“დეზერტირების ბაზართან“ შეკრებილმა სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. რუსთაველის გამზირზე მსვლელობის მონაწილეებს ასევე შეუერთდა სტუდენტთა ნაწილიც.
გაერთიანებული საპროტესტო აქცია, სავარაუდოდ, მსვლელობას კვლავ გააგრძელებს. აქციის მონაწილეებმა, პარლამენტის წინ საავტომობილო გზაც სრულად გადაკეტეს.
მანამდე საპროტესტო აქციის მონაწილეები ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან გაჩერდნენ და დაკავებულ მსახიობებს მხარდაჭერა გამოუცხადეს, ასევე მხარდაჭერის მიზნით, აქციების დროს დაკავებული პირების სახელი და გვარებიც ჩამოთვალეს.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ - “თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“, “საქართველოს გაუმარჯოს“.
საპროტესტო მსვლელობაში ცნობილი მზარეულები, აქტივისტები, სტუდენტები და მოქალაქეები მონაწილეობენ. მსვლელობას საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მოჰყვებოდა.
ცნობისთვის, მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 20 დღეა მიმდინარეობს.
ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი/IPN
იხილეთ ასევე: