რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ერთი სიუჟეტი ვნახე - "პროტესტთან ერთად ხელოვნებაც ვითარდება", რომელსაც ჩემთვის უცნობი გოგონა საინტერესოდ წარმოადგენდა. მისი ვინაობით დავინტერესდი და გავარკვიე, რომ ის 20 წლის ნატა მეშველიანია, კახა ბენდუქიძის კამპუსის მესამე კურსის სტუდენტი. მისი განხრა თავისუფალი მეცნიერებებია, მაგრამ მომავალში დიპლომატობა უნდა... გავყევი, გავყევი და ისიც აღმოვაჩინე, რომ ნატა მეშველიანი "ტვ პირველის" ჟურნალისტის, მაკა ჩიხლაძის შვილია, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თავის ოპერატორ გიორგი შეწირულთან ერთად, სასტიკი თავდასხმის ობიექტი აღმოჩნდა...
ნატასთან გასაუბრება კიდევ უფრო მომინდა... ჩვენი ინტერვიუ შედგა. მან ჩემს კითხვებს გულწრფელად უპასუხა...
"კი, სტუდენტი ვარ, მაგრამ ცოტათი ჟურნალისტად შეიძლება ჩავითვალო, რადგან ონლაინ-ჟურნალ "ურბან მედიაში“ ვმუშაობ. წერა უფრო მიყვარს და ვწერ. საველე პირობებში მუშაობა არ მხიბლავს" - ამბობს ნატა მეშველიანი.
- ჟურნალისტობა რომ მოგწონს, ეს ალბათ დედის დამსახურებაა...
- პირიქით, ჟურნალისტობა რომ არ მომწონს, დედის დამსახურება ეს არის, რადგან ვიცი, ეგ პროფესია რამდენ პრობლემასთანაა დაკავშირებული.
- მაკა ჩიხლაძე გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის აქტიური წევრია და მძიმე თემებზე მუშაობს, სადაც ამა თუ იმ სიტუაციაში მასზე თავდასხმის რისკებიც დიდია. ასეთ დროს როგორია შენი, როგორც შვილის, ემოციები?
- ჰო, რამდენიმე წლის წინ, ეგ გავაანალიზე, როცა დედას მუქარის პირველი წერილები რაღაც სიუჟეტის გამო მოუვიდა... მაშინ მივხვდი, რომ დედასავით მუშაობას ვერ შევძლებდი... გააზრებული მაქვს მისი პროფესიის სიმძიმე და მგონია, იმდენად კარგ რაღაცას აკეთებს, რომ ეს ყველაფერი, შედეგ უკვე იმ რიკებს აბალანსებს... კარგი იქნებოდა, ისეთი ქვეყანაში გვეცხოვრა, სადაც გამომძიებელი ჟურნალისტის სიცოცხლე, სიუჟეტებზე მუშაობისას, საფრთხის ქვეშ არ იქნებოდა, მაგრამ ეს ახლა ცოტა ოცნების სფეროა.
- მაყურებლის პოზიციიდან როგორ აფასებ დედას, როგორც ჟურნალისტს?
- მომწონს მისი საუბრის მანერა, თხრობის სტილი, სიუჟეტები, თუმცა დიდად ტელევიზორის მაყურებელი არ ვარ. მეც და ჩემი თაობის წარმომადგენლები ალბათ ასე ვართ, - ტელევიზორს თითქმის არ ვუყურებთ. ეს იმის ბრალია, რომ მეტ დროს სოციალურ მედიაში ვატარებთ. ამიტომ დედაზე, როგორც ჟურნალისტზე საუბრისას, ვერ ვიქნები ობიექტური და სწორად ვერ შევაფასებ, ვერც იმას ვიტყვი, რომ დედა საუკეთესოა. თუმცა მე კი სულ საუკეთესო მგონია, მაგრამ ეს რომ ვთქვა, სხვა რაღაცებიც უნდა მქონდეს ტელევიზიით ნანახი. რადგან ეს ასე არ არის, ამიტომ ვერ ვაფასებ.
- გავიგე, რომ აქციების აქტიური მონაწილე ხარ. იმ დღესაც, როდესაც დედას თავს დაესხნენ, მეგობრებთან ერთად რუსთაველზე იყავი. როგორ შეიტყვე ეს მძიმე ამბავი?
- სანამ ეგ ამბავი მოხდებოდა, აქციაზე მივედი, დედას „მერიოტთან“ შევხვდი და მერე დავიშალეთ. ის ლაივში უნდა შესულიყო და წავიდა, მე ქაშვეთისკენ წავედი, რომ მეგობრებთან ერთად აქციის მონაწილეებისთვის საკვები დამერიგებინა. საჭმლის ამოლაგების პროცესში ვიყავი და მაგ დროს გვერდიდან ლაპარაკი შემომესმა, - ვაიმე, ვიღაც ჟურნალისტს თავს დაესხნენო. მერე პარლამენტის შენობაზე ლაზერით იგივე ტექსტი დაეწერა... ვინერვიულე... ეს ამბავი, მინდოდა, დედასთვის შემეტყობინებინა და დავურეკე. დედაჩემზე არც მიფიქრია, რომ თავდასხმის ობიექტი იქნებოდა, სხვა ჟურნალისტი მეგონა. მიპასუხა, მაგრამ მითხრა, არ მოხვიდეო. მაინც მივედი... ბესიკის ქუჩა იქიდან ცოტა შორსაა, თან ბევრი ხალხი იყო და როგორღაც მივაღწიე - საშინელი ფაქტი დამხვდა...
- როგორი იყო შენი ემოციები?
- ვიდეო მანამდე რომ მენახა და მერე დედაჩემი, გაცილებით ცუდად გავხდებოდი, რადგან საშინელი ვიდეოა... თურმე ბებიაჩემი, დედის დედამ მაგ კადრებს პირდაპირ ეთერში უყურა და ძალიან ცუდად გახდა - ბებოს ვერ აწყნარებდნენ... მე მაკაზე თავდასხმის ფაქტი ცოტა დამშვიდებულ ფონზე ვნახე, თითქოს უკვე შემზადებული ვიყავი, მაგრამ ძალიან გამიჭირდა...
- როგორ აფასებ ქალზე, ჟურნალისტზე, პირდაპირ ეთერში ასეთ თავდასხმას?
- მგონია, რომ უკვე დიდი ხანია, რაც ქვეყანაში არ ვცხოვრობთ. ჩემი აზრით, ამას ქვეყანა არ ჰქვია. სოციალურმა მედიამ უფრო მალე გამოიძია ეს ფაქტი, ვიდრე გამოძიებამ... ასე რომ არ გაჟღერებულიყო, ალბათ ამ ფაქტის გამოძიებას არც დააპირებდნენ. მარტო დედა კი არა, პრეზიდენტის დაჯილდოებაზე რომ ვიყავი (სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო თავდადებისათვის მედიის წარმომადგენლები მედლით დააჯილდოვა. - ავტ.), ჟურნალისტები ყავარჯნებით, ჩალურჯებულები თვალებით და სხვადასხვა დაზიანებით იყვნენ მოსული... მედიას ომში არ ურტყამენ... საშინელი ამბები მოხდა. ძალიან მინდა, ქვეყანა გვქონდეს და ზუსტად ამიტომ ვდგავარ აქციაზე, იქნებ რამე შეიცვალოს, იქნებ ოდნავ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ.
- რა არის შენი სათქმელი?
- დედაჩემის ამბავი ფართოდ გაშუქდა, მედიის წარმომადგენელია და მესმის, მაგრამ დედა არც პირველი იყო და არც უკანასკნელი, რადგან ხალხს აქციებიდან მანამდეც იტაცებდნენ, სცემდნენ, ემუქრებოდნენ, აკავებდნენ. თუ დედაჩემი იმ დღის გმირია, უამრავი უცნობი ადამიანია, რომელიც რეჟიმის მსხვერპლია და ჩემი აზრით, ყველანი გმირები არიან. ჩემი სოლიდარობა მათ. მათ შორის არიან ჩემი კურსელები, უნივერსიტეტელები, რომლებიც სცემეს და საავადმყოფოებში წვანან... მგონია, რომ ამდენხნიანმა პროტესტმა რაღაც შედეგი უნდა გამოიღოს...
- შენმა პატარა დაიკომ თუ გაიგო დედის ამბავი, ან როგორ აუხსენით მას ის, რაც მოხდა?
- სამწუხაროდ ნენემ გაიგო, თუმცა ვეცადეთ, არ ენახა კადრები, მაგრამ ყველგან ტრიალებდა და ეგ ამბავი ცოტა შეუძლებელი იყო. მაინც ვეცადეთ, მსუბუქად მიგვეწოდებინა, აქ მამაჩემი იყო მთავარი ფაქტორი, რომ ნენეს არ ენერვიულა. რაღაცნაირად დავაჯერეთ, რომ დედა დაეცა და ამიტომ აქვს თვალი ასე და ფეხები ამიტომ სტკივა. რომ გაიზრდება, რა თქმა უნდა, ვეტყვით, რაც მოხდა. ჯერჯერობით პატარაა.
- ცნობილი ჟურნალისტის შვილი ხარ, - ეს რას ნიშნავდა აქამდე შენთვის და რას ნიშნავს ახლა?
- ეს საკითხი ჩემს ცხოვრებაში არასდროს ყოფილა აქტიურად ჩართული - დედის ჟურნალისტობა, არ იყო ჩემი იდენტობის ნაწილი. არასდროს მიგრძნია, რომ რადგან ჟურნალისტის შვილი ვარ, ამით განსაკუთრებული ვარ... უბრალოდ, ბოლო დღეებში აღმოჩნდა, რომ ეს ამბავი რაღაცას წარმოადგენს, უცხო ადამიანები მიკავშირდებიან... მხარდაჭერა ვიგრძენი ასევე განსხვავებული აზრის მქონეებისგანაც, რომლებიც ამ მოვლენებს სხვაგვარად აფასებენ, რაც ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ დედაზე და მის ოპერატორზე, გიორგი შეწირულზე იმდენად დიდი ძალადობა იყო, იმდენად ცუდი რამ მოხდა, რომ ასეთმა ადამიანებმაც გამოხატეს სოლიდარობა და პროტესტი.
- აქციებიდან და პროტესტიდან ორი კვირაზე მეტი გავიდა. სტუდენტი და მომავალზე ორიენტირებული ადამიანი გამოსავალს რაში ხედავ?
- კითხვის პირველი ნაწილზე პასუხი მარტივია, - ამ დღეების მანძილზე, ვინც აქციებზე დადის, პროტესტის ადგილებზე საოცარ გარემოს ქმნის. ამ ადამიანების გვერდით ევროპულ საქართველოში ცხოვრებას არაფერი სჯობია. ევროპული საქართველო სწორედ მაგ მოქალაქეებით სავსე წარმომიდგენია. ამით არავის ვაკნინებ, უბრალოდ, ასეთია ჩემი შეფასება... მათ ძალიან დიდი მუხტია აქვთ და არ მინდა, ამან უკვალოდ ჩაიაროს. იმედი მაქვს, უკვალოდ არც ჩაივლის. ხალხი ძალიან გაბრაზებულია და როდესაც ხალხი გაბრაზებულია, რაღაც ცვლილებები ხდება ხოლმე. ხოლო გამოსავალი რა არის? ამაზე პასუხი მიჭირს, მაგრამ ვიმედოვნებ, რაღაცები კარგად წავა, ევროკავშირთან მოლაპარაკებები არ გაჩერდება. რეჟიმმა რომელიც ამდენ ადამიანს სცემა, დააკავა, საპატიმროები გაავსო ჩემი ტოლი ახალგაზრდებით, მგონია, რომ ეგ რეჟიმიც შეიცვლება. მინდა, ადამიანებმა გაიაზრონ და მეც მჭირდება იმის გააზრება, რომ ეს მარტივი პროცესი არ არის. ალბათ გარკვეული დროა საჭირო, რომ საწადელს მივაღწიოთ, მგონია, რომ ხალხი არ დაიღლება... იმ ძალადობას, რაც ჩვენს ქუჩებში ხდება, რამაც უკვე მთელი ქალაქი მოიცვა, დაუსჯელად არ უნდა ჩაიაროს.
- როგორ ფიქრობ, კონკრეტულად ამ კრიზისს რა მოაგვარებს?
- ვიზიარებ პროტესტის მონაწილეების, აქტივისტების აზრს, არჩევნები თავიდან უნდა ჩატარდეს, ოღონდ, არა ცესკოს მიერ, ის საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა ჩაატაროს, ვისაც ხალხი ენდობა და არა ცესკომ, რომელიც არჩევნებს აყალბებს. მგონი, დამოუკიდებელი საქართველო არსებობს, არჩევნები ცესკოს მიერ ყოველთვის ყალბდება... ვემხრობი მრავალპარტიულ პარლამენტს, დღეს რა პარლამენტიც გვაქვს, ბუტაფორიაა, ერთპარტიული პარლამენტი პარლამენტი არ არის. ახლა ნიღბებზე კანონი რომ მიიღეს, სასაცილოა... საერთოდ, ისეთი პროცესები მიდის, ყველაფერი თუ ასევე დარჩა, არც ერთი დემოკრატიული და ჩამოყალიბებული ქვეყანა არ შემოგვხედავს... პრობლემის მოგვარება მარტივი არ არის, მაგრამ ევროკავშირთან ურთიერთობა უნდა გავაგრძელოთ.
- რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც დედას თავს დაესხა და ასე გაიმეტა?
- ალბათ არ იცნობენ დედაჩემს, - მაკა ასე საერთოდ არ შეშინდება. არ ვიცი, რა იყო მათი მიზანი, მაგრამ ამით ხალხი უფრო გააბრაზეს... დედა ის ადამიანი არ არის, ამ ინციდენტის მერე სახლში დარჩეს და ქუჩაში გამოსვლა შეეშინდეს... თავდამსხმელს კი უნდა რცხვენოდეს... ჩემი აზრით, ძალიან სირცხვილია, ქუჩის ბიჭების ინსტიტუტი და ნიღბებს ამოფარებული ხალხი მედიის წარმომადგენლებს რომ ურტყამს... განსაკუთრებით მტკივნეული იყო ის ფაქტი, როცა დედას ოპერატორს, გიორგი შეწირულს 10 კაცი გამეტებით მიწაზე დაგდებულს ურტყამდა. თუ ქართულები ვართ, ქართულ ტრადიციებს ვიცავთ, ის, რაც მოხდა, ეს ყველაზე არაქართული, არავაჟკაცური და არატრადიციული ფაქტი იყო. სასწაულებრივად გადარჩნენ... ერთი სურვილი მაქვს, მინდა, აქციაზე ბევრი ხალხი გამოვიდეს...
P.S. ინტერვიუ გამოსაქვეყნებლად მზად იყო, როცა ნატა მეშველიანს აცნობეს, რომ ამბრელას პროექტით, euroweek-ზე, ლიდერების სკოლაში 2 თვით მიემგზავრება. ამისთვის კი გასაუბრება და კონკურსი წარმატებით გაიარა. კვლავაც წარმატებას ვუსურვებთ.