ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს “ღირსების” ორდენით დაჯილდოებას უპირებ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"სახელმწიფოსგან მუდმივი ტყუილი შიდა პოლიტიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე და გარე სამყაროზე იყო საბჭოთა კავშირის მართვის მთავარი ხერხი. დასახვრეტ ადამიანებსაც ამიტომ აიძულებდნენ ამ ტყუილში მონაწილეობას და საკუთარ მოგონილ დანაშაულის აღიარებას.
უკვე არც “რუსული” კანონები, თუ “რუსული” არჩევნები აღარ კმარა, ახლა ქვეყანა ამ აცდენილ რეალობაში გადაიყვანონ უნდათ. ტოტალური ტყუილი სუფევს, სადაც პარტნიორების განცხადებები საზოგადოებას გაყალბებულად წარუდგენენ, როცა უცხოელ პარტნიორებს უტიფრად ატყუებენ! ეუთო/ოდირის უმკაცრეს დასკვნის გამარჯვებად გასაღება ამის მხოლოდ ერთი მაგალითია!
ამ ტყუილ-მართლის ტოტალური ინვერსიის და ღირებულებების თავდაყირა დაყენების ლოგიკური გაგრძელებაა, როცა შენი ქვეყნის რეპრესიის კრიმინალურ ვერტიკალს “ღირსების” ორდენით დაჯილდოებას უპირებ!” - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ირაკლი კობახიძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ღირსების ორდენზე წარსადგენთა შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები.
"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ინაუგურაციის შემდეგ ღირსების ორდენზე წარვადგინო შს-ის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები.11 თანამდებობის პირზეა საუბარი. ესენი არიან შს მინისტრი, ვიცე - პრემიერი, ვახტანგ გომელაური, შს მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე, გიორგი ბუთხუზი, შს მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე, შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თემურ კუპატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, სულხან თამაზაშვილი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები მილერი ლაგაზაური და მირზა კერზევაძე. ინაუგურაციის შემდეგ 11-ივე წარმომადგენელი ჩვენი მხრიდან ღირსების ორდენზე იქნება წარდგენილ“, - განაცხადა კობახიძემ.
ინფორმაციისთვის, შსს-ს აღნიშნული ხელმძღვანელი პირებიდან ზოგიერთი ამერიკის შეერთებული შტატებისა და და ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან სანქცირებულია.