"მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ და საერთოდ, არც ამ არჩევნების სამართლიანობას და მის ლეგიტიმურობას ვიზიარებ", - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ზურაბ ჯგუბურიამ პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს.
"მე არ მჭირდება რჩევა, თუ სად და ვისთან დავდგე - მე საკუთარი აზრით, მსოფლმხედველობით და ჩემი ქვეყნისთვის, მეგობარ-თანამემამულეებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის, ჩემი დიდი ოჯახის, შვილების-შვილიშვილების ბედნიერი მომავლის რწმენით ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე“, - ნათქვამია ზურაბ ჯგუბურიას განცხადებაში.
14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს. პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი - მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება.
კენჭისყრის პროცესი პარლამენტის სასახლეში - 9:00 საათიდან დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება.
პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - მინიმუმ 151 წევრის დასწრება.
პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის - სულ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი.
არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს.
საარჩევნო კოლეგია 300-წევრიანია. კოლეგიის შემადგენლობაში შედის: - პარლამენტის 150 წევრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ყველა წევრი - სულ 21 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს 20-ვე წევრი და 109 წევრი საკრებულოებიდან.