ავტორი:

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო - რა ვითარებაა ახლა საკანონმდებლო ორგანოში და მის გარეთ: ფოტოები

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო - რა ვითარებაა ახლა საკანონმდებლო ორგანოში და მის გარეთ: ფოტოები
  • ფოტოები: ინტერპრესნიუსი, ვანო გორგიშვილი

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო. პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს და პროცესს ცესკო უზრუნველყოფს.

  • ხმის მიცემის დაწყებამდე კოლეგიის წევრებს კენჭისყრის პროცედურა ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გააცნო.

მისი თქმით, კენჭისყრა ღიაა, კოლეგიის წევრებს სახელობითი ბიულეტენები გადაეცემათ, ხმის მიცემა კი ანბანური თანმიმდევრობით განხორციელდება.

კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცესკო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს.

პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი - მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება.

პრეზიდენტს 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია ირჩევს. პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების ჩასატარებლად საკმარისია საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის უმრავლესობის - მინიმუმ 151 წევრის დასწრება.

პრეზიდენტის ასარჩევად კოლეგიის სრული შემადგენლობის 2/3-ის - სულ მცირე 200 წევრის ხმაა საკმარისი.არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებს. პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას პარლამენტი ცესკოს მეშვეობით უზრუნველყოფს.

დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლა ცოტა ხნის წინ დაიწყეს. ისინი შენობაში 9 აპრილის ქუჩიდან შედიან, სადაც პარლამენტთან მისასვლელი გზა პოლიციას მთლიანად აქვს გადაკეტილი.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველები მობილიზებული არიან ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის წინა პერიმეტრზე და თავისუფლების მოედანზე, სადაც წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაც დგას.

პარლამენტის წინა პერიმეტრი, სადაც განთავსებულია ნაძვის ხე, შემოსაზღვრულია რკინის ჯებირებით.