ავტორი:

"ამჯერად ეს ყველაფერი უფრო დიდ სახალხო მღელვარებას გამოიწვევს... ეს ბავშვები არაფერს დათმობენ" - ლევან ყოჩიაშვილი საყოველთაო პროტესტზე

"ამჯერად ეს ყველაფერი უფრო დიდ სახალხო მღელვარებას გამოიწვევს... ეს ბავშვები არაფერს დათმობენ" - ლევან ყოჩიაშვილი საყოველთაო პროტესტზე

"ასეთი სისასტიკე, ასე მისდევდე ადამიანებს ქუჩა-ქუჩა, არნახული ამბავია. დაკავება ერთია, მაგრამ ამ დაკავების შემდეგ, ასე სცემო - ეს ყველაფერი ამდენი უარყოფითი ამბის ისეთი ჯაჭვია, ნორმალური თუ ხარ, მშვიდად როგორ უნდა იყო?! ამიტომ, ყველა პასუხისმგებლობა მთავრობაზეა“ - გვეუბნება მსახიობი ლევან ყოჩიაშვილი, რომელიც საქართველოში მიმდინარე ამბების გამო საკუთარ აზრს გამოთქვამს და ამ ყველაფერს AMBEBI.GE-სთან საკუთარ შეფასებას უკეთებს...

  • "იმ დამსჯელს, სპეცრაზმელს თუ ვიღაცამ არ უთხრა, რომ ასე მოიქცეს, თვითონ ასე არ მოიქცევა, ვერ გაბედავს. ფაქტია, ვიღაცის ბრძანებას ასრულებს. ხელფეხშეკრულ ბავშვს რომ ასახიჩრებ (ეს ბავშვები ხომ ჰყვებიან, დაკავების შემდეგ როგორ ექცეოდნენ). იმ ვიღაცას ამაზე თუ მწვანე შუქი არ აქვს ანთებული, თავისი ინიციატივით არ იზამს" - აღნიშნავს მსახიობი

- ამ ყველაფრის გამო ადამიანების ნაწილი უიმედოდაა...

- მათ უიმედობას მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედება იწვევს. მერე რაღაც გაუგებარ კანონებს იღებენ. ადამიანი თუ ცუდ ხასიათზეა, სახე თუ მოღუშული აქვს, ე.ი. ცუდს ფიქრობს?! ტოტალური დიქტატია... ისტორიას ხომ აქვს მსგავსი მაგალითები და ალბათ ახლაც იგივე ხდება... მაგრამ ამჯერად ეს ყველაფერი უფრო დიდ სახალხო მღელვარებას გამოიწვევს. ეს ბავშვები არაფერს დაგითმობენ. თავისუფალი ხალხია, ისინი სხვა დროს გაჩნდნენ, სხვა დროს გაიზარდნენ. ძალიან გულწრფელები არიან და გინდა, რომ მიახრჩო?! მაგას არ გაგაკეთებინებენ. ყველას ხომ გვყავს შვილები და ხომ ვუყურებთ, როგორები არიან. მათთან ასე არ გამოვა. სხვა ინფორმაციის მქონე ადამიანები არიან და მეტად ჭკვიანები.

-მსახიობები ხელოვანები ამ პროცესებში აქტიურად არიან ჩართულები. თეატრები გაფიცულია, მსახიობების ნაწილი ნაცემი და დაჭერილი...

- კი, გადაეკიდნენ მსახიობებს, ექიმებს და ვის აღარ... სახლში შევარდნა ფეისბუკპოსტისთვის, რა ვიცი, სად გაგონილა. თუ რაღაც დათმობაზე არ წამოვიდნენ, ასე ძალით სადამდე გაიტანენ თავს - მთელ ქვეყანას ხომ ვერ დაიჭერენ?!

- ფაქტია, რომ მწვავე პოლიტიკური კრიზისია...

- კი და ამ საოცარმა სისასტიკემ, ძალადობამ გამაოგნა, გაუგონარი ამბავია. ერთ კაცს 10 უსწორდება, ხომ შეიძლება ხელში შემოგაკვდეს... გალიიდან გამოშვებული ხალხი დაესია ადამიანებს... სულ მუნდირზე ვლაპარაკობთ და მუნდირი და ღირსება სად არის, თუ შენს თვალწინ ადამიანს ვიღაც კლავს, ადამიანი გემუდარება, მიშველეო, შენ დგახარ და უყურებ, ვიღაც როგორ ასახიჩრებს - აქ რა ღირსებაზე ვლაპარაკობთ?! თუნდაც რაც მახარას (მსახიობი გიორგი მახარაშვილი. - ავტ.) შემთხვევაში მოხდა. ძლივს გადარჩა... ან იმ ჟურნალისტს კისერი რომ არ მოტეხა და ის ოპერატორი თუ საერთოდ წამოდგებოდა, არ მეგონა. ესენი დგანან და უყურებენ... კარგად თქვა კახა კინწურაშვილმა - ყველგან პოლიცია და არსად სამართალი! ამ ყველაფერს ხელისუფლება ვერავის დააბრალებენ, საკუთარ თავს უნდა დააბრალონ.

- რა გამოიყვანს ჩიხიდან ამ მდგომარეობას?

- გამოსავალი ის არის, რომ დათმობაზე უნდა წამოვიდნენ. დააკმაყოფილონ მოთხოვნა, გამოუშვან დაპატიმრებული ადამიანები და უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, რათა გავიგოთ, რა, როგორ არის. სულ ასე ხომ ვერ იქნება?! ქვეყანას არავინ არ ცნობს, არავინ აღარ გელაპარაკება. მათმა გადაწყვეტილებამ, ევროინტეგრაციის საკითხის შეჩერებამ ხალხი აღაშფოთა და ქუჩაში გამოიყვანა... არადა, ამ ყველაფერს თაობები ეწირებოდა, რომ ქართველ ადამიანს ამოესუნთქა, გაეხარა, ამისთვის საუკეთესო ქართველებმა თავი დადეს, ჯანმრთელობა დატოვეს... სხვა რა გზა გვაქვს, უნდა ვიბრძოლოთ, ოდესღაც ხომ უნდა ამოვისუნთქოთ?!

- რას ეტყვით ჩვენს მკითხველს?

- მოთმინება და ბრძოლას ბოლომდე! ახალგაზრდებს მინდა, ჩემი სიყვარული და პატივისცემა გამოვუხატო. უნდა გიგრძნონ მათი პულსისცემა... ყველას ვერ გალახავ და ვერც დაიჭერ, ეგ უნდა იცოდნენ. ძალიან მიყვარს ჩვენი ახალგაზრდობა და ყველას გვერდში ვუდგავარ.

წაიკითხეთ ასევე: