ავტორი:

3 კერძი, რომელიც მწვანე ხის გველს უნდა დაახვედროთ სუფრაზე, რომ წარმატებული წელი გქონდეთ

3 კერძი, რომელიც მწვანე ხის გველს უნდა დაახვედროთ სუფრაზე, რომ წარმატებული წელი გქონდეთ

2025 წელი ჩინური კალენდრის მიხედვით მწვანე ხის გველის წელია, რაც სიბრძნეს, ჰარმონიასა და ცვლილებებს განასახიერებს. ახალ წელს სწორედ სიმბოლური კერძები ქმნიან მყუდრო ატმოსფეროს და დადებით ენერგიას. საახალწლო მენიუს შედგენისას უნდა გაითვალისწინოთ დამდეგი წლის სიმბოლოს უპირატესობები.

მაგალითად, მწვანე ხის გველის წლის დასახვედრად, აქცენტი უნდა გაკეთდეს მწვანე ფერის ბოსტნეულზე, ნატურალურ პროდუქტებსა და ნოყიერ კერძებზე, რომლებიც სიბრძნეს, სიმშვიდეს და ჰარმონიას გამოხატავენ. ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტი - თევზია, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს სიუხვეს, კეთილდღეობასა და ჰარმონიას. გველი წყლის ენერგიასთან არის დაკავშირებული, ამიტომ თევზი და ზღვის პროდუქტები 2025 წლის საახალწლო სუფრის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს.

ჩვენ შევარჩიეთ 3 კერძი, რომლებიც იდეალურად შეეფერება მწვანე ხის გველის წელს. ისინი არა მხოლოდ დაამშვენებენ თქვენს საახალწლო სუფრას, არამედ წარმატებას და კეთილდღეობას მოიზიდავენ თქვენს ცხოვრებაში.

1. ფენოვანი სალათა ქაშაყით, კარტოფილით, მჟავე კიტრითა და ყველით

მწვანე ხის გველისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს ბუნებრიობასა და სიმწვანეს. საახალწლო სუფრაზე უპირატესობა მიანიჭეთ მწვანე ბოსტნეულს, როგორიცაა კიტრი, მწვანე სალათის ფოთლები, ბარდა და სხვადასხვა მწვანილი. ეს ინგრედიენტები სუფრას არა მხოლოდ სიმსუბუქეს და სიჯანსაღეს შესძენს, არამედ ჰარმონიულად გამოხატავს გველის სიბრძნეს და სიმშვიდეს. კერძის ძირითადი ინგრედიენტი კი ქაშაყია. დროის დაზოგვის მიზნით, შეგიძლიათ შეიძინოთ „ოკეანის“ გასუფთავებული, დაჭრილი და მზა ქაშაყი, რომელიც დამარინადებულია მწვანე ხახვთან და მწვანილთან ერთად.

ინგრედიენტები (4 ულუფისთვის):

  • ქაშაყი: 330 გ

  • კარტოფილი: 320 გ
  • მჟავე კიტრი (მარინადი) 320 გ
  • რბილი ყველი (ჩედარი, გაუდა ან სულგუნი, თქვენი გემოვნებით): 100 გ
  • მწვანე ხახვი: 50 გ
  • კვერცხი: 2 ცალი
  • მაიონეზი: 100 გ
  • კონსერვირებული მწვანე ბარდა (დეკორაციისთვის): 50 გ

მომზადების წესი:

  1. ქაშაყი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც მთლიანი, ასევე დაჭრილი ფილე.
  2. რბილი ყველი გახეხვამდე 15-20 წუთით შედეთ მაცივარში.
  3. კარგად გარეცხეთ კარტოფილი და კვერცხი, მოხარშეთ მარილიან წყალში.
  4. კვერცხი ხარშეთ 10 წუთი ადუღებიდან. კარტოფილი - 15-25 წუთი, ზომის მიხედვით. მოხარშვის შემდეგ, გააციეთ და გაფცქვენით.
  5. ფენების აწყობა: ფორმის მისაცემად გამოიყენეთ კულინარიული რგოლი ან ხელნაკეთი პლასტმასის ბოთლისგან გამოჭრილი რგოლი.
  6. პირველი ფენა: გახეხეთ კარტოფილი, გადაანაწილეთ ფენად და წაუსვით მაიონეზი.
  7. მეორე ფენა: დაჭრილი ქაშაყის ფილე გადაანაწილეთ კარტოფილის ფენაზე.
  8. მესამე ფენა: დაჭრილი მწვანე ხახვი დაამატეთ ქაშაყზე.
  9. მეოთხე ფენა: რბილი ყველი გახეხეთ წვრილ სახეხზე და გადაანაწილეთ ხახვზე.
  10. მეხუთე ფენა: გახეხეთ მჟავე კიტრი, თუ ზედმეტად სველია, შეაშრეთ ქაღალდის ხელსახოცით და მოათავსეთ ყველზე, შემდეგ დაამატეთ მაიონეზი.
  11. მეექვსე ფენა: კვერცხი გახეხეთ, გადაანაწილეთ კიტრის ფენაზე.
  12. ფრთხილად მოაშორეთ რგოლი. სალათის ზედაპირს მოაყარეთ კონსერვირებული მწვანე ბარდა.

2. ნორვეგიული ორაგულის ბრუსკეტები

ლამაზი და გემრიელი იდეა ნორვეგიული ორაგულით.

ინგრედიენტები:

  • მდნარი ყველი – გემოვნებით
  • ტოსტის პური
  • შებოლილი ორაგული – 28 გ

  • კიტრი – 1 ცალი
  • მოხარშული ჭარხალი – 1 ცალი
  • ქათმის დიდი კვერცხი – 1 ცალი
  • კამა – 1 კონა

მომზადების წესი

  1. ტოსტის პურიდან გამოჭერით მრგვალი ნაჭრები, წაუსვით მდნარი ყველი.
  2. ზემოდან დააწყვეთ შებოლილი ორაგული, კიტრის ნაჭერი, მოხარშული ჭარხალი და მაგრად მოხარშული კვერცხი.
  3. მოაყარეთ კამა და მორთეთ სურვილისამებრ.

3. სალათა „შუბა“ - თანამედროვე ვარიაცია

ტრადიციული სალათის თანამედროვე ვარიაცია. ხასხასა ფერები და ორიგინალური გადაწყვეტა - ამ რეცეპტით არა მარტო გველის წელს ასიამოვნებთ, არამედ სტუმრებსაც სასიამოვნოდ გააკვირვებთ.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი - 3 ცალი
  • ჭარხალი - 470 გ
  • კარტოფილი - 315 გ
  • სტაფილო - 200 გ
  • ხახვი - 50 გ
  • მაიონეზი - 240 გ
  • ქაშაყი - 170 გ

  • ჟელატინი - 14 გ
  • მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ხახვი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და დაასხით მდუღარე წყალი. ქაშაყი დაჭერით კუბიკებად. კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო და კვერცხი მოხარშეთ მარილიან წყალში. მოხარშული კარტოფილი, სტაფილო და კვერცხი გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
  2. აიღეთ 16 სმ დიამეტრის კულინარიული რგოლი (შეიძლება რეგულირებადი). რგოლი დადეთ თეფშზე. შიგნით წაუსვით მცენარეული ზეთი.
  3. მაიონეზი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში. პირველ ფენად მოათავსეთ გახეხილი კარტოფილი და დააბრტყელეთ.
  4. შემდეგ ფენად დადეთ მაიონეზის ბადე, ქაშაყი, ხახვი, ისევ მაიონეზი, შემდეგ კვერცხი და ისევ მაიონეზი. ბოლო ფენად მოათავსეთ სტაფილო და მაიონეზი, კარგად დააბრტყელეთ.
  5. გადააფარეთ საკვები პარკი და შედგით მაცივარში 3 საათით. ჟელატინს დაასხით თბილი წყალი და გააჩერეთ, რომ გაფუვდეს. ჭარხალი გაჭერით 4 ნაწილად და დააბლენდერეთ ერთგვაროვან მასად.
  6. ჭარხლის მასაში დაამატეთ დარჩენილი მაიონეზი (160 გ), მარილი გემოვნებით და ისევ გაატარეთ ბლენდერით. გაფუებული ჟელატინი გაათბეთ მიკროტალღურ ღუმელში თხევად მდგომარეობამდე (90 გრადუსზე მეტად არ უნდა გაცხელდეს). თხევადი ჟელატინი შეურიეთ ჭარხლის მასას და კარგად აურიეთ.
  7. მაცივრიდან გამოღებულ ტორტს მოაცილეთ რგოლი და პარკი. აიღეთ 18 სმ დიამეტრის (წინაზე უფრო ფართო) რგოლი, დააფარეთ სალათს, წაუსვით მაიონეზი ყველა მხრიდან.
  8. ჭარხლის მასა გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში და ტორტს დაასხით ზემოდან, ფრთხილად გაანაწილეთ სპატულით, გაასწორეთ ზედაპირი და შედგით მაცივარში მინიმუმ 3 საათით ან მთელი ღამით.
  9. დასასრულს მოაცილეთ რგოლი. გააფორმეთ გემოვნებით: ქაშაყის ნაჭრებით, მწვანილით, სეზამის მარცვლებით ან ჩილის წიწაკის რგოლებით.

გილოცავთ დამდეგ 2025 წელს!

NS