ავტორი:

მოსალოდნელია ძლიერი ყინვა, ქარბუქი, თოვლი და შტორმი - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი: სვეტლანა ნიორაძის კომენტარი

მოსალოდნელია ძლიერი ყინვა, ქარბუქი, თოვლი და შტორმი - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი: სვეტლანა ნიორაძის კომენტარი

მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდა. წუხელ თითქმის ქვეყნის ყველა რეგიონში თოვლი და ყინვა იყო. თოვლი მოვიდა როგორ თბილისის შემოგარენში, ასევე რეგიონების ნაწილში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე მოსალოდნელ ამინდებზე დეტალურად გვესაუბრა...

- ჩვენ 10 დეკემბერს უკვე გავავრცელეთ განცხადება საქართველოში ამინდის მკვეთრად გაუარესების შესახებ, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში პროცესები უკვე დაწყებულია, ყველგან ინტენსიურად წვიმს, მთაში წვიმით დაიწყო წუხელ, დილიდან თოვლში გადადის და ყველგან გადავა. თავისთავად მაღალმთიან რაიონებშიც ითოვებს. ქარის გაძლიერებას როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ველოდებით, მათ შორის თბილისში. ძლიერი, ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს 13-14 დეკემბერს.

14 დეკემბერს ქალაქის გარეუბნებში შესაძლებელია 28 მეტრ წამამდეც იყოს ცალკეულ მომენტებში ქარი. ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი, მთაში, მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ამ ყველაფრის შედეგად საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვები იქნება. ასეთი ამინდი 15 დეკემბრამდე შენარჩუნდება, 15 დეკემბერს გამოიდარებს, ქარი შესუსტდება, ტემპერატურა მოიმატებს დასავლეთ საქართველოში 12 გრადუსამდე.

აღმოსავლეთ საქართველოში ჯერჯერობით ცივი ამინდი შენარჩუნდება.14 დეკემბერს ღამის საათებში ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში შესაძლოა მინუს 4 გრადუსამდე დაეცეს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში მინუს -5,-10 და ზოგან(უფრო შიდა ქართლში) შეიძლება მინუს 14 გრადუსიც დაფიქსირდეს. თბილისში ღამით მინუს 5 გრადუსს ველოდებით, დღისით პლუს 2-3 გრადუსის ფარგლებში.

- თბილისში თოვლს არ უნდა ველოდოთ?

- თბილისში 14 დეკემბერს, გამთენიას შესაძლოა მცირე თოვლი იყოს. შემდეგ ძლიერ ქარს ველოდებით და ქარის პირობებში ძლიერად ვერ მოთოვს. ყინვა კი იქნება... 16 დეკემბრიდან შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ისევ ველოდებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებას, დასავლეთ საქართველოში ყველგან ნალექია მოსალოდნელი, მთაში თოვლის სახით, შემდგომში სავარაუდოდ დაბლობსა და ბარშიც.

წაიკითხეთ ასევე: