“საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი, გვაქვს პოლიტიკური პლურალიზმი, ყველა თვალსაზრისით, 2012 წლის შემდეგ, საქართველომ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.
“რამდენიმე წელია, აქტიურად წარიმართება ასეთი პროცესები. ჩვენ ასევე ვიხილეთ ძალიან აქტიური ჩარევა ჩვენს საარჩევნო პროცესებში გარედან, რაც უპირისპირდება სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპს. რეალურად საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა, ჩვენ გვაქვს მედიაპლურალიზმი, გვაქვს პოლიტიკური პლურალიზმი. ყველა თვალსაზრისით, საქართველომ მიაღწია ფუნდამენტურ პროგრესს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების კუთხით 2012 წლის შემდეგ. თუმცა არიან გარკვეული ძალები, რომლებსაც მოსწონდათ 2012 წლამდე არსებული ხელისუფლება, რომელსაც ჰქონდა უმძიმესი პრობლემები და მათ რატომღაც არ მოსწონთ მოქმედი ხელისუფლება მიუხედავად იმ პროგრესისა, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია წლების განმავლობაში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
“ჩვენ უნდა დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და არ გადავდგით ასეთი ნაბიჯი. როგორც ჩანს, ამ ძალებს ახლა აქვთ სურვილი, რომ დაგვსაჯონ ამისათვის, თუმცა რეალურად მათი რესურსები არის ძალიან შეზღუდული. სამწუხაროდ, ამ ძალებს აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა როგორც ევროკავშირზე, ასევე მოქმედ ამერიკულ ადმინისტრაციაზე.
იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვლება, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ხდება ამერიკის პრეზიდენტი. ვფიქრობთ, რომ მიდგომები შეიცვლება, ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს და მიდგომების ცვლილება უნდა აისახოს ევროკავშირზე. ამიტომ გვაქვს ჩვენ ოპტიმისტური მოლოდინები. ასევე ვფიქრობთ, მომავალ წელს უკრაინაში ომი დასრულდება და უკრაინაში ომის დასრულების პირობებში რეალურად ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვნად დამშვიდდება რეგიონი და მოიხსნება არსებითად წნეხი ჩვენს ქვეყანაზეც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“ქვეყნების სიაც გვექნება, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულება აქვთ, თუმცა დღეს არ მინდა, ეს ქვეყნები დავაკონკრეტო, იმისათვის, რომ მათ დავუტოვოთ შანსი, შეიცვალონ საკუთარი ქცევა.
მთლიანობაში ჩანს, რომ გავლენიანი ძალები მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ესენი არიან ის ძალები, რომლებსაც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ, ამას ვერ მიაღწიეს და სწორედ ამის გამო ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხელისუფლებას უპირისპირდებიან, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“ჩვენი ხელისუფლების ხელწერაა, რომ ჩვენ ვიცავთ პროპორციულობის პრინციპს. ვცდილობთ, მაქსიმალურად დიდი ძალა არ გამოვიყენოთ პროტესტის წინააღმდეგ. ჩვენ გვქონდა ორი სამწუხარო ინციდენტი ამ პროტესტის პირველ და მეორე დღეს, როდესაც იყო ძალის გადამეტების ორი კონკრეტული შემთხვევა. ამის შემდეგ მაქსიმალურად ვიზრუნეთ იმისათვის, რომ ასეთი ცალკეული შემთხვევებიც კი აგვერიდებინა თავიდან. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად რბილი ძალა დავუპირისპიროთ იმ ძალადობას, რომელსაც ვხედავდით თბილისის ქუჩებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალადობა იყო ძალიან უხეში, სისტემური, ჩვენმა პოლიციელებმა აჩვენეს მაქსიმალური მოთმინება. მინდა, მათ კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო. ეს არის ჩვენი ხელწერა და მომავალშიც ამ ხელწერით გავაგრძელებთ მოქმედებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში აღნიშნა, “ოპოზიცია არჩევნებში დამარცხდა და ცდილობენ, წარმატებას ქუჩაში აგრესიული ქმედებებით მიაღწიონ“.
აზერბაიჯანულ მედიასთან გაკეთებული განცხადებების შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.