ავტორი:

"რაც ეს ამბები დაიწყო, ოჯახში სხვა სალაპარაკო აღარ გვაქვს... სალომე ძლიერი ქალია" - რას ჰყვება აქციების გამო თბილისში ჩამოსული მოქანდაკე, რომელიც პრეზიდენტის რძალია

"რაც ეს ამბები დაიწყო, ოჯახში სხვა სალაპარაკო აღარ გვაქვს... სალომე ძლიერი ქალია" - რას ჰყვება აქციების გამო თბილისში ჩამოსული მოქანდაკე, რომელიც პრეზიდენტის რძალია

საფრანგეთში ქართველთა ისტორიული სათვისტომოს ხელმძღვანელი ოთარ ზურაბიშვილი და მეუღლე - დარეჯან ბერეკაშვილი საქართველოში ჩამოვიდნენ, საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ. ოთარ ზურაბიშვილის მეუღლეს ქართული საზოგადოება ნაკლებად იცნობს, დარეჯან ბერეკაშვილის მამამ გაიოზ ბერეკაშვილმა საქართველო 1921 წელს 3 წლის ასაკში, მშობლებთან ერთად დატოვა.

დედამისი ნინო მგალობლიშვილი საფრანგეთში დაიბადა. დარეჯანი კი - ბელგიაში, 1952 წელს. დარეჯან ბერეკაშვილი საქართველოში პირველად 2001 წელს ჩამოვიდა. მსოფლიოში წარმატებული მოქანდაკე - დარეჯან ბერეკაშვილი განათლებით იურისტია. 1960 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს... 2023 წელს თბილისში, "ბაია გალერეაში" გამოფენა ჰქონდა. მიუხედავად იმისა რომ მისი ნამუშევრების გამოფენა ლუვრში ბევრჯერ იყო, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გამოიფინა, ამბობს რომ სამშობლოში გამოფენა ყველაზე ძვირფასი და ემოციური იყო მისთვის და ძალიან განიცდის რაც დღეს საქართველოში ხდება...

დარეჯან ბერეკაშვილი თავად გვესაუბრა...

- მე ვიტყოდი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური რაც ჩემს ცხოვრებაში იყო, ეს თბილისში გამართული გამოფენაა. ხშირად მაქვს გამოფენა საფრანგეთშიც, უცხოეთშიც, მაგრამ თბილისში სულ სხვანაირად დამამახსოვრდა. ეს იყო ერთი წლის წინ და ძალიან კარგად ჩაიარა, უბედნიერესი ვიყავი. ფესვებთან დაბრუნება რასაც ჰქვია, ეს იყო ნამდვილად! ქართველი ემიგრანტების შთამომავალ, გენიალურ მხატვართან - ჰენრი მაჭავარიანთან ერთად მქონდა გამოფენა.

- რამდენჯერ გქონდათ ლუვრში გამოფენა?

- ბევრჯერ, დაახლოებით ათჯერ. ამ ბოლო დროს აღარ მივდივარ, რადგან სიტუაცია შეიცვალა, ნაკლები ხარისხია... ადრე, ერთ-ერთ გამოფენაზე ქართველ მოქანდაკეს - ლევან ბუჯიაშვილს შევხვდი. ქართული საუბარი მომესმა, გამიკვირდა და გავეცანი. შემდეგ მეგობრები გავხდით და ერთობლივად მოვაწყვეთ გამოფენა ლუვრში. ძალიან საინტერესო იყო ორი ქართველის ნამუშევრები ერთად.

- ამბობთ, რომ ძალიან გაღელვებთ, რაც დღეს საქართველოში ხდება...

- დიახ, როგორც ვხედავ ხელისუფლების წარმომადგენლები პატივს არ სცემენ ჩვენს ისტორიას, ჩვენს, გმირებს, წინაპრებს... ძალიან მიუღებელია, რაც დღეს საქართველოში ხდება. სულ ვფიქრობ ჩვენი წინაპრები, ბებია-ბაბუები რამდენი ტანჯვა გადაიტანეს, აქ რომ წამოვიდნენ ბრძოლას მერეც აგრძელებდნენ. ყოველთვის იყო სხვადასხვა პარტიები, მაგრამ მათი საერთო გზა რუსეთის წინააღმდეგ იყო. მე 2001 წლამდე საქართველოში ვერ ჩამოვედი, როგორც მამაჩემს, მეც არ მინდოდა რუსეთისთვის მეთხოვა ნებართვა, შემოვსულიყავი თუ არა ჩემს ქვეყანაში. პირველად 2001 წელს ჩამოვედი, მანამდე სამშობლო არ მენახა.

- როგორი წარმოგედგინათ საქართველო, რაც იცოდით სამშობლოს შესახებ?

- იდეალური წარმომედგინა... ცოტა არ იყოს მეშინოდა, ვაითუ არ იყოს რეალობა ისე, როგორიც წარმომიდგენია-თქო. თუმცა, პირიქით და ჩამოვედი თუ არა, საქართველო იმ წამიდან იმდენად შემიყვარდა, ყველაფერი ძვირფასი გახდა ჩემთვის. ზესტაფონში ვიყავი, სადაც უახლოეს ნათესავებს შევხვდი. ჩვენი დიდი ბაბუები ძმები იყვნენ. საქართველოში ყველაფერი ისეთი იყო, როგორიც ბაბუამ შემაყვარა და კიდევ უკეთესიც.

- ახსენეთ, რომ წინაპრებმა ბევრი იბრძოლეს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის-სალომე ზურაბიშვილის წინაპრებმა... რას იტყოდით სალომე ზურაბიშვილის შესახებ?

- რაც შემიძლია ვთქვა, ძალიან ძლიერი ქალია. მთელი მისი მისია, მისი სამუშაო, ის არის, საქართველო ევროპის ნაწილი იყოს. არ ვიცი, როგორ იტანს ამდენ წინააღმდეგობას, მაგრამ ყველაფერზე ბოლომდე მიდის. მე ვფიქრობ, ძალიან კარგია სალომე ზურაბიშვილი ამჟამად რომ საქართველოს პრეზიდენტია. მან მოხერხდა და ახლაც აქვს კავშირები ევროპელებთან, რაც საქართველოს მთავრობას საერთოდ აღარ აქვს. საქართველოს შანსი, საქართველოს მომავალი ევროპაშია. ან ევროპა, ან რუსეთი და დასკვნა თავად გამოვიტანოთ...

სასაცილოა, როცა ხელისუფლების წევრები ამბობენ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ქვეყანა დაპირისპირებისკენ მიჰყავსო. სალომე ქუჩაში მიდის ხალხთან და საშუალებას არ აძლევენ, სათქმელი თქვას. ხმა გათიშეს, ყველაფერი გააკეთეს ხელი შეეშალათ, რაც იმას აჩვენებს, რომ ძალიან ეშინიათ, მათი სისუსტე ჩანს... რისი ეშინიათ, რატომ არ შეუძლიათ ლაპარაკი?! მხოლოდ მუქარა იციან, ძალიან სუსტი ხელისუფლებაა. ხომ ვნახეთ რამდენი ხალხი იყო რუსთაველზე, ამდენი მგონი არასოდეს ყოფილა. რა თქმა უნდა, ყველას უნდოდა სალომესთვის მოესმინა. მეც იქ ვიყავი, თუმცა ვერავინ ვერაფერი გავიგეთ, ხმა არ ისმოდა.

- თქვენ რა მოლოდინი გაქვთ?

- ცოტა არ იყოს, ვნერვიულობ. ნებისმიერი რამ შეუძლიათ ჩაიდინონ, ძალადობაზე წავლენ და რა მოხდება, არავინ იცის... პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლომდე დაიცავს თავის სიტყვას, თქვა და ასეთია რეალობა, ერთი ლეგიტიმური პრეზიდენტია დღეს მხოლოდ და ეს არის - სალომე ზურაბიშვილი!

- თქვენ როგორ თვლით, უნდა დარჩეს?

- რა თქმა უნდა უნდა დარჩეს! არჩევნები გაყალბებული იყო, პარლამენტი ლეგიტიმური არ არის და როგორ შეიძლება არალეგიტიმური პარლამენტი პრეზიდენტს ირჩევდეს?! ასე არ შეიძლება, ამიტომაც მარტო, იზოლირებული არიან... შევხედოთ რას ამბობენ ამერიკელები, ევროპელები, მაკრონს როგორი მიმართვა ჰქონდა. სანქციები და ყველაფერი აჩვენებს, რომ იზოლირებული არიან. ვხედავთ ხალხი რომ უკვე ერთი თვეა ქუჩაშია,მყარად დგანან, არ იღლებიან და უკან არაფერზე იხევენ.

- მაკრონის განცხადებას როგორ შეაფასებდით?

- რა თქმა უნდა სალომესთან შეხვედრის შედეგი იყო, თორემ საფრანგეთს სხვა პრობლემები აქვს და მაინც დაურეკა ბიძინა ივანიშვილს, სათქმელი უთხრა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მის საუბარს შედეგი მოჰყვება.

- რუსეთში ყოფილხართ?

- არასოდეს ვყოფილვარ და არც მაქვს სურვილი, რუსეთში რა მესაქმება? - თუ ოდესმე მშვიდად ვიქნებით მეზობელთან, რაც დღევანდელ რეალობაში რთულად წარმომიდგენია, შემდეგ შეიძლება ვიფიქრო კიდეც, მაგრამ დღემდე ეს არ ყოფილა...

- საქართველოს საგანგებოდ ეწვიეთ?

- დიახ, მე და ჩემი მეუღლე ხშირად ჩამოვდივართ საქართველოში. რა თქმა უნდა საქართველოს დღევანდელობაზე ოთარიც ძალიან ნერვიულობს, ბრძოლაშია, როგორც ყველა. ამბობს, სხვა გზა არ არის, ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოსო.

- თქვენი შვილები ხშირად ჩამოდიან საქართველოში, ქართული იციან?

- ჩემი უფროსი ქალიშვილი საქართველოშია გათხოვილი ქართველზე, თბილისში ცხოვრობს, ერთი შვილი ჰყავთ, პატარა გოგონა. საქართველოში არიან და რასაკვირველია ქართული კარგად იციან... ორი შვილი პარიზშია, მათ ქართული ცოტა დაავიწყდათ, რადგან ხშირად ჩამოსვლას ვეღარ ახერხებენ. თუმცა ძალიან დიდი სურვილი აქვთ ისევ აღიდგინონ, ქართულად კარგად საუბრობდნენ, საქართველო ძალიან უყვართ და გულშემატკივრობენ. რაც ეს ამბები დაიწყო, ოჯახის წევრებს სხვა საფიქრალი და სალაპარაკო აღარ გვაქვს, სულ ამაზე ვმსჯელობთ, რასაც ვხედავთ. ჩვენი ფიქრები სულ ამის ირგვლივ ტრიალებს.