ავტორი:

საჭირო ინფორმაცია მათთვის, ვისაც ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა სჭირდება

საჭირო ინფორმაცია მათთვის, ვისაც ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა სჭირდება

ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის საჭიროების მქონე ქალებს წლებია უჭირთ, დეტალური ინფორმაცია მიიღონ აღნიშნულ სამედიცინო პროცედურასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მისცემთ, შეარჩიონ უსაფრთხო სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება და უკიდურეს შემთხვევაში, არ მიმართონ თვითნებურ აბორტს.

არაინფორმირებულობა, სოციალური პრობლემები და კანონმდებლობით შექმნილი ბარიერები საქართველოში ქალებს უზღუდავს უსაფრთხო აბორტზე ხელმისაწვდომობას და საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდებისკენ უბიძგებს.

რა უნდა იცოდეს ქალმა, რომელსაც ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა სჭირდება? - სტატიაში დეტალურად განვმარტავთ როგორც საკანონმდებლო დონეზე არსებულ რეგულაციებს, ისე სამედიცინო პროცედურის არსს, რომლის გარშემოც დღემდე არაერთი მითია გავრცელებული.

კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში ორსულობის ნებაყოფლობითი შეწყვეტა 12 კვირამდე ვადაზეა დაშვებული. 12-დან 22 კვირამდე აბორტი კი მხოლოდ სამედიცინო ჩვენებებით არის ნებადართული.

ორსულობის შეწყვეტის მიზნით გამოიყენება აბორტის ორი მეთოდი: მედიკამენტური და ქირურგიული.

ხშირი კითხვაა, რა გამოკვლევების ჩატარება არის საჭირო პროცედურის წინ, იქნება ეს მედიკამენტური თუ ქირურგიული აბორტი? თავდაპირველად, ექიმი მეან-გინეკოლოგი აგროვებს პაციენტის ანამნეზს, აფასებს მდგომარეობას და ნიშნავს შემდეგ გამოკვლევებს:

  • ექოსკოპია ორსულობის დადასტურებისა და ვადის განსაზღვრის მიზნით;
  • სისხლის ანალიზი (ჰემოგლობინი ან ჰემატოკრიტი), თუ პაციენტს აღენიშნება ანემიის ნიშნები;
  • სხვა გამოკვლევები საჭიროების მიხედვით.

დაახლოებით ერთი წლის წინ, ზემოთ ჩამოთვლილ გამოკვლევებს კანონმდებლობით დაემატა პროცედურები, რომელიც არასამთავრობო სექტორისა და სამედიცინო დაწესებულებების ნაწილისგან კრიტიკის საგანი გახდა და ქალებისთვის ახალ ბარიერად იქცა.

კერძოდ, ქალებს შეექმნათ ვალდებულება, გაიკეთონ მეორე ულტრაბგერითი კვლევა პირველის გაკეთებიდან 5 დღის შემდეგ, რაც ექიმების შეფასებით, აზრს მოკლებულია ვინაიდან სამედიცინო თვალსაზრისით აღნიშნული ინტერვალის დაცვით ჩატარებული ექოსკოპია არ არის ინფორმაციული. გარდა ამისა, სავალდებულო გახდა სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგთან კონსულტაცია, რაც სამედიცინო დაწესებულებაში უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

ცვლილებების თანახმად, 10 კვირამდე ვადაზე მედიკამენტური აბორტის ჩატარება შესაძლებელი გახდა სტაციონარებში ან მათთან არსებულ ამბულატორიებში. ხოლო იმ ამბულატორიებში, რომელიც სტაციონართან არ არის დაკავშირებული - ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა 7 კვირამდეა დაშვებული. აღნიშნულმა რეგულაციამ განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებ ქალებს შეუქმნა გეოგრაფიული ბარიერი და დამატებითი ფინანსური წნეხი.

მედიკამენტური აბორტი

კანონმდებლობითა და სამედიცინო ჩვენებით გათვალისწინებული კვლევების ჩატარების შემდეგ, თუ მედიკამენტური აბორტის გაკეთება შესაძლებელია, ექიმი ნიშნავს მედიკამენტებს, რომელიც ორსულობის ვადისა და პაციენტის ჩვენების მიხედვით განისაზღვრება. აღსანიშნავია, რომ მათი თვითნებურად მიღება დაუშვებელია და შესაძლოა, მძიმე გართულებები გამოიწვიოს.

აბორტის მიმდინარეობის დროს შეიძლება საჭირო გახდეს ანტიბიოტიკების, ტკივილგამაყუჩებლების, სიცხის დამწევი მედიკამენტებისა და სხვა ისეთი საშუალებების მიღება, რომელსაც ექიმი თავად შეგირჩევთ. თუ რომელიმე მათგანის მიმართ ალერგია გაქვთ, აუცილებლად აღნიშნეთ ამის შესახებ.

მედიკამენტური აბორტის ჩატარება დისტანციურად, ტელემედიცინის საშუალებითაც არის შესაძლებელი. მაგალითად აშშ-ში აღნიშნული მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული და ეფექტიანია, თუმცაღა საქართველოში ახალი რეგულაციების ამოქმედებამ დისტანციური სერვისი მნიშვნელოვნად შეზღუდა და მისი მიწოდება ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა.

ქირურგიული აბორტი

აბორტის ქირურგიული მეთოდი გულისხმობს ორსულობის შეწყვეტას ოპერაციის გზით, რომლის დროს ნაყოფის ქსოვილების გამოძევება ხდება საშვილოსნოს ყელის გახსნით. ქირურგიული აბორტი შესაძლებელია ჩატარდეს ადგილობრივი ანესთეზიით (ასევე ნარკოზითაც).

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინის თანახმად, ქირურგიული აბორტის ყველაზე უსაფრთხო მეთოდი ვაკუუმ-ასპირაციაა (მანუალური ან ელექტრო), რომელიც რეკომენდებულია ორსულობის პირველ ტრიმესტრში (12 კვირა). აუცილებელია, პროცედურა არ დასრულდეს ბასრი კიურეტაჟით, რათა ქსოვილები არ დაზიანდეს. დილატაცია და კიურეტაჟი (D&C) არის საშვილოსნოს ყელის გაფართოებისა და ბასრი მეტალის კიურეტის გამოყენებით საშვილოსნოს კედლების გამოფხეკის პროცედურა, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია რეკომენდაციას არ უწევს, ამიტომაც მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ქირურგიულ აბორტს მხოლოდ ვაკუუმ-ასპირაციის მეთოდით აკეთებენ. კიურეტაჟი ახალი აბორტის პროტოკოლითაც აღარ არის რეკომენტირებული.

როგორც ქირურგიული, ისე მედიკამენტური აბორტის დროს მოსალოდნელია შემდეგი გვერდითი მოვლენები და გართულებები: სისხლდენა (მცირე რაოდენობით ან ძლიერი სისხლდენა საშოდან), ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, პირღებინება, ფაღარათი, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა და წარუმატებელი მედიკამენტური აბორტი, რის გამოც შესაძლოა დაინიშნოს განმეორებითი ქირურგიული ჩარევა. აღსანიშნავია, რომ ქირურგიული აბორტის შემდგომ არსებობს ინფექციის რისკი, ამიტომაც იმ შემთხვევაში, თუ აბორტის შემდეგ რაიმე ჩივილი გაქვთ, თქვენი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეთ ექიმს (დისტანციურად ან ადგილზე მისვლით) და გაითვალისწინეთ მისი რეკომენდაციები.

როგორია რეაბილიტაციის პერიოდი და რა ხდება პროცედურის ჩატარების შემდგომ?

პროცედურის დასრულებიდან მალევე შეძლებთ სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდეთ. ერთ საათში შეძლებთ საკვების და სითხეების მიღებას. გასათვალისწინებელია, რომ მინიმუმ 24 საათის განმავლობაში დაუშვებელია ალკოჰოლის მოხმარება. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, კლინიკიდან გაწერის დრო დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ სპაზმი ან ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში ან არ იხსნება ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მიღებით, გაქვთ ძლიერი სისხლდენა და მაღალი ტემპერატურა, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას.

გარდა ამისა, თუ ვლინდება დაუსრულებელი აბორტის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სისხლდენა 2 კვირის განმავლობაში, მენსტრუალური ციკლის შეჩერება და ორსულობის ნიშნები ოპერაციიდან ერთი კვირის მანძილზე, არ გადადოთ ექიმთან კონსულტაცია.

სწორად ჩატარებული მედიკამენტური თუ ქირურგიული აბორტი არ იწვევს უშვილობასა და სხვა მძიმე გართულებებს, რომელთა დაკავშირებითაც საზოგადოებაში არასწორი ინფორმაციაა გავრცელებული.

ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის საჭიროების შემთხვევაში ეცადეთ, მცირე ვადაზე მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას და ქირურგიულთან შედარებით უფრო მარტივი - მედიკამენტური ფორმით ჩაიტაროთ პროცედურა.

რა შემთხვევაში უნდა მივმართოთ სამედიცინო დაწესებულებას როგორც მედიკამენტური, ისე ქირურგიული აბორტის პროცედურის შემდგომ?

სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოთ შემდეგი ჩივილების შემთხვევაში:

  • სპაზმი ან ძლიერი ტკივილი მუცლის არეში, რომელიც არ იხსნება ტკივილგამაყუჩებელი;
  • მედიკამენტების მიღებით ან გრძელდება რამდენიმე დღეს;
  • ძლიერი სისხლდენა, რომელიც გრძელდება 2 საათის განმავლობაში (1 სთ-ის განმავლობაში იცვლით ორ დიდ ჰიგიენურ საფენს).
  • გაქვთ 380C-ზე მაღალი ტემპერატურა, რომელიც გრძელდება 4 სთ-ზე მეტხანს ან ტემპერატურა მატულობს მედიკამენტური აბორტის ჩატარებიდან 1 დღის შემდეგ;
  • სუნიანი გამონადენი საშოდან;
  • დაუსრულებელი აბორტის სიმპტომები:
  • სისხლდენა გრძელდება 2 კვირაზე მეტხანს,
  • მენსტრუალური ციკლი არ აღდგა ოპერაციიდან 6 კვირის მანძილზე,
  • ორსულობის ნიშნები (მკერდის გაჯირჯვება, გულისრევა) გრძელდება ოპერაციიდან 1 კვირის მანძილზე.

გასათვალისწინებელია, რომ სქესობრივი აქტის დაწყება მედიკამენტური ან ქირურგიული აბორტიდან 2 კვირის შემდეგ არის შესაძლებელი. აღნიშნული ინტერვალის დაცვა საჭიროა იმისთვის, რომ ინფექციური გართულებები ავიცილოთ თავიდან.

რაც შეეხება აბორტის შემდეგ კონტრაცეფციის გამოყენების საკითხს, პროცედურიდან 2 კვირის მანძილზე აღდგება ოვულაცია, შესაბამისად ჩნდება დაორსულების რისკი, ამიტომაც ექიმის რეკომენდაციით საჭიროა დავიწყოთ კონტრაცეფციული საშუალებების გამოყენება.

არსებობს სხვადასხვა სახის კონტრაცეფციული საშუალება: ორალური კონტრაცეპტივები (აბები), საინექციო კონტრაცეპტივები, იმპლანტები, საშვილოსნოსშიგა საშუალებები (სპირალი), კონდომი, სპერმიციდები, ქირურგიული სტერილიზაცია და სხვა მეთოდები. კონტრაცეფციასთან დაკავშირებით კონსულტაცია უნდა გავიაროთ ექიმთან და შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი მეთოდი.