"დიახ, დიპლომატიური პასპორტი მაქვს. ძალიან მარტივად შევძლებ [ევროპის ქვეყნებში] გამგზავრებას და თქვენ ამაზე არ ინერვიულოთ. ჩვეულებრივად, [შევძლებ გამგზავრებას] - ჩვეულებრივი პასპორტით შევძლებ გადაადგილებას, არანაირი პრობლემა არ არის, თუ ვიზის აღება იქნება საჭირო, ეგეც არ არის პრობლემა", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ზოგადად, სანქციებთან დაკავშირებით, წარმოუდგენელია რის გამო? რატომ უნდა დაგვასანქცირონ? - რომ არ მივეცით შესაძლებლობა მეორე ფრონტი ქვეყანაში გაეხსნათ? არ მივეცით შესაძლებლობა, რომ ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა და ამით ვის დავაზარალებდით? - დავაზარალებდით ჩვეულებრივ გლეხს, მშრომელ ადამიანს, ბიზნესს, ასევე, მცირე და საშუალო სექტორის წარმომადგენლებს. შემდეგ თავზე ჩამოგვეშლებოდა ეკონომიკა და ეს გადაწყვეტილება არ მივიღეთ. ქვეყნის, ხალხის და ეროვნული ინტერესი დავიცავით. ამის გამო თუ უნდა დავისაჯოთ? - კი, ბატონო, მაგრამ ეს არის უსამართლო დამოკიდებულება და არასამართლიანი პროცესები, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხედავს. ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რაზეც თითოეული ქართველი ოცნებობს, სადაც არის სამართლიანობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დამოკიდებულებაც მალე შეიცვლება“, - განაცხადა კალაძემ.
კალაძის თქმით, ევროკავშირმა უნდა გახსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან და საქართველოს ხელისუფლებას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია იმის, რომ "მოლაპარაკებების დაწყების საკითხი გადადოს“.
"ეს ტყუილია, ჩვენ როგორ გადავდეთ? ჩვენ როგორ უნდა გადავდოთ [მოლაპარაკებები]? ისინი იღებენ გადაწყვეტილებას და ჩვენ როგორ გადავდებთ? - ეს ტყუილია, თქვენ ცრუობთ, თქვენ ხართ ცრუ ტელევიზია. მთელი ამ წლების განმავლობაში ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას, ხართ პროპაგანდისტები - სიცრუის, ტყუილის. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნა არ გახსნის საკითხს, საქართველოს მთავრობას არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, მოლაპარაკებები ევროკავშირმა უნდა გახსნას. გახსნან და ჩვენ ვაწერთ ხელს. შანტაჟი კატეგორიულად მიუღებელია!“, - აღნიშნა კალაძემ.