ავტორი:

უნდა გიღალატო: რუმინული დიქტატურის ტყვეობიდან თავისუფლებამდე

უნდა გიღალატო: რუმინული დიქტატურის ტყვეობიდან თავისუფლებამდე

რუტა სეპეტისის წიგნი „უნდა გიღალატო“ 1989 წლის რუმინეთში გვაბრუნებს, დროის იმ წერტილში, როცა ევროპაში კომუნისტური რეჟიმები ინგრეოდა, მაგრამ რუმინეთი ჯერ კიდევ ნიკოლაე ჩაეშუსკეს სისხლიანი დიქტატურის კლანჭებში იყო. ეს არის წიგნი, რომელიც თავისუფლებით, სიმამაცით, შეუდრეკელობით, ქვეყნისა და თავისუფლების სიყვარულით სავსე მოქალაქეების გულის ძგერას შეგვაგრძნობინებს.

რუტა სეპეტისი ამერიკელი მწერალია, რომლის შემოქმედებაც ინდივიდუალური ისტორიების მეშვეობით საბჭოთა რეჟიმის ტრაგიკულ რეალობას აცოცხლებს. პალიტრა L-მა პირველად მისი წიგნი 2016 წელს გამოსცა. რუტა სეპეტისის “რუხ ჩრდილებს შორის” ლიეტუველი გოგოს ამბავს გვიყვება, რომელიც ხატავს, ოცნებობს და ბედნიერად ცხოვრობს, სანამ ერთ ღამეს საბჭოთა ოფიცრების ძალადობა სამუდამოდ არღვევს მისი ოჯახის მშვიდ ცხოვრებას.

ეს ისტორია ერთია იმ მრავალთაგან, რომლებიც სეპეტისის ნამუშევრებში ცოცხლდება, მაგრამ სწორედ ამ ინდივიდუალური განცდებით წარმოაჩენს მწერალი მთელ ეპოქას – რეჟიმის უსამართლობას, რომელიც მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე ახდენდა გავლენას.

რა განაპირობებს რუტა სეპეტისის მუდმივ დაბრუნებას ისტორიის ამ მტკივნეულ წერტილებთან? იქნებ იმიტომ, რომ ეს სივრცეები ჯერ კიდევ ღია ჭრილობებს ჰგავს, რომლებიც ბოლომდე არ განკურნებულა. სეპეტისის ისტორიები გვახსენებს, რომ კომუნისტური რეჟიმის ტრაგიკული მემკვიდრეობა მხოლოდ წარსული არ არის – მისი წარუშლელი გავლენა დღემდე იგრძნობა სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებში. მისი წიგნები იდეალური შეხსენებაა, რომ გამოცდილებები, რომლებიც გვგონია, დიდი ხანია უკან მოვიტოვეთ, ჩვენს რეალობაზე არსებით გავლენას დღემდე ახდენს.

„უნდა გიღალატო“ ერთი რუმინელი ბიჭის, კრისტიან ფლორესკუს ისტორიით იწყება, რომელიც მოგვიანებით მის მეგობრებს, ოჯახსა და მთლიანად ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ რეალობას ეხება.

ნიკოლაე ჩაუშესკუს დიქტატურის დროს ქვეყანაში მკაცრი კონტროლი და საყოველთაო თვალთვალი იყო დამყარებული. ხალხი შიმშილობდა, თავისუფლების სურვილი კი მხოლოდ მალულად ცოცხლობდა გულში. კრისტიანს, 17 წლის მოსწავლეს, ესმის, რომ გაჩანაგებული ქვეყნის საზღვრებს გარეთ თავისუფალი სამყაროა, მაგრამ ის დიქტატორის სპეცსამსახურის, სეკურიტატეს მარწუხებშია მოქცეული და რთული არჩევანის წინაშეა: უნდა გახდეს იძულებითი ინფორმატორი თუ შეებრძოლოს რეჟიმს.

რუტა სეპეტისი პერსონალური ისტორიის თხრობით ქვეყანაში მიმდინარე საყოველთაო ფონს გადმოგვცემს. პროტაგონისტი, რომელიც თითქოს ჩვეულებრივი მოზარდივით ცხოვრობს, იმ მრავალთაგან ერთ-ერთი ხდება, რომლებიც რეჟიმმა მახეში გააბა. მისი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, როცა დიქტატურა მასში შიშისა და ეჭვის გაჩენის სხვადასხვა ხერხს მიმართავს.

„უნდა გიღალატო“ გვახსენებს, რომ ინდივიდუალური და საყოველთაო ბრძოლა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. ეს წიგნი არ არის მხოლოდ პერსონალური დრამა; ის სოციალური და პოლიტიკური რეალობის სარკეა, რომელიც მკითხველს უბიძგებს ფიქრისკენ:

ნიკოლაე ჩაუშესკუს დიქტატურის დროს შიში, რეჟიმისადმი მორჩილება და შენი ოჯახის წევრებისა და მეგობრების ღალატი ყოველდღიურობის ნაწილი იყო. წიგნში ახალგაზრდა გმირები გამუდმებით აკეთებენ არჩევანს სიცოცხლეს, სიმართლესა და თავისუფლებას შორის.

“დღეს, როდესაც ხალხმა ძალიან იმატა, მერმა პროტესტანტებს დაშლისკენ მოუწოდა, მაგრამ მერის ხმა მალე გადაფარა მასის გამეორებულმა ძახილმა ტიმიშორელები ერთხმად, გამუდმებით სკანდირებდნენ: Li-ber-ta-te!

სიტყვა რადიოდან გამოიჭრა, სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, ყელში კი ბურთი მომაწვა: თავისუფლება!”

ეს სიტყვა მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობისგან გათავისუფლებას არ გულისხმობდა – ის საერთო მიზნად იქცა, რომელიც თითოეულ გულში თანაბრად ძგერდა. გულში ჩაბუდებული თავისუფლების სურვილი უფრო დიდ მიზნად გარდაიქმნება, როცა იცი, რომ შენს გვერდით იგივე იდეით გაერთიანებული ხალხია.

რუტა სეპეტისის „უნდა გიღალატო“ გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ერთი ადამიანის ოცნება გადაიქცეს ხალხის საერთო მისწრაფებად. თავისუფლება, რომელიც რეჟიმის მარწუხებში ჩაჭერილი ყველასთვის მიუწვდომელი ჩანდა, მოულოდნელად იქცა ძალად, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებდა.

ეს ბრძოლა მხოლოდ მტრის დამარცხებას არ ეხებოდა – ის საკუთარი ადამიანობის, ღირსებისა და ხვალინდელი დღისთვის შემდგარი საერთო ნაბიჯი იყო. თავისუფლების მისაღწევად გაერთიანებული მიზანი მათთვის უფრო დიდი გახდა, ვიდრე ნებისმიერი ეჭვი თუ შიში, რომელიც რეჟიმმა გააჩინა.

ქართველი თინეიჯერებისთვის და არა მარტო, კრისტიანის დაუმორჩილებლობის შესახებ კითხვა რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ არა მხოლოდ ისტორიის გააზრების გამოცდილებაა, არამედ შთაგონებაა, არასოდეს დაუშვან მისი გამეორება.

დღეს, როდესაც საქართველო იბრძვის იმისთვის, რომ გახდეს ევროპული საზოგადოების სრულფასოვანი ნაწილი, და ერთდროულად გაუმკლავდეს რუსულ გავლენას, ეს წიგნი უფრო აქტუალური და საჭირო ხდება.

თავისუფლებისკენ სწრაფვა, რომლის შესახებაც სეპეტისის გმირები გვიყვებიან, გვახსენებს, რომ ძალა მხოლოდ ერთიანობაშია. სწორედ ერთიანი მიზანი და შეუპოვარი სული გვაძლევს იმედს, რომ საქართველოსთვის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი ოცნებად არ დარჩება – ეს იქნება ჩვენი რეალობა.

R