ავტორი:

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, რესტავრატორები და ხელოვნებათმცოდნეები მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობას მართავენ

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, რესტავრატორები და ხელოვნებათმცოდნეები მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობას მართავენ

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, რესტავრატორები და ხელოვნებათმცოდნეები მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტისკენ აქცია-მსვლელობას მართავენ.

მანამდე კულტურის სამინისტროს წინ შეკრებილმა რესტავრატორებმა/კონსერვატორებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა მარჯანიშვილის მოედანზე გადმოინაცვლეს, სადაც ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: "ვინახავთ ისტორიას, ვაშენებთ მომავალს!“, "არა პოლიციური რეჟიმის დაკანონებას“, "ნუ გეშინია“, "სიმართლის ფოიერვერკი“, "ყალბი ოცნება ყალბი იმედი“.

ამასთან, მათ თან აქვთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები.

როგორც მსვლელობის დაწყებამდე ფოტოგრაფმა, მარი ნაკანმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, "ხელოვნება ნიშნავს თავისუფლებას და აუცილებელია, რომ ყოველთვის, ყველგან ხელოვანები გამოდიოდნენ და ამბობდნენ თავის სიტყვას, იმიტომ, რომ ერთადერთი, რაც ისტორიაში რჩება, არის ხელოვნება“.

"მე მადლობას ვეტყვი იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ყოველ საღამოს პარლამენტის წინ დგანან. იმიტომ, რომ მათ ბევრად უფრო კარგად იციან და ბევრად უფრო მაგრები არიან, ვიდრე ჩვენი თაობა. ჩვენ რაც შეგვიძლია არის ის, რომ ზურგი გავუმაგროთ მათ. ძალიან მიხარია, რომ ასეთი შვილები გავზარდეთ.

საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ დაიცვან თავიანთი თავისუფლება, რომელიც აქამდე მოიტანეს ჩვენმა წინაპრებმა და არავითარ შემთხვევაში არ დავუთმოთ რუსებს, რომლებსაც ასე გემრიელად ეჩვენებათ საქართველო და მათი ლუკმა ჰგონიათ. მათი ლუკმა არ არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი”, - განაცხადა მარი ნაკანმა.

აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ "დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები“.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეები "ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში უწყვეტად უკვე 18 დღეა მიმდინარეობს.