თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების აქცია-მსვლელობა ერთდროულად მიმდინარეობს.
მანიფესტანტებმა კულტურის სამინისტროსთან მინისტრს შეახსნეს ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც მათი მმართველობისას დაზიანდა. აქციის მონაწილეებს მსვლელობისას საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეები, ხოლო ავტომობილებიდან მძღოლები სიგნალებით ამხნევებდნენ.
ისინი გეგმავენ, რომ კულტურის სამინისტროდან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ, შემდეგ კი ფილარმონიასთან, სადაც 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე დამკვირვებლებს შეუერთდებიან, ხოლო შემდეგ ერთად პარლამენტის წინ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
აქციის მონაწილეები ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ სხვადასხვა ბანერები აქვთ გაშლილი, წარწერით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, “ხმის და მომავლის ქურდები“, “დამკვირვებლები-გაყალბების მოწმეები“,“ ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, “არჩევნები სამარცხვინოდ გაყალბდა“.
მარშის მონაწილეებს ნაწილობრივ გადაკეტილი აქვთ გზა. მსვლელობის დაწყებამდე აქციის მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ განაცხადა, “ეს ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის და უნდა წავიდეს”.
“მე ვარ დევნილი აფხაზეთიდან. 30 წელზე მეტია ჩვენ ველოდებით აფხაზეთში ღირსეულად დაბრუნებას. როცა ხელისუფლება გვეუბნება, რომ სეპარატისტებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, იმ დღიდანვე ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეგ ხელისუფლება ლეგიტიმური აღარ არის. ეს ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის და უნდა წავიდეს”, - აღნიშნა აქციის მონაწილემ.
დღეს თბილისში კიდევ რამდენიმე აქცია-მსვლელობა იგეგმება.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.
ფოტო: ვანო გორგიშვილი/IPN