ლიეტუვისა და ესტონეთის გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ეს იყო მარტივი პროვოკაცია, რომელიც შესრულდა ორი ბალტიისპირული ქვეყნის ხელით, რაც ძალიან სამწუხაროა. თქვენ იცით, რომ ქართველ ხალხს აქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება როგორც ლიეტუველი, ასევე ესტონელი ხალხის მიმართ და ამ ფონზე განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ სწორედ ამ ორი ქვეყნის ხელისუფლების ხელით ეწყობა ასეთი პროვოკაციები. ჩვენ პროვოკაციებს არ ავყვებით და გვექნება პრაგმატული რეაქცია ნებისმიერი ასეთ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი არის ძალიან სამწუხარო. ზოგადად მიუღებელია ის, რომ ორი სახელმწიფო მოქმედებს არა საკუთარი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე დაკვეთით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ აღნიშნავ, რომ როდესაც საუბარია სანქციებზე, „ახსნა-განმარტება“ უნდა იყოს, თუ რის გამო.
"ცხადია, სამწუხაროა ამ ტიპის გადაწყვეტილება, რომელიც მოვისმინეთ. როდესაც საუბარია სანქციებზე, ახსნა-განმარტება უნდა იყოს: რის გამო? რომ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, ვიცავთ ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას? ამის გამო მოდის შანტაჟი და მუქარა. ძალიან გაბრაზებული და გაღიზიანებულია ის გარე ძალები, რომლებიც საქართველოში დამარცხდნენ. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ, მილიონ ას ოცი ათასმა ადამიანმა უთხრა „არა“ ბოროტებას, უსამართლობას, სიცრუეს.
წარმოგიდგენიათ, ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა ევროპული მომავალი და ამ გზაზე გვაშანტაჟებენ. ჯერ იყო და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით როგორი შანტაჟი მიდიოდა, ახლა საუბარია მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნის თემით შანტაჟზე. ინსტრუმენტები არ ელევათ, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დააშანტაჟონ და ყოველთვის ამ ვითარებაში ვიყოთ. ეს კატეგორიულად მიუღებელია. შეიძლება ჩვენ პატარა სახელმწიფო და ქვეყანა ვართ, მაგრამ უდიდესი კულტურის მქონე ხალხი ვართ, ჩვენი ტრადიციებით და წარსულით ვამაყობთ. რა თქმა უნდა, ამ დამოკიდებულებას და მიდგომები კატეგორიულად მიუღებელია. არ დავუშვებთ რომ ვინმეს თავი ვაშანტაჟებინოთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას ინფორმაციით, ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, კიასტუსის ბუდრისის თქმით კი, ლიეტუვის მთავრობამ კიდევ 17 პირი დაასანქცირა.
წაიკითხეთ ასევე: