კიდევ ერთხელ ვიმეორებ: - დადონ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და დღესვე ვაწერთ ხელს! არანაირი პრობლემა არ არის - ჩვენ მზად ვართ! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან დღეს, პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა.
კალაძე ამბობს იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლება ზედმიწევნით მიჰყვება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.
"ჩვენ ქვეყნის ევროპული მომავალი და ევროინტეგრაციის გზა პირდაპირ კონსტიტუციაში ჩავწერეთ - ეს “ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გააკეთა.
შესაბამისად, გვაქვს ასოცირების ხელშეკრულება, ჩვენ მას თანმიმდევრულად მივყვებით და ვასრულებთ იმისთვის, რომ ევროკავშირის ღირსეული წევრი გავხდეთ.
ამ გზაზე ხდება შანტაჟი. მაგალითად, კანდიდატის სტატუსის მოცემა-არ მოცემით, მაშინ როდესაც ყველა კრიტერიუმით და მათივე შეფასებებით საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და გვექცევიან უსამართლოდ. ეს ძალიან მძიმეა - ძალიან დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროპულ მომავალს და ზოგადად, იმ ბიუროკრატებს, რომლებიც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ და ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ.
შემდეგ იყო მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნის საკითხი - შეუძლებელი და წარმოუდგენელია, ყოველთვის რაღაც ახალი მექანიზმების მოგონება, რათა ეს ყველაფერი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყოს გამოყენებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.