ავტორი:

რა ინფორმაციას ავრცელებენ იტალიის, ესპანეთის და რუმინეთის საგარეო უწყებები ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ - "დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიებისთვის"

რა ინფორმაციას ავრცელებენ იტალიის, ესპანეთის და რუმინეთის საგარეო უწყებები ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ - "დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიებისთვის"

იტალიამ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მიერ შემოთავაზებული ზომების, მათ შორის სანქციების შესახებ ინიციატივებზე მხარდაჭერა გამოხატა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიის საგარეო უწყება ავრცელებს.

  • "საქართველოში არსებულ ვითარებაზე საგარეო საქმეთა საბჭოს დისკუსიის დროს, იტალიამ, რომელმაც ქვეყანაში ბოლო კვირების განმავლობაში მომხდარი ძალადობის უმკაცრესად დაგმობა გაიმეორა, ასევე, უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის მიერ შემოთავაზებული ზომების მხარდაჭერა გამოხატა, მათ შორის სანქციების შესახებ ინიციატივებზე (რაც წევრ სახელმწიფოებში კონსენსუსის ნაკლებობის გამო დაიბლოკა).

ჩვენი ქვეყანა ასევე შეუერთდა ინიციატივაზე კონსენსუსს , შეჩერებულ იქნას დიპლომატიური ვიზების ფასილიტაციაზე შეთანხმება, რაც მიღებულ იქნა.

საბოლოოდ, იტალიამ გაიმეორა, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარეს უნდა დარჩეს და იმედი გამოთქვა, რომ თბილისის ბოლო დროის გადაწყვეტილებები, რომლებმაც მისი ევროპული გზა შეაჩერეს, შეიძლება გადაიხედოს," - ნათქვამია იტალიის საგარეო საქმეთა განცხადებაში.

ასევე განცხადებას ავრცელებს ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც - უწყება აცხადებს, რომ დეზინფორმაცია საფრთხეა დემოკრატიებისთვის, რასაც ყოველთვის შეეწინააღმდეგება.

"ესპანეთი ძალიან მკაფიოდ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოში სამოქალაქო უფლებებსა და დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე. ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია საფრთხეა ჩვენი დემოკრატიებისთვის, რასაც ყოველთვის შევეწინააღმდეგებით", - ნათქვამია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მანამდე რუმინეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ რუმინეთი იმეორებს შეშფოთებას საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო.

“ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ევროკავშირის დონეზე შიდა დისკუსიების მცდარად წარმოდგენის არჩევანის გამო. ამ შესაძლებლობას ვიყენებთ, რათა გავიმეოროთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების [შეჩერების შესახებ] გადაწყვეტილებაზე და ქართველების ლეგიტიმური პროტესტის ძალადობრივად ჩახშობაზე”, - ნათქვამია განცხადებაში.

  • შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა 5 ქვეყანას - უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი, რომლებმაც " ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე".

„მინდა მადლობა გადავუხადო ხუთ კონკრეტულ ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე. ესენი არიან უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის საჯაროდ გახდა ცნობილი 5 ქვეყნის თაობაზე, თუმცა საბჭოს შემდეგ სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, საგარეო საქმეთა მინისტრები აკეთებდნენ სანქციების საწინააღმდეგო განცხადებებს ბრიფინგებზე, თუ ინტერვიუების დროს.

„შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია 5 ქვეყანაზე, თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც სანქციების წინააღმდეგ წავიდნენ, კიდევ უფრო ფართოა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ყველა ქვეყანასთან, რომელიც მხარს უჭერს ქართველ ხალხს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წაიკითხეთ ასევე: