ავტორი:

"დღეს შემატყობინეს, რომ 1-ელი იანვრიდან თბილისის მერია ჩემთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტს" - რას წერს ნინო კიკნაძე

"დღეს შემატყობინეს, რომ 1-ელი იანვრიდან თბილისის მერია ჩემთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტს" - რას წერს ნინო კიკნაძე

"დღეს, 27 დეკემბერს შემატყობინეს, რომ 1-ელი იანვრიდან თბილისის მერია ჩემთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტს" - ამის შესახებ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის თანამშრომელი ნინო კიკნაძე სოციალურ ქსელში წერს.

  • კიკნაძის თქმით, მისი გათავისუფლება პოლიტიკური შეხედულებების ღიად დაფიქსირების გამო მოხდა.

"ყველა საქმე, რაც კი მრავალი წლის განმავლობაში, ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარებისთვის მიკეთებია, ქვეყნის ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოებას ემსახურებოდა. 2019 წელს თბილისმა "იუნესკოსგან“ წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მიიღო, 2021 წელს კი, მედიახელოვნების მიმართულებით ”იუნესკოს“ შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრიც გახდა - ორივე ეს პროექტი მუნიციპალურ დონეზე იმართებოდა, რადგან ”იუნესკოსთან“ ხელშეკრულებას ხელს სწორედ ქალაქის მერი აწერს, შესაბამისად, პასუხისმგებლობასაც ის იღებს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება.

”თბილისი - იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად შეფასდა ”იუნესკოს“ მიერ. ”იუნესკოს“ შემოქმედებითი ქალაქების ქსელის წევრობა კი უნიკალური და ყოველწლიურად მზარდი შესაძლებლობაა მუნიციპალიტეტების კულტურის სტრატეგიული განვითარებისთვის, ადგილობრივო ხელოვანების პროფესიული ზრდისთვის და მათი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის.

ორივე პროექტი, რომლის ფარგლებშიც თბილისის მერიასთან ვთანამშრომლობდი, ჩემი შრომითა და ინიციატივით მოიპოვა თბილისმა. მოკლედ რომ ვთქვა, არც ფიზიკური, არც ემოციური და არც პროფესიული უნარები დამიკლია რომელიმე პროექტისთვის, ახლა კი ვიგებ, რომ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების ღიად დაფიქსირების გამო, 2025 წლის იანვრიდან ჩემი ხელშეკრულება აღარ გაგრძელდება.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქების ქსელში 25 ქალაქია, შემოქმედებითი ქალაქების ქსელშიც 25, მომიწევს მსოფლიოს მასშტაბით, მინიმუმ 50 ქალაქის წარმომადგენელს ავუხსნა, რომ ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილების გაპროტესტების გამო, სამსახურიდან მიშვებენ.

ახლა, როცა 500-მდე ადამიანი დააკავეს, დემონსტრანტები ნაწამები არიან და 44 მოქალაქე სისხლის სამართლის მუხლით, უკანონო პატიმრობაში რჩება, რთულია სამსახურებრივ დასჯაზე წერა, თუმცა ესეც რეპრესიების შემადგენელი ნაწილია და ის ხელისუფლების ანგარიშსწორების მასშტაბს მხოლოდ აფართოებს.

2028 წელს ევროკავშირთან მოლაპარაკების განახლების შესაძლებლობა დღევანდელი მოცემულობით ისეთივე ტყუილია, როგორც ის, რომ ღირსებით ევროპისკენ მივდივართ" - წერს ნინო კიკნაძე.

ცნობისთვის, 25 დეკემბერს თბილისის მერიამ სამსახურიდან გაათავისუფლა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე, რომელიც ამ გადაწყვეტილებას ასევე პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს.

წაიკითხეთ ასევე: