ავტორი:

"აპოლიტიკურიც ვარ, მაგრამ ვხდებოდი, რომ ეს კარგი ამბავი არ იყო... დღეს ზოგიერთ ჩემს მეგობართან იმის მტკიცება მჭირდება, რომ რუსეთი მტერია!" - ვახო ჩაჩანიძე

"აპოლიტიკურიც ვარ, მაგრამ ვხდებოდი, რომ ეს კარგი ამბავი არ იყო... დღეს ზოგიერთ ჩემს მეგობართან იმის მტკიცება მჭირდება, რომ რუსეთი მტერია!" - ვახო ჩაჩანიძე

მსახიობი ვახო ჩაჩანიძე წუხს იმის გამო, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ხდება. ის სოციალური ქსელითაც აფიქსირებს თავის მოსაზრებას. განსაკუთრებით ადარდებს მისი კოლეგების ბედი, რომელთაგან ზოგი დაჭერილია და ზოგიც - ნაცემი. ვახო ჩაჩანიძე 28 ნოემბრიდან დღემდე საკუთარ პროტესტსაც უერთებს საყოველთაო პროტესტს და რუსთაველზე შეკრებილი ადამიანების მოთხოვნებს იზიარებს.

ვახო ჩაჩანიძე:

- ჩემი გაბრაზება და განგაშის ზარის ჩართვა ევროინტეგრაციისკენ სვლის შეჩერებამ გამოიწვია, რაც მაინცდამაინც 28 ნოემბერს არ მომხდარა, როცა ეს უკვე ღიად გამოცხადდა. ამას აპრილიდან ვატყობდი, როდესაც მთავრობა ამ გზას „რუსული კანონის“ მიღებით დაადგა. პოლიტიკაში დიდად ჩახედული არ ვარ, აპოლიტიკურიც ვარ, მაგრამ ვხდებოდი, რომ ეს კარგი ამბავი არ იყო. თუმცა რატომღაც ასე საგანგაშოდ არ მივიჩნევდი. მერე, როგორც კი ამ კანონთან დაკავშირებით დასავლეთის გზავნილები მოვისმინე, სადაც კანონის გაწვევას გვთხოვდნენ, რადგან ეს ჩვენს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში შეაჩერებდა, უკვე განგაშის ზარი შემოვკარი. ფაქტია, რომ ჩვენი სტრატეგიული მეგობრები, პარტნიორები გვეუბნებოდნენ - ეს არ ქნათო.

მერე თითქოს მთავრობა იმ პოზაში დადგა, ევროკავშირმა აქეთ შეგვეხვეწოს ევროკავშირში გაერთიანებაო. თითქოს დასავლეთი ვალდებული იყო, თავს გადაგვყოლოდა. იყო ამბავი ატეხილი რატომ მიგვატოვაო. ჯერ ერთი არ მივუტოვებივართ და თუნდაც ასე ყოფილიყო, ყველაფერი ხომ შედარებითია? სიტყვაზე, მათი ეს 35-წლიანი უყურადღებობა ჩვენს 250-წლიან რუსეთთან ურთიერთობასთან რა მოსატანია?! საოცრებაა... არადა მარტივია - უნივერსიტეტში რომ აბარებ, თუ გამოცდები არ ჩააბარე, ვინ მიგიღებს? ჰოდა, ამ დროს რომ ვთქვათ, არა, მე ამ საგნებს არ ჩავაბარებ და ამ უნივერსიტეტში მაინც მოვხდები... ევროინტეგრაცია ხომ ჩვენი ისტორიული ინტერესია იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ იმ კლანჭებს, რაშიც ამდენი წელია ვართ.

- თქვენ გარშემო, სამეგობროში რა სიტუაციაა?

- უმეტესობა ჩემნაირ მდგომარეობაშია და ნაწილს ვერ ვხვდები, რა დაემართა?! ასე როგორ ამოტრიალდნენ, ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. ვერც იმას წარმოვიდგენდი, თუ სადმე დადგომა და იმის გაპროტესტება დამჭირდებოდა, რომ არა რუსეთს! ეს იმის შემდეგ, რაც ჩემს ნაცნობებთან, მეგობრებთან, ჩემი თაობის ადამიანებთან ერთად თბილისის ომით დაწყებული, აფხაზეთი, სამაჩაბლო ყველაფერი გავიარეთ. მერე იყო, რომ ზოგს მიშა მოსწონდა, ზოგს - გრიშა, მაგრამ იმ მთავარში ყოველთვის ერთად ვიყავით. ახლა ის ერთი დაგვერღვა. დღეს ზოგიერთ ჩემს მეგობართან იმის მტკიცება მჭირდება, რომ რუსეთი მტერია! პოლიტიკურად კონტექსტში ვსაუბრობ, თორემ, შეიძლება რუსი მეგობარიც მყავს და ადამიანებს არაფერს ვერჩი.

დღეს შავზე თეთრის მტკიცება მიწევს. გული მწყდება და თან მათთან კამათი აზრს კარგავს, ვინც საქართველოს ისტორია იცის. ვინც არ იცის, მას შეიძლება მიუთითო, გადახედე და აქედან გამომდინარე მესაუბრე-მეთქი. მართლა უცნაურია, როცა ასეთი დაბნელება ხდება. აქ და ასეთ დროს უძლური ვარ, ვერ ვერაფერს ვხვდები, რა ხდება. არ ვამბობ, რომ აგიტატორი ვარ, მაგრამ ყველას ერთმანეთთან ხომ გვიწევს საუბარი, მაგრამ საწინააღმდეგო პოზიციაზე მყოფები არგუმენტირებულად ვერ მელაპარაკებიან...

- ამასობაში ადამიანებმა, რომლებმაც გააპროტესტეს, დაზარალებულ-დასახიჩრებულები აღმოჩნდნენ... ვიცი, რომ თქვენი მეგობარი მსახიობების გათავისუფლებას მოითხოვთ...

- კი, მათ შორის არიან ჩემი მეგობრები - ანდრო ჭიჭინაძე, უწესიერესი კაცი, იგივე ვეფხია კასრაძე, ცხინვალის თეატრის მსახიობი, ნაომარი ადამიანი, 5 შვილის მამა, უვაჟკაცესი ისეთი თითიდან გამოწოვილი აბსურდული მიზეზითაა დაკავებული, რომ 9 წლიანზე უშვებენ. ანდრო ჭიჭინაძეს კარგად ვიცნობ, არავის გაფეტიშება არ მინდა და არც მიკერძოებული ვარ, ანდრო სამაგალითო ახალგაზრდა კაცია. მასთან იმდენი შეხება მქონია, რომ თამამად შეიძლება ეს ვთქვა. თუ ადამიანის საქციელს არ ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ ცუდი რამ ჩაიდინა, ჩემი შვილიც რომ იყოს, თუ რამე კანონს გადააბიჯა, გვერდით ვერ დავუდგები. ვიმეორე, ეს ყველაფერი ახლა რატომ ხდება, მართლა ვერ გავიგე. ისეთი პოლიტიკური სვლებია ხოლმე, რომ ვერ ვეწევი. ერთი ვიცი, რომ მე არგუმენტებით ვსაუბრობ და აქედან გამომდინარე მაქვს ეს განგაშის ზარი ჩართული. საწინააღმდეგო პოზიციაზე მყოფები ძირითადად უარგუმენტოდ მესაუბრებიან. სიტუაცია ამ ჩიხიდან აუცილებლად გამოსაყვანია.

- ეს ნაბიჯი ვინ უნდა გადადგას?

- მთავრობამ, რომ დამშვიდდეს მდგომარეობა. რაც არ უნდა „იმედმა“ დამალოს და აქციაზე 30 კაცი გვაჩვენოს, ნოემბრის აქციების ვიდეოებზე თქვას აპრილის აქციის ვიდეოებია, არაფერი გამოვა. ეს ადამიანებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა. ბოლო დღეების აქციებზე თქვეს - 3000 კაცზე მეტი ვერ მოგროვდაო, არადა, ისტორიული ვიდეოები დაიდო, მთელი საქართველო ხორუმში ვიყავით ჩაბმული... ამ ტყუილის შემდეგ მათ ნათქვამს ვერაფერს ვიჯერებ. თავისი ამომრჩეველიც მოტყუებული დატოვეს. იმ 28 ნოემბრის განცხადების მერე ბევრი განუდგა.

- მაგრამ უმეტესობა პოზიციას არ იცვლის...

- კი, მაგრამ ამდენი ნაცემი ადამიანის ფონზე მიკვირს მათი პოზიცია. აქ უბრალოდ ადამიანურობაზე, კოლეგიალობაზე და სოლიდარობაზეა ლაპარაკი. ჩვენი ამდენი კოლეგაა ნაცემი, დაპატიმრებული და ძალიან მიკვირს ეს დამოკიდებულება. თითქოს არაფერი მომხდარა. გულდასაწყვეტია, რომ ეს ყველაფერი არ შეეხო ჩვენს რამდენიმე კოლეგას, რომლებსაც ადამიანურობაში პრობლემა არასდროს ჰქონია. ნუთუ ეს არაფერს ნიშნავს?

- არა მარტო სამსახიობო წრეში, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებშია შეუთანხმებლობა...

- კი და ზუსტად ესაა ჩვენი დღევანდელი ცუდი მდგომარეობა. საზოგადოება ორადაა გახლეჩილი - ოჯახებში, სამსახურებში, სამეგობროში. ოჯახის სიწმინდის დაცვაზე თუ ვსაუბრობთ, მგონი, ასეთი რაღაცები ოჯახის სიწმინდეს უარყოფითად ურტყამს. ყველაფერში თვალის ახვევა რომ მიდის, ეს ხომ ნათელია.

- ვახო, რას ფიქრობთ რა არის გამოსავალი?

- ის, რასაც საზოგადოება ითხოვს. ნახევარზე მეტი ქვეყანაში მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. ამას ეუთო/ოდირიც გვიდასტურებს. პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ მის შენიშვნებში ეს ყველამ ამოვიკითხეთ. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ჩემს ნათქვამს თუ რაიმე აზრი აქვს, მიმაჩნია, რომ პარლამენტი არასდროს უნდა იყოს ერთპარტიული. თუნდაც ის ჯანსაღი ძალა, რომელიც ამ ახალგაზრდებიდან წამოვა (დარწმუნებული ვარ, ჯანსაღი პოლიტიკური ძალა შეიქმნება), არც ისინი უნდა იყვნენ ერთმმართველობაში. ეს უნდა დასრულდეს. არსად ამართლებს, მით უმეტეს, ჩვენთან. ფაქტია, რომ არ გაამართლა და უნდა შეიცვალოს. სისტემის მთავარი ცვლილება ის იქნება, რომ ინსტიტუციები რომელიმე კონკრეტულ პარტიას ვეღარ დაემორჩილებიან, რაც ჯანსაღ კონკურენციას წარმოქმნის... ამ ეტაპზე კი ამ ხალხს სახლში არაფერი შეიყვანს. ეს აქცია ახლა ხალხზე დგას, სადაც ლიდერი არ არსებობს. აქცია მხოლოდ ხალხს უჭირავს. საოცარია ასეთი რამ, ასე მასობრივად, სტაბილურად, ყოველდღე ამდენი ხალხი გამოვიდეს და პროტესტი გამოხატოს, ეს ხელწამოსაკრავი ამბავი არ არის...

წაიკითხეთ ასევე: