ავტორი:

"გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება" - რა ხდებოდა მთელი ღამე რიკოთზე და როგორია ახლა მდგომარეობა: ფოტოები და მოქალაქეების კომენტარები

"გამოიჩინეთ მაქსიმალური ყურადღება" - რა ხდებოდა მთელი ღამე რიკოთზე და როგორია ახლა მდგომარეობა: ფოტოები და მოქალაქეების კომენტარები

მთელი ქვეყნის მასშტაბით ამინდი მკვეთრად გაუარესდა. წუხელ თითქმის ქვეყნის ყველა რეგიონში თოვლი და ყინვა იყო. თოვლი მოვიდა როგორ თბილისის შემოგარენში, ასევე რეგიონების ნაწილში.

მოქალაქეები წერენ, რომ შეფერხებულია მოძრაობა რიკოთზე.

გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანს, რომ უღელტეხილზე თოვს და ნისლია. მოქალაქეებს გადაადგილება უჭირთ. ისინი წერენ:

"რიკოთზე უდიდესი კოლაფსია. ორივე მხრიდან" - წერდა მოქალაქე გიორგი ჟორჟოლიანი.

"რიკოთზე წამოსვლას მოერიდეთ, საცობია, საწმენდი მანქანები ვერ დადიან რომ გაწმინდონ. სატვირთოები გაჩერებულები ვართ არ გვიშვებენ და პატარა მანქანების მოძრაობაც შეფერხებულია. თუ საბურავი არ გივარგათ, ნუ გარისკავთ წამოსვლას!"

გიორგი თაბუკაშვილის ფოტო

"ეს რაც ახლა სურამის წრიულთან და რიკოთზე ხდება არის დიდი უპასუხისმგებლობა, პირველ რიგში საგზაო დეპარტამენტის. გზა ფაქტობრივად გაწმენდილი არაა, სურამამდე 1 პატრულიც არ შეგვხვედრია, რომ ეთქვა გზა დაკეტილიაო და მანამდე მოვბრუნდებოდით. ახლა სურამის წრიულთან გაჭედილებს არც წინ გვიშვებენ და ვერც უკან ვბრუნდებით!პასუხად მივიღეთ: ,"გენახათ ამინდის პროგნოზი, ცუდი ამინდი რომ იყო რას მოდიოდითო".

  • საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეტეოროლოგიური პირობების შედარებით გაუმჯობესების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ150 (სურამის კვანძი - სოფელი ხევი) მონაკვეთზე, როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

მათივე ცნობით, კმ50-კმ158 (ოკამი-ბორითი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

„საავტომობილო გზა იწმინდება და იყრება ტექნიკური მარილი. თუმცა, მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე მეტეოროლოგიური პირობები რჩება რთული, რის გამოც, ვთხოვთ მძღოლებს იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით, ზამთრის სეზონური საბურავებით და გამოიჩინონ მაქსიმალური ყურადღება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

  • უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები.

როგორც საქართველოს რკინიგზის განცხადებაშია ნათქვამი, ბილეთის საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ და რკინიგზის სალაროებსა და კომპანიის ვებგვერდზე შეძენილი ბილეთების დაბრუნება მოხდება საქართველოს რკინიგზის სალაროებში 10 დღის ვადაში.

“ძვირფასო მგზავრებო! უღელტეხილზე არსებული უამინდობის, კერძოდ, დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო,წიფის,მოლითისა და ხაშურის ქვესადგურებიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება საუღელტეხილო მონაკვეთს, რის გამოც შეფერხებებით მოძრაობს სამგზავრო მატარებლები.

უამინდობის გამო უქმდება 14 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთისკენ და დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლების რეისები. საქართველოს რკინიგზა მგზავრობის საფასურს მგზავრებს სრულად აუნაზღაურებს. აქვე განვმარტავთ, რომ რკინიგზის სალაროებსა და კომპანიის ვებგვერდზე შეძენილი ბილეთების დაბრუნება მოხდება საქართველოს რკინიგზის სალაროებში 10 დღის ვადაში. რაც შეეხება სხვა ვებგვერდებზე შეძენილ ბილეთებს, მათი დაბრუნება მოხდება ონლაინ რეჟიმში 10 დღის განმავლობაში. ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო”, - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: