“როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ცესკო-ს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს, დაფინანსების მიღებაზე უარი მხოლოდ პარტიამ “კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები.
"ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები დღეს, გვარამიას პარტიის გარდა სამივემ და გარდა ამისა, ვინც ვერ გადალახა ბარიერი, დამატებით 2-მა პარტიამ, ვისაც ეკუთვნოდა დაფინანსება, ასევე, აღიარა არჩევნების შედეგები. როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE"-ში.
“როგორც არჩევნებში მოგებას, ისე ქუჩაში წარმატებას სჭირდება ხალხის მხარდაჭერა. ხალხის მხარდაჭერა არ აქვს ოპოზიციას, ხედავთ, რომ ამ დღეებში საშუალოდ 1000 კაცამდე იკრიბება რუსთაველის გამზირზე, შესაბამისად, მათ არაფრის მიღწევის რესურსი არ აქვთ და საბოლოო ჯამში, მოუწევთ არჩევნების აღიარება.
დღეს მათ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე. სამმა პოლიტიკურმა პარტიამ, “ნაცმოძრაობამ“ “ლელომ“ და გახარიას პარტიამ, რითაც მათ აღიარეს არჩევნების შედეგები,“ - აღნიშნა პრემიერმა.
“წლის ბოლომდე ველოდით ასეთი ტიპის მცდელობას ოპოზიციის მხრიდან, ოღონდ ცოტა გვიან იყო დაგეგმილი ამ პროცესების დაწყება. ამას უკავშირებდნენ 16 დეკემბერს, როცა ევროკომისიას, მინისტრთა საბჭოს ევროკავშირში უნდა მიეღო გადაწყვეტილება მოლაპარაკებების არ გახსნასთან დაკავშირებით. ეს უნდა გამხდარიყო საბაბი იმისათვის, რომ მათ დაეწყოთ საპროტესტო აქციები და გადასულიყვნენ ძალადობაზე. შესაბამისად, 28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი. მათ ჰქონდათ წინასწარ უზრუნველყოფილი ძალადობისთვის ყველანაირი მასალები. გავასაჯაროვეთ სტატისტიკა, პიროტექნიკასთან დაკავშირებით. 1- დან 27 ნოემბრის ჩათვლით, 90%-ით იყო გაზრდილი პიროტექნიკის გაყიდვის მაჩვენებელი, რაც გასაგებია, რასაც ნიშნავდა. ისინი ემზადებოდნენ ასეთი ტიპის აგრესიისთვის, ძალადობისთვის. 28 ნოემბრის განცხადებამ მხოლოდ დააჩქარა ეს პროცესები.
პროტესტი დაიწყო არა 28 ნოემბრიდან, არამედ, 26 ოქტომბრის შემდეგ. როგორც კი წააგეს არჩევნები, მაშინვე დაიწყეს საპროტესტო აქციები“ - ირაკლი კობახიძის განცხადებით, “როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში“.
“ზოგადად, არ შეიძლება, ბიზნესი ასე ღრმად შედიოდეს პოლიტიკაში. როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში.
ეს არის პრინციპები, რომელიც ყველა ქვეყანაში მოქმედებს, თუმცა, როდესაც იწერება “მაიდნის“ სცენარები, იქ ეს პრინციპებიც აღარ მოქმედებს.
ჩემთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ გვქონდა საშუალება, მოსაზრებები გაგვეცვალა, ასევე დაისვა კითხვები, რომლებსაც ვუპასუხეთ. მათ შორის იყო კრიტიკული კითხვები კონკრეტულად ამ ბიზნესმენების მხრიდან. ყველას დავპირდი, რომ აუცილებლად უზრუნველყოფილი იქნება სტაბილურობა, მშვიდობა, სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, ასეთი მოკლევადიანი რყევები ყოველთვის აისახება ბიზნესსა და ლარის კურსზე, თუმცა ყოველ ჯერზე ძალიან მალე ხდებოდა როგორც კურსის, ისე ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურება.