გერმანიაში საშობაო ბაზრობაზე მანქანის შევარდნას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი და საერთაშორისო მედია ავრცელებს.
გერმანული გამოცემა dpa-ის ცნობით, ქალაქ მაგდებურგში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მძღოლი პოლიციამ დააკავა. AFP აღნიშნავს, რომ 60-80 ადამიანი დაშავდა.
ქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მიხაილ რეიფი ვარაუდობს, რომ ეს განზრახ განხორციელებული აქტი იყო და ადგილზე "საშინელი სურათია".
რა არის ცნობილი თავდამსხმელის შესახებ?
dailymail-ის ინფორმაციით, საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებული, რომელმაც სულ მცირე ორი ადამიანი მოკლა, არის ექიმი საუდის არაბეთიდან, რომელიც გერმანიაში 2006 წელს ჩავიდა.
ტალებ ალ-აბდულმოჰსენი 50 წლის ფსიქოლოგია. ის ბაზრობაზე 20 დეკემბერს, მუქი BMW-ით შევარდა და როდესაც პოლიციამ დააკავა ხელში იარაღი ეკავა.
MailOnline-ის ცნობით, ალ-აბდულმოჰსენი, ფსიქიატრიისა და ფსიქოთერაპიის სპეციალისტია საუდის არაბეთის ქალაქ ჰოფუფიდან, გერმანიაში 2006 წელს ჩავიდა და ცხოვრობდა ქალაქ ბერნბურგში. ის ლტოლვილად 2016 წლიდან არის აღიარებული.
მისი სოციალური ქსელი სავსეა გერმანიის საწინააღმდეგო განცხადებებით:
"გერმანია დევნის ქალ თავშესაფრის მაძიებლებს, გერმანიის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, რათა გაანადგუროს მათი სიცოცხლე. გერმანიას სურს ევროპის ისლამიზაცია“.
"ამ ქვეყანაში ცხოვრობს ხალხი, რომელიც აქტიურად სდევნის ისლამის კრიტიკოსებს".
"ის გერმანიაში ჩავიდა, როგორც მოწვეული ექიმი, მოგვიანებით კი თავშესაფარი მოითხოვა, რადგან ისლამისგან თავის დაღწევის გამო სიკვდილით დაემუქრნენ. 44 წლის მამაკაცი პოლიტდევნილად არის აღიარებული”, - წერდა ადგილობრივი გაზეთი მასზე ხუთი წლის წინ.
თავდასხმის განხორციელებამდე სულ რაღაც ხუთი დღით ადრე, ალ-აბდულმოჰსენმა ინტერვიუ მისცა RAIR-ს, სადაც მან თქვა:
"თუ სირიის მოქალაქე ითხოვს თავშესაფარს გერმანიაში, თავშესაფრის მინიჭების შანსი არის 99,8%. თუ საუდის არაბეთის მოქალაქე ითხოვს თავშესაფარს გერმანიაში, ეს შანსი მხოლოდ 70%-ია და პირადად მე ვიცი, რომ მათგან ბევრი ყოფილი მუსლიმია. გერმანია მიესალმება სირიელებს, მათ შორის ბევრ ისლამისტს, და ამავდროულად უარყოფს საუდის არაბეთიდან წამოსულებს, ადამიანებს, რომლებიც ნამდვილად გაურბიან შარიათზე დაფუძნებულ სასიკვდილო განაჩენებს".
მაგდებურგის საშობაო ბაზრობა, რომელიც მაგდებურგის მერიის გვერდით, მდინარე ელბასთან ახლოს მდებარეობს, ინციდენტის შემდეგ ორგანიზატორებმა დახურეს.