ავტორი:

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან - მსვლელობების მონაწილეები პარლამენტის წინ მივიდნენ (ფოტო)

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან - მსვლელობების მონაწილეები პარლამენტის წინ მივიდნენ (ფოტო)

რუსთაველის გამზირზე პროტესტის მეთვრამეტე დღეს მოქალაქეები იკრიბებიან. ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიმდებარედ მსვლელობით გადაინაცვლეს სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა, რესტავრატორებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა და IT სფეროს წევრებმა.

რუსთაველის გამზირზე უკვე შეკრებილი მომიტინგეები მარშის მონაწილეებს ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ.

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები მარჯანიშვილის მოედანთან შეიკრიბნენ. მსვლელობისას მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მათ IT სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

მანამდე მანიფესტანტებმა საკუთარი პოზიცია კულტურის სამინისტროსთანაც გააჟღერეს, ხოლო შემდეგ ორბელიანების სასახლესთან გადაინაცვლეს, სადაც აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოუცხადა. მსვლელობისას საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეები, ხოლო ავტომობილებიდან მძღოლები სიგნალებით ამხნევებდნენ.

  • პარლამენტთან მიმდინარე აქციას “რა? სად? როდის?“ და “წიგნების თაროს“ მოთამაშეები და მხარდამჭერების მსვლელობა შეუერთდა

აქციის მონაწილეებს გადაკეტილი აქვთ გზა. მათ გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

როგორც “წიგნების თაროს” ერთ-ერთმა ფინალისტმა, გიორგი ადამაშვილმა განაცხადა, საქართველოს მომავალი ევროპაშია.

“ევროპული მომავალი ჩვენია. გავიმარჯვებთ ერთიანობით და ერთად დგომით. ასე ერთად დგომით წარმატებას მივაღწევთ და შევალთ ევროპაში”, - განაცხადა გიორგი ადამაშვილმა.

დღეს თბილისში რამდენიმე მსვლელობა მიმდინარეობდა, მათ შორის გაიმართა ხელოვანების, რესტავრატორების, საფეხბურთო კლუბების ფანების მარშები. დაგეგმილია ვეტერინარებისა და ცხოველთა მოყვარულების მარში.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.

ფოტო: გიორგი ნიკოლიშვილი/IPN

იხილეთ ასევე: