ავტორი:

“მედპუნქტი გვქონდა გახსნილი, ადამიანები მოდიოდნენ ნახეთქი ჭრილობებით... ექიმებს, რომლებიც დაზარალებულებს ეხმარებოდნენ, იტაცებდნენ, იჭერდნენ და ფიზიკურად ძალადობდნენ“ - მედიკოსი აქციიდან: რას იხსენებს ლაშა უჩავა

“მედპუნქტი გვქონდა გახსნილი, ადამიანები მოდიოდნენ ნახეთქი ჭრილობებით... ექიმებს, რომლებიც დაზარალებულებს ეხმარებოდნენ, იტაცებდნენ, იჭერდნენ და ფიზიკურად ძალადობდნენ“ - მედიკოსი აქციიდან: რას იხსენებს ლაშა უჩავა

ამ დღეებში ექიმებსაც დიდი შრომა უწევთ. გარდა იმისა, რომ აქციებზე დაზარალებულ-დაშავებულ ადამიანებს მკურნალობენ, თავადაც მონაწილეობენ აქციებში. მათ შორისაც არიან დაზარალებულები...

მედიკოსების ნაწილს სამედიცინო პუნქტი რუსთაველის გამზირზე ჰქონდა მოწყობილი და დაშავებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მათ შორის იყო ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა. ამასთან, მონაწილეობდა ექიმების მარშში, რომელიც 14 დეკემბერს მოეწყო.

  • ლაშა უჩავა ჩვენში მიმდინარე ამბებს, როგორც ექიმი AMBEBI.GE - თან აფასებს.

LASHA_UCHAVA
ლაშა უჩავა

- დღესდღეობით საქართველოში ძალიან რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს. გადაწყვეტილება რეალურად ძალიან მარტივია - ჩვენ ვირჩევთ თავისუფლებას თუ რუსეთს და მონობას. სწორედ ამის გამო, ბოლო რამდენიმე კვირაა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ქუჩაში დგანან და მშვიდობიანად აპროტესტებენ... მმართველმა გუნდმა კი ამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დასარბევად სასტიკი წესები გამოიყენა...

300-ზე მეტი ადამიანია დაზარალებული. მათ შორის, ზოგს ძალიან ძლიერი ტრავმები აქვს. ეს შეძლება იყოს სახის ძვლების, მხრის ძვლების მოტეხილობა, სხვადასხვა ტიპის დაბეჟილობა. რომ არაფერი ვთქვათ ასობით იმ დაზარალებულ ადამიანზე, რომლებზეც გამოიყენეს ქიმიური იარაღი, - ცრემლმდენი გაზი, წიწაკის სპრეი. არადა, საერთაშორისო კონვენციების მიხედვით, მოწოდებულია მათი გამოყენების სქემა - რა რაოდენობის ადამიანზე, რა დროს, რა პროცესში და რა ინტერვალებით უნდა იქნას გამოყენებული.

ახლანდელი მმართველობის პირობებში ყველა ეს კონვენცია უგულებელყოფილია. ფაქტობრივად, აღნიშნული იარაღი უკონტროლოდ გამოიყენეს, რაც შემდგომში ადამიანებში გართულებების თვალსაზრისით რა პროცესებს გამოიწვევს, ეს დაკვირვების საგანია. ვიმეორებ, ყველა საერთაშორისო კონვენციით, არ შეიძლება რამდენიმე დაშლის იარაღის გამოყენება, არადა, ზემოთ აღნიშნულთან ერთად გამოყენებული იქნა წყლის ჭავლი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არ იყო სუფთა, მასში სამწუხაროდ შერეული იყო წიწაკის სპრეი, რასაც შსს სამინისტრო ადასტურებს. ეს ერთი ორად დამაზიანებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

- რუსთაველზე ექიმების მიერ მოწყობილი მედპუნქტი დაზარალებულებს ეხმარებოდა. იქ თქვენც იყავით, ხომ?

- კი, ჩვენ იქ მედპუნქტი გვქონდა გახსნილი, სადაც ადამიანები მოდიოდნენ პირდაპირ ნახეთქი ჭრილობებით, დამწვრობით, რადგან წიწაკის სპრეის მაღალი კონცენტრაცია იყო გამოყენებული, რაც დამწვრობას იწვევს. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ჩივილებით იქ ადგილზე ხდებოდა ადამიანებისთვის პირველადი დახმარება. გარდა ამისა, სამწუხარო ფაქტი გახლდათ ის, რომ აქციის დროს ექიმებს, რომლებიც დაზარალებულებს ეხმარებოდნენ და თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ, იტაცებდნენ, იჭერდნენ და ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურად ძალადობდნენ. ვნახეთ კიდეც ქუჩიდან გატაცებული ექიმები.

ასე რომ, იქ არა მარტო აქციის მონაწილეების, ჩვენი მოვალეობის შესრულებაც კი არ ყოფილა უსაფრთხო. შესაბამისად ეს პროცესები უკვალოდ არ ჩაივლის არც დაზარალებული ადამიანებისთვის და არც ამ ყველაფრის შემოქმედი ადამიანებისთვის, რომლებმაც დააზიანებს როგორც სამედიცინო სფერო, ასევე ისინი, ვინც აქციაზე მშვიდობიანად იდგნენ.

- გარდა ამისა, ეს ფონი ზოგადად მოქმედებს მოსახლეობაზე. თქვენს პაციენტებში, სტრესის გამო ქრონიკული დაავადებების გამწვავების ფაქტებმა ხომ არ მოიმატა?

- დღეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა ყველა ადამიანზე მოქმედებს. ფსიქოემოციური სტატუსის გათვალისწინებით, განსაკუთრებით მოწყვლადები ის ადამიანები არიან, ვისაც ქრონიკულად მიმდინარე დაავადებები აქვთ, მათ შორის, შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. ასეთი ნერვული სტრესის დროს გამომუშავებული სხვადასხვა ტიპის ნივთიერება-ჰორმონები, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების გამწვავებას იწვევს. ფსიქოემოციური სტატუსის მატების დროს სტრეს-ჰორმონი მატულობს და ჩვენს ორგანიზმში მისი დონეც იმატებს. ადამიანებს, ვისაც შაქრიანი დიაბეტი “ტიპი 2“ აქვთ, ამ შემთხვევაში იცვლება შაქრის ციფრები და ხშირ შემთხვევაში, მკურნალობაში გვიწევს ხოლმე ანტიდიაბეტური პრეპარატების დამატება, ან რაღაც გარკვეული ქცევების შეცვლა იმისთვის, რომ შაქრის ციფრები მოწესრიგდეს. იგივე ხდება გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე პაციენტებში, კორტიზოლი და ადრენალინი სტრეს-ჰორმონების მომატება უარყოფითად მოქმედებს არტერიულ წნევაზე. უმეტესად იწვევს ჰიპერტენზიას, რა დროსაც დამატებითი ჩარევა სჭირდებათ.

ჩვენი პროფილის პაციენტებშიც არის უკვე მსგავსი ტიპის ჩივილები, რა დროსაც მკურნალობის სქემის შეცვლის გარდა, სედატიური საშუალებების გამოყენებაც გვიწევს, რომ ემოციური ფონი შემსუბუქდეს და არ მოხდეს დაავადების გამწვავება. ამ ეტაპისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა როგორც ქვეყანაში, ასევე ადამიანებისთვისაც, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, რომ არ დადგეს მძიმე შედეგები. შეიძლება ამ აქციების დროს მიღებული სტრესების გამო არ მოხდეს პირდაპირი ლეტალური გამოსავალი, თუმცა შეიძლება ირიბად იყოს განპირობებული, როგორც სავალალო შედეგების მაპროვოცირებელი ფაქტორი.

- ამ სიტუაციიდან გამოსავლად რა მიგაჩნიათ?

- როგორც ექიმს, სიტუაციიდან გამოსავლად მიმაჩნია, მეტი ჰუმანურობა, არა ძალადობა და მეტი სიმშვიდე, რა თქმა უნდა, მმართველობის მხრიდან. ისინი თმენის ვალდებულებით უნდა გამოირჩეოდნენ... მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ არც ერთი კაფე, რესტორანი, მაღაზიის ვიტრინა არ დაზიანებულა. მშვიდობიანი აქციის მონაწილეებში მხოლოდ მაშინ ხდება აჟიოტაჟის შექმნა, როცა ხელისუფალნი მათ დარბევას იწყებენ. საგულისხმოა, რომ მათ არა მხოლოდ არბევენ, არამედ ფიზიკურად უსწორდებიან.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებია, ახალი არჩევები, იმ ადამიანების გამოშვება საპყრობილიდან, რომელიც ამ პროცესების დროს დაიჭრეს და დაიჭირეს ყოვლად უსამართლოდ, გაუგებარი მოტივაციით და სასჯელების გარეშე. მნიშვნელოვანია ამ ადამიანების არა მარტო საპყრობილეებიდან გათავისუფლება, არამედ მათაც უნდა შეეხოთ გარკვეული ამნისტია, ვინც აბსოლუტურად უკანონოდ დააჯარიმეს. ამ ეტაპზე ეს არის შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი. იმიტომ, რომ ხალხი არ გაჩერდება.

ამ აქციებს არ ჰყავს ორგანიზატორი, არ ჰყავს ერთი მმართველი, ის ხალხისგანაა მართული, რომელიც ხედავს, რომ თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი, მას მომავალი არ ექნება, არც თავისუფალი იქნება და არც ისეთი უზრუნველყოფილი ცხოვრება ექნება, როგორც ევროპაში.

ხომ კარგად ვიცით, ეს აქციები როდის და როგორ დაიწყო - როდესაც აღნიშნულმა ხელისუფალმა ამ ეტაპზე უარი თქვა ევროპასთან ინტეგრაციაზე. რაც არაკონსტიტუციურია, რამაც ეს ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. ხალხი არ გაჩერდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.