ავტორი:

თქვენთვის გზავნილია, რომელიც ახლობელმა 2000 წელს გამოგიგზავნათ...  - სად გამოქვეყნდება ადრესატების სია?

თქვენთვის გზავნილია, რომელიც ახლობელმა 2000 წელს გამოგიგზავნათ...  - სად გამოქვეყნდება ადრესატების სია?

2025 წელს "კვირის პალიტრის“ უნიკალური პროექტის "გზავნილი მომავალში“ განხორციელების მორიგი ეტაპი დგება. პროექტი 2000 წელს დაიწყო და უზარმაზარი აჟიოტაჟი მოჰყვა მისი უპრეცედენტო შინაარსიდან გამომდინარე.

შეგახსენებთ, რომ ყველა მსურველს შეეძლო წერილი მიეწერა შვილისთვის, მეგობრისთვის, ნათესავისთვის ან უცნობისთვის, თუნდაც საერთოდ ქვეყნის მომავლისთვის, რომლებსაც ადრესატები, ავტორის სურვილისამებრ, ახლო ან შორეულ მომავალში მიიღებდნენ - 2005, 2010, 2025, 2050 და 2100 წელს.

2025 წლის გზავნილებიც მოთავსებულია "კვირის პალიტრის“ სკივრში და დაცულია ეროვნულ არქივში, რომლებსაც ჩვენც და არქივის თანამშრომლებიც რუდუნებით ვუფრთხილდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. მოგეხსენებათ, ამ წერილებში ათასობით ადამიანის სურვილი, მოლოდინი, ტკივილი თუ სიხარული იყო (არის) მოთავსებული.

ასევე, შეგახსენებთ, რომ სკივრი უკვე ორჯერ გაიხსნა - მათი გამოგზავნიდან (დალუქვიდან) 5 და 10 წელიწადში, იანვრის პირველ ნახევარში. წერილის გამგზავნისა და ადრესატების მონაცემები გამოქვეყნდა "კვირის პალიტრაში“ და ადრესატებმა გზავნილს რედაქციაში მოაკითხეს. იყო ბევრი სიხარული, ასევე ბევრი ცრემლი და ემოციისგან მიღებული შოკი - განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადრესატები წლების წინ გარდაცვლილი ახლობლის წერილს კითხულობდნენ.

2025 წელს გზავნილს 3000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს. "კვირის პალიტრის“ სკივრის გახსნა 2025 წელსაც იანვრის დასაწყისში იგეგმებოდა, თუმცა ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღონისძიების თარიღი შეიცვალოს (სავარაუდოდ, თებერვლისთვის ან მარტისთვის).

რა თქმა უნდა, პროექტის "გზავნილი მომავალში“ 2025 წლის გზავნილების ადრესატების სია გამოქვეყნდება გაზეთში, ასევე საიტზე kvipispalitra.ge. როდესაც შეიტყობთ, რომ თქვენს სახელზე წერილია, შეგიძლიათ მოაკითხოთ ნაჩვენებ მისამართზე, სადაც გადმოგეცემათ.