ავტორი:

ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში და კობახიძის მადლობა

ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში და კობახიძის მადლობა

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში OSCE/ODIHR წინასწარ დასკვნებს ადასტურებს, - ამის შესახებ ნათქვამია ეუთო/ოდირის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში.

"აღინიშნება, რომ იყო ნაბიჯები, რომლებიც საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობას ამცირებდნენ, ისევე როგორც ამომრჩევლებზე ზეწოლა, რამაც საარჩევნო დღის პრაქტიკებთან კომბინაციაში ზოგ ამომრჩეველს შურისძიების შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცა“.

„არჩევნების შემდგომი მოვლენებისა და საჩივრების შეფასების დროს ODIHR-მა აღმოაჩინა, რომ საჩივრები სათანადოდ არ განიხილებოდა, რაც სამართლებრივი დაცვის საშუალებებს ზღუდავდა, ხოლო პროტესტების ძალისმიერმა ჩახშობამ და მრავალრიცხოვანმა დაკავებებმა მშვიდობიანად შეკრების საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გააჩინეს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, მაშინ, როდესაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ კანონიერი ჩარჩო შესაბამის საფუძველს ქმნის დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად, ანგარიში ასევე ხაზს უსვამს, რომ ბოლო დროის ხშირი შესწორებები უკან გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა, რამაც პოლიტიკური სარგებლისთვის გამოყენებაზე შეშფოთება გაზარდა, და იმეორებს ODIHR-ის დიდი ხნის რეკომენდაციას ყოვლისმომცველი საკანონმდებლო გადახედვისთვის.

„მანდატის თანახმად, ეუთო/ოდირი არც სცნობს და არც ადასტურებს არჩევნებს. ნაცვლად ამისა, ODIHR უნივერსალურ პრინციპებზე, საერთაშორისო ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაზე ყველა წევრი ქვეყნის მიერ აღებულ ვალდებულებაზე დაყრდნობით საარჩევნო პროცესის ყოვლისმომცველ და მიუკერძოებელ შეფასებას იძლევა. ეს ამომრჩევლებს საშუალებას აძლევს ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრება არჩევნების ხარისხზე," - ნათქვამია განცხადებაში.

„მრავალრიცხოვანმა პრობლემებმა, რომლებიც ჩვენს საბოლოო ანგარიშშია აღნიშნული, ნეგატიური ზეგავლენა მოახდინეს ამ არჩევნების სამართლიანობაზე და პროცესისადმი საზოგადოების ნდობა წაშალეს. დემოკრატიული პრინციპების დასაცავად, რომლებიც ახლა სასწორზეა საქართველოში, სასწრაფოდ მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურმა პირებმა პასუხი გასცენ ყველა წუხილს," - განაცხადა ოუენ მერფიმ, რომელიც საქართველოში 2024 წლის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობდა.

  • პრემიერის მადლობა

მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახლახანს გამოქვეყნდა ეუთო/ოდირის დასკვნა, "ეს დასკვნა არსებითად იმეორებს წინასწარ დასკვნას, რომელიც თავის დროზე ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა უშუალოდ არჩევნების შემდეგ“.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს, რომელმაც მიუხედავად თავდასხმებისა, სათანადოდ შეაფასა საპარლამენტო არჩევნები. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეუთო/ოდირი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისათვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. ეს იკითხება ეუთო/ოდირის დასკვნის საერთო შინაარსიდან. მინდა მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს. თქვენ ნახეთ, როგორი მძიმე რეაქცია ჰქონდა ოპოზიციას საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტზე, იხილეთ აგრესიული თავდასხმები ალენ ბერსეს მიმართ. ჩვენ ველოდებით კიდევ ერთხელ ასეთ აგრესიულ თავდასხმას ეუთო/ოდირის მიმართ. ეს დასკვნა იმეორებს იმ დასკვნას, რომელიც წარმოდგენილი იქნა არჩევნების შემდეგ და მაშინ ამ დასკვნამ გამოიწვია დიდი გაღიზიანება რადიკალურ ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, ველოდებით ასეთივე გაღიზიანებას ამ შემთხვევაშიც.

რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ეუთო/ოდირთან თანამშრომლებისთვის, ამ დასკვნაში არის კონკრეტული რეკომენდაციებიც წარმოდგენილი და მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ ყველა რეკომენდაციის სათანადოდ განხილვისთვის და შესაბამისად გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაციები, სადაც ეს მიზანშეწონილად ჩაითვლება“, - განაცხადა კობახიძემ.

იხილეთ ასევე: