ავტორი:

12 წიგნი ახალგაზრდა წიგნის ჭიებისთვის

12 წიგნი ახალგაზრდა წიგნის ჭიებისთვის

წიგნის სიყვარული ბავშვობიდან იწყება. სწორედ ამ დროს ყალიბდება ის საოცარი კავშირი, რომელიც ადამიანს წიგნებთან მთელი ცხოვრების განმავლობაში აკავშირებს. თუ თქვენს ცხოვრებაში არის ახალგაზრდა წიგნის ჭია, რომელიც ბავშვობიდან გატაცებულია კითხვით, მათი წიგნების სამყაროში კიდევ უფრო ღრმად ჩაძირვა საუკეთესო საჩუქარია.

განსაკუთრებული წიგნები ადამიანს არა მხოლოდ წარმოსახვას უფართოებს, არამედ ახალი ცოდნის მიღებაში, ემპათიის განვითარებასა და საკუთარი თავის უკეთ გაცნობაში ეხმარება. გაგაცნობთ 12 შესანიშნავ წიგნს, რომლებიც თქვენს ახალგაზრდა წიგნის ჭიებს აუცილებლად მოეწონებათ.

„მარტივი რიცხვების მარტოობა“, პაოლო ჯორდანო

მატია ფიქრობს, რომ ის და ალიჩე მარტივი რიცხვები არიან, მარტოსული და დაკარგული, ის რიცხვები, რომლებიც გვერდიგვერდ კი დგანან, მაგრამ არც იმდენად, რომ ერთმანეთს შეეხონ, თუმცა მატიას მისთვის ეს არასოდეს უთქვამს... არც აქვს აზრი თქმას, რადგან ორივეს ყმაწვილობაში იმდენი ტკივილი იყო, ფიზიკური თუ სულიერი, რომ ერთად ყოფნა დიდი ტვირთი იქნება, თუმცა კი სცადეს... "მარტივი რიცხვების მარტოობა" პაოლო ჯორდანოს პირველი რომანია, რომელიც გამომცემლობა “მონდადორიმ“ 2008 წელს გამოსცა. მატიასა და ალიჩეს სიყვარულისა და მარტოობის ამბავმა სწრაფად დაიპყრო იტალიელი მკითხველის გული. მას შემდეგ წიგნი 36 ენაზე ითარგმნა, ხოლო 2010 წელს გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი. რომანმა 2008 წელს მოიპოვა პრემიები Strega და Campiello-Opera Prima.

„მისი გახსენება”, კოლინ ჰუვერი

ციხეში ხუთი წლის გატარების შემდეგ კენა როუენი ბრუნდება ქალაქში, სადაც საყვარელი ადამიანი დაკარგა უნებლიე, მაგრამ ტრაგიკული შეცდომის გამო. ის ბრუნდება იმ იმედით, რომ წართმეულ ქალიშვილს დაიბრუნებს... თუმცა ხიდი დამწვარია და თითქოს აღდგენა შეუძლებელია. ერთადერთი ადამიანი, ვინც კარი არ მიუხურა, ლეჯერ უორდია, რომელიც მეგობრის დაღუპვის შემდეგ მის გოგონას მამის მაგივრობას უწევს. მიუხედავად დიდი დაბრკოლებისა, მათი სიყვარული დღითი დღე ძლიერდება. კენამ აუცილებლად უნდა გამონახოს წარსული შეცდომის გამოსასწორებლად გზა, რათა შეიქმნას მომავალი, სავსე იმედითა და მიტევებით.

„დეიზი ჯოუნსი და ექვსეული”, ტეილორ ჯენკინს რეიდი

როკჯგუფი "დეიზი ჯოუნსი და ექვსეული" ნამდვილი ლეგენდა გახდა, მისი სოლისტი კი, დეიზი, თავისი დროის კერპი. თითქმის ყველა გოგონა ოცნებობს იყოს ისეთივე მომხიბლავი და ნიჭიერი, როგორიც დეიზი ჯოუნსია... მაგრამ პოპულარობის ზენიტში, 1979 წელს, ჯგუფის ერთიანობას ბზარი შეეპარა, პირდაპირ მათ ბოლო კონცერტზე. თვით ათწლეულის შემდეგაც არ არის ცნობილი განხეთქილების მიზეზი, მაგრამ "დეიზი ჯოუნსი და ექვსეული" მთელ მსოფლიოს ახსოვს. მათი ურთიერთობა ვნების, სკანდალებისა და როკ-ენ-როლის ისტორიაა, გამოცანა, სავსე სიყვარულით, ეჭვიანობით, ფიზიკური თუ სულიერი ტკივილითა და მშვენიერი მუსიკით, რომელმაც მილიონების გული დაიპყრო. დადგა საიდუმლოებისთვის ფარდის ახდის დრო..

„აქ იყო ბრიტ-მარი“, ფრედერიკ ბაკმანი

ბრიტ-მარი შესანიშნავი დიასახლისია, აღმერთებს წესრიგს: ყოველთვის საღამოს ექვს საათზე ვახშმობს, რადგან, მისი აზრით, ყველა წესიერი კაცი სწორედ ამ დროს ვახშმობს; დილითაც ექვს საათზე დგება, რადგან მხოლოდ სულელები დგებიან უფრო გვიან, და მტკიცედ სჯერა, რომ სოდაზე კარგი სარეცხი საშუალება ამქვეყნად არ გამოუგონებიათ; სანაქებოდ უვლის ქმარსა და მის ორ შვილს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც, 40-წლიანი ქორწინების შემდგომ, აღმოაჩენს, რომ ქმარს „სხვა ქალი“ ჰყავს. და ოჯახიდან მიდის. ბედი გაუღიმებს, მუშაობას ერთ მივარდნილ პატარა ქალაქში იწყებს და იქვე ბინავდება... სულ ცოტა ხანში ბრიტ-მარი მიხვდება, რომ ამ ქალაქში, სადაც უცნაური, ცოტა შერეკილი ხალხიღა შემორჩენილა, იპოვა თავისი ადგილი და, რაც მთავარია, ბედნიერება.

„ოჰ, უილიამ!”, ელიზაბეტ სტრაუტი

ლუსი ბარტონი მწერალია, თუმცა ყოფილი მეუღლის, უილიამის „ამოკითხვა"" ყოველთვის უჭირდა. აღიარებს კიდეც, უილიამი ჩემთვის ყოველთვის გამოცანა იყოო. ისიც გამოცანაა, დაშორებიდან წლების განმავლობაში როგორ შეინარჩუნეს კარგი ურთიერთობა. ამიტომ, როცა უილიამმა ლუსის სთხოვა, ოჯახის საიდუმლოს ამოსახსნელად მოგზაურობაში გამომყევიო, ლუსის თან გაუკვირდა და თან არა. თურმე საიდუმლოც ისეთი იყო, მისი გაგების შემდეგ მთელ ცხოვრებას სხვაგვარად რომ უნდა შეხედო და უახლოესი ადამიანები ხელახლა გაიცნო. ამ წიგნის თითოეულ ფურცელზე იმ ძალებს იპოვით, რომლებიც ერთმანეთთან დაშორების მერეც გვაკავშირებენ, უცნაურად, ხშირად გაუგებრად.

„პენელოპიადა“, მარგარეტ ეტვუდი

„პენელოპიადა" უძველესი მითის ახლებურად გააზრებას გვთავაზობს. ეს წიგნი გარდაცვლილი პენელოპეს დღიურია ჰადესიდან. მთავარი გმირი გვიამბობს თავისი ბავშვობის და შემდეგ ქორწინების ამბავს, აღგვიწერს ლეგენდარულ ოდისევსს არა ჰომეროსის, არამედ თავისი ქალის თვალით გაცნობილს, როგორ ელოდა ოცი წლის განმავლობაში მეუღლეს, რამდენი რამ გადაიტანა. ეს არის ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟებისა და რადიების სრულიად სხვაგვარად გააზრება.

„ქალი“, ანი ერნო

რა აშორებს და აკავშირებს დედებსა და ქალიშვილებს? რა არის მათ შორის ყველაზე ფაქიზი და, იმავდროულად, უმტკიცესი კავშირის საფუძველი? რა იცვლება მათ ურთიერთობაში გზადაგზა, ბავშვობიდან ხანდაზმულობამდე? რას აღმოვაჩენთ, როცა უკან გავიხედავთ და ვეცდებით, თავიდან დავინახოთ და ვიგრძნოთ უკვე ნანახი და განცდილი ამბები? ანი ერნოს დედა სიცოცხლის უკანასკნელი ორი წელი ალცჰაიმერით იყო დაავადებული. „ქალი“ მისი ამბავია _ ამაფორიაქებელი და ღრმად ემოციური ამბავი დედებსა და შვილებზე, ახალგაზრდობასა და სიბერეზე, ხსოვნასა და დავიწყებაზე. ამ ამბის მოყოლა მწერლისთვის აღმოჩნდა გზა, თვითონ „ემშობიარა“ დედა _ ეპოვა ის, ვინც შეაკავშირებდა ამ ყველაფერს, ეპოვა ქალი თავის დედაში.

„ადამიანები მოპირდაპირე ფანჯარაში”, ჟორჟ სიმენონი

რომანში მოქმედება გასული საუკუნის 30-იანი წლების ბათუმში ვითარდება. ბოლშევიკებმა თან შიმშილი და სიღატაკე მოიტანეს, რასაც რეპრესიებითა და მყვირალა ლოზუნგებით ჩქმალავენ. ამ სასაზღვრო ქალაქში ყველას უთვალთვალებენ. შინაური თუ გარეული, ყველა საბჭოეთის მტერია, მათ შორის, თურქეთის კონსულიც. ორი რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიის შეჯახების ფონზე ვითარდება თურქი დიპლომატისა და მისი მდივნის, რუსი გოგონას, სასიყვარულო ისტორია. როგორი მოულოდნელიც არ უნდა იყოს, სახელგანთქმულ ფრანგ მწერალს, ჟორჟ სიმენონს, ამ სევდიანი რომანის დაწერა ბათუმში მოგზაურობამ შთააგონა. სიმენონი ბათუმში ორჯერ — 1933 და 1938 წლებში — ჩამოვიდა. “შემიყვარდა ეს მხარე... განა შეიძლება დაგავიწყდეს ბათუმის სანაპირო, პორტი, სამხრეთული ბობოქარი ფერები, ზღვის ალერსიანი მოქცევა, მაგრამ მთავარი ხალხია... თუ ბათუმში მოხვდებით, სალამი გადაეცით ჩემს საყვარელ ქალაქს“, — უთხრა ჟურნა ლისტს ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალმა (1986). ბათუმში ყოფნის დროს სიმენონმა გაიცნო სომხეთში თურქეთის კონსული. სწორედ მასთან შეხვედრამ უბიძგა დეტექტიური ჟანრის დიდოსტატად აღიარებულ მწერალს დაეწერა ეს მრავალმხრივ საინტერესო რომანი, რომელიც ქართველი მკითხველისთვის სრულიად ახა ლი რაკურსით წარმოაჩენს საუკუნის წინანდელი საქართველოს სოცი ალური და კულტურული ყოფის სურათებს.

თანმხლები მუსიკა, ფრანსუაზ საგანი

1935 წლის 21 ივნისს ქალაქ კაჟარკში, ბურჟუაზიულ ოჯახში ფრანსუაზ საგანი დაიბადა. სწავლობდა დახურული ტიპის კათოლიკურ სასწავლებელსა და სორბონის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1954 წელს გამოიცა მისი პირველი რომანი „სალამი, სევდავ!”, რომელსაც დიდი წარმატება ერგო — 840 000 ეგზემპლარი გაიყიდა და რომელმაც ცხრა მეტი წლის მწერლისადმი საყოველთაო ინტერესი გააჩინა. აქედან მოყოლებული ფრანსუაზ საგანი მკითხველის საყვარელი მწერალი ხდება. „თანმხლები მუსიკა” ფრანსუაზ საგანის მოთხრობების კრებულია. უჩვეულო, განსხვავებული ხასიათები, პორტრეტები, არაორდინარული ურთიერთობები, სიყვარული, ღალატი, სევდა, მარტოობა... ეს საგანისეული თემები და ხელწერაა, რომელთაც ქართველი მკითხველი კარგად იცნობს მისი რომანებიდან, ამჯერად კი ეს ყველაფერი მცირე პროზის სახითაა წარმოდგენილი.

იაპონური მოთხრობები

იაპონური მოთხრობების კრებულში წარმოდგენილია XVII-XX საუკუნეების საყოველთაოდ ცნობილი სამი იაპონელი ავტორის პროზაული ნაწარმოებები. იჰარა საიკაკუ, კუნიკიდა დოპო და რიუნოსკე აკუტაგავა მკითხველს გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნიან იაპონური კულტურის თავისებურებებზე, რითაც იაპონელები მსოფლიოს დანარჩენი ერებისგან გამოირჩევიან. კრებულში შესულია მოთხრობები: „ამბავი მარტოხელა ქალის სასიყვარულო თავგადასავლისა“, „ძია გენი“, „სუსანოო-ნო მიკოტო“.

„ჩიტის გალობა“, სებასტიან ფოლსკი

საერთაშორისო ბესტსელერი #1. სიყვარულისა და ომის მომაჯადოებელი ამბავი. ისტორია სამი თაობის, პირველი მსოფლიო ომსა და XX საუკუნის 90-იან წლებს შორის ღრმა უფსკრულის შესახებ“. The New Yorker „ჩიტის გალობა“ სებასტიან ფოლკსის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია, რომელიც 1993 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ ბრიტანელების საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებია. წიგნი დიდი ბრიტანეთის არაერთი უნივერსიტეტისა და სკოლის სასწავლო პროგრამაშია შეტანილი. მხოლოდ დიდ ბრიტანეთში მისმა ტირაჟმა ორ-ნახევარ მილიონ ეგზემპლარს გადააჭარბა. ახალგაზრდა ინგლისელი, სტივენ რეისფორდი, 1910 წელს ჩადის საფრანგეთის პატარა ქალაქ ამიენში, სადაც იზაბელ აზერი შეუყვარდება. ის გათხოვილი ქალია, რომელიც ქმართან უბედურია. წყვილი ამიენიდან გარბის, მაგრამ იწყება ომი, სტივენი ბრძოლის ველზეა, სადაც წარმოუდგენელ სისხლის ღვრასა და სისასტიკეში ცდილობს შეინარჩუნოს ადამიანობა და სიცოცხლის სურვილი. ის დეტალურად აღწერს დღიურში ნანახ-განცდილს. გავა ათწლეულები და დღიური სტივენის შვილიშვილს, ელიზაბეთს, სხვაგვარად დაანახვებს სამყაროს, მიახვედრებს, რომ აწმყო წარსულის გარეშე არ არსებობს. ეს არის რომანი სიყვარულსა და სიკვდილზე, მამაცობასა და ტანჯვაზე _ იმ ადამიანების ბედზე, რომლებიც პირველი მსოფლიოს ომის სისხლიან კალოს ემსხვერპლნენ.

„ზღაპარი“, სტივენ კინგი

ჩარლი რიდი შესანიშნავი მოსწავლე, სპორტსმენი და კარგი შვილია. როგორც აღმოჩნდა, ერთგული მეგობარიც, და როცა პირქუში განდეგილი ჰოვარდ ბუდიში კვდება, ბიჭი, ქონებასთან ერთად, მემკვიდრეობით კასეტასაც იღებს, სადაც უფროსი მეგობარი უცნაურ ამბავს უყვება... და იწყება ზღაპარი, სავსე თავგადასავლებით, შიშით, ტკივილით და, საბედნიეროდ, კეთილი დასასრულით.

R