ ხელიდან. რაღა ეშველება ოპოზიციას, არ ვიცი. სინამდვილეში, არაფერი შეცვლილა. დე-ფაქტო სანქციები ისედაც მოქმედებდა და ეს არაფორმალური სანქციები მოქმედებდა ერთადერთი რამის გამო - ამ ადამიანმა არ დათმო ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

თქვენ იცით, რა იყო ჩვენი ქვეყნის გამოწვევები 2022 წელს, რას ითხოვდნენ გუნდისგან, რას ითხოვდნენ კონკრეტულად ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და სწორედ იმის გამო, რომ ის არ დაუპირისპირდა ჩვენი ქვეყნის ძირეულ, საკვანძო ინტერესებს, ამის გამო ჯერ აამოქმედეს დე-ფაქტო სანქციები და ახლა უკვე, საბოლოო ჯამში, მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, რასაც არ აქვს არავითარი არსებითი დატვირთვა. პირიქით, ამ გადაწყვეტილებით საბოლოო ჯამში გამოიცალეს მათ ხელიდან შანტაჟის ინსტრუმენტი. ეს არის ის, რასაც აკეთებდა სამი წლის განმავლობაში ის ძალა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას. მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ყველაფერი სხვა მიმართულებით შეიცვლება. თუმცა, რეალურად არაფერი შეცვლილა, მე მქონდა საუბარი ახლახან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან და მისი პოზიციაც არის ზუსტად იგივე. არაფერი განსაკუთრებული. სამი წელი, უბრალოდ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი ემსახურებოდა ამ ქვეყნის ინტერესებს, ის იყო დე-ფაქტო სანქციების ქვეშ. ახლა უკვე აამოქმედეს ეს ფორმალური სანქცია. არაფერი განსაკუთრებული, რეალურად ეს არის “ჯილდო“ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

  • როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ოპოზიცია არის გაკოტრებული.

“ერთადერთი ვინც მათ ასულდგმულებს, ესენი არიან გარე პატრონები, თუმცა ესეც არის აბსოლუტურად სუსტი იარაღი. საბოლოო ჯამში ოპოზიციას უწევს პარლამენტის აღიარება, ჯერ “ლელომ" აღიარა არჩევნების ლეგიტიმურობა, როდესაც მათ ისარგებლეს საკუთარი კვოტით საარჩევნო ადმინისტრაციაში და ახლა ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც უარი თქვა დაფინანსებაზე, იყო გვარამიას პარტია. ყველა დანარჩენმა აღიარა არჩევნების შედეგები. ეს ნიშნავს იმას, რომ ის შანტაჟი, ზეწოლა, მუქარა, რაც ხორციელდება საქართველოს, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, საერთოდ არ მოქმედებს, ოპოზიციას უწევს ისეთ ნაბიჯების გადადგმა, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს არჩევნების ლეგიტიმაციის საყოველთაო აღიარებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ამ ქვეყანას არაფერი ემუქრება.

“ამ ქვეყანას არაფერი ემუქრება, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაცული იქნება ამ ქვეყნის ინტერესები. ნუ ოცნებობთ უარესზე. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. 2025 წელი ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან წარმატებული და ჩვენ მომავალ წელსაც, ზუსტად ისევე მკაცრად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც ვაკეთებდით ამას ბოლო სამი წლის განმავლობაში და მანამდეც", - განაცხადა პრემიერმა.