საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო. პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს და პროცესს ცესკო უზრუნველყოფს.
ხმის მიცემის დაწყებამდე კოლეგიის წევრებს კენჭისყრის პროცედურა ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო.მისი თქმით, კენჭისყრა ღიაა, კოლეგიის წევრებს სახელობითი ბიულეტენები გადაეცემათ, ხმის მიცემა კი ანბანური თანმიმდევრობით განხორციელდება.
კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცესკო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს.
პარალელურად აქცია მიმდინარეობს პარლამენტთან. დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში 9 აპრილის ქუჩიდან შეძახილების ფონზე მოუწიათ. აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველები მობილიზებული არიან ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის წინა პერიმეტრზე და თავისუფლების მოედანზე, სადაც წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაც დგას.
პარლამენტის წინა პერიმეტრი, სადაც განთავსებულია ნაძვის ხე, შემოსაზღვრულია რკინის ჯებირებით.
მოქალაქეებმა პარლამენტთან ბურთები მიიტანეს და თამაში დაიწყეს. ისინი ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო.
.
ასევე მომიტინგეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი დიპლომები მიიტანეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ამგვარი ფორმით აპროტესტებენ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე „უდიპლომო, გაუნათლებელი კანდიდატის“, მიხეილ ყაველაშვილის არჩევას.
"ქართველ ხალხს იმისთვის არ მიგვიღია განათლება, რომ გვყავდეს უვიცი, გაუნათლებელი პრეზიდენტი, რომელიც ამავე დროს არალეგიტიმურია“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.