ავტორი:

გზა ბაკურიანიდან დუბაიმდე

გზა ბაკურიანიდან დუბაიმდე

ლოინა მეტრეველი Tourify-ის დამფუძნებელია. კომპანია დუბაიშია რეგისტრირებული. ლოინა მეტრეველი 17 წელია, მომსახურების სფეროში საქმიანობს და ადამიანების მომსახურება მისი ცხოვრების ნაწილია.

ყველაფერი კი ასე დაიწყო, ლოინა მეტრეველი თავიდან ბაკურიანში, კოტეჯებს, აპარტამენტებს და საოჯახო სასტუმროს აქირავებდა, რაც მისთვის მხოლოდ საოჯახო ბიზნესი იყო. რამდენიმე ოთახით დაიწყეს და შემდეგ გაფართოვდნენ.

„ავაშენეთ კოტეჯები. დავიწყეთ აპარტამენტების და კოტეჯების მართვა, გვაქვს მართვის სისტემა. როგორც იცით, საქართველოში იზრდება ტურისტების შემოდინება და განსაკუთრებით აზიური ქვეყნებიდან (საუდის არაბეთი, ემირატები), ყოველ წელს სულ უფრო მეტ ტურისტს ვიღებდით, უმეტესად ზაფხულობით. თანდათან დაიბადა იდეა, ჩემი ბიზნესი ამ სფეროთი გამეფართოებინა და ტურისტული კუთხით წავსულიყავი. თვითონაც ძალიან მიყვარს მოგზაურობა, ბევრს ვმოგზაურობ და ერთ-ერთ მოგზაურობის დროს ტურისტული კომპანიის გახსნის შემოთავაზება მივიღე. ასე დაიბადა Tourify-ის გახსნის იდეა“ - გვეუბნება ლოინა მეტრეველი, რომელმაც შემოთავაზება ადგილობრივისგან მიიღო.

„დიახ, დღესდღეობით დუბაიში ჩემი პარტნიორი გახლავთ. მოკლედ, 2024 წლის ზაფხულში დავაარსეთ კომპანია დუბაიში. ვმუშაობთ როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურებზე. ტურისტები შემოგვყავს საქართველოში და ასევე ემირატებში საქართველოდანაც გაგვყავს, თუმცა ვაპირებთ გაფართოებას. გვაქვს ჯგუფური და ინდივიდუალური ტურები. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი და ყველა ტურისტის ბიუჯეტს და სურვილებს მოვერგოთ. ადამიანებს რაც შეიძლება ლამაზი დღეები ვაჩუქოთ. ჯგუფურ ტურებზე გამყოლი ძირითადად მე ვარ,“ - აღნიშნავს ქალბატონი ლოინა.

_ როგორც ჩანს, დუბაის კარგად იცნობთ.

_ ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ყველა ადგილი დეტალურად მაქვს შესწავლილი. სანამ ჯგუფურ ტურებს დავიწყებდით საქართველოში, ემირატებში თვითონაც რამდენჯერმე წავედი, ჩემს პარტნიორთან და ოჯახის წევრებთან ერთად, ყველა ადგილი და წერტილი დეტალურად შევისწავლე.

_ უახლოეს მომავალში რა გეგმები გაქვთ?

_ ტურებს საქართველოდან ემირატებში. მოგეხსენებათ, ახლა იქ სეზონი აქტიურ ფაზაშია. ჩვენთან ზამთარია, იქ ზაფხული, ოღონდ, სასიამოვნო ამინდებით, შემაწუხებელი სიცხე არ არის. ამდენად უახლოეს თვეებში (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი), ჯგუფურ ტურებს ვგეგმავთ.

ასევე ვართ შემომყვანებიც და გვაქვს შემოსვლის ტურებიც. მაქსიმალურად მორგებული ვართ ყველა მომხმარებლის სურვილსა და ბიუჯეტს. ვცდილობთ, ჩვენი კომპანია ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყოს. იმდენად შთამბეჭდავი ქვეყანაა და იმდენად სხვა სამყაროა, რომ გვინდა, ყველამ მოინახულოს. ემირატებში ხელშეკრულება გვაქვს სხვადასხვა ქსელურ სასტუმროსთან სხვადასხვა ქალაქში.

გვქონდა ინდივიდუალური ტურები, გავიყვანეთ ასევე ჯგუფებიც. ყველა ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი დაბრუნდა.

_ გასვლითი ტური რამდენდღიანია?

_ 4-5 დღიანი. ყველასთვის დროს და ბიუჯეტს ვითვალისწინებთ. დატვირთულია ღირსშესანიშნავი ადგილების მონახულებით. ჩვენი ჯგუფები არ არის დიდი, 10-12-კაციანია. ძალიან კომფორტულად ვმგზავრობთ და ჩვენი ტურისტები ასევე კომფორტულად ატარებენ დროს. როგორც აღვნიშნე, ვცდილობთ, მოვერგოთ ჩვენს მომხმარებელს. გვაქვს ისეთი ტურები, სადაც ჩადებულია მხოლოდ სასტუმროს და ფრენის ხარჯი, შემდეგ კი იქ ცალკეა გაწერილი, რა ხარჯებია. არის მეორე ვარიანტიც, სადაც სანახაობის ხარჯი საერთო ბიუჯეტშია შესული, რაც მომხმარებლისთვის უფრო ხელსაყრელია.

_ ე.ი. 17 წლის წინ დაწყებული ბიზნესი თქვენთვის წარმატებული აღმოჩნდა.

_ კი , როგორც ბაკურიანში, ასვე ტურისტული კუთხითაც. ბაკურიანში 20-მდე აპარტამენტს და 10-მდე კოტეჯს ვამუშავებთ და ჩვენს მომხმარებელს მომსახურების მაქსიმალურად მაღალ ხარისხს ვთავაზობთ.

R