“დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რომელსაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი პარლამენტთან, პასუხისმგებლობა სწორედ დედაქალაქის მერს დაეკისრება.
“დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რომელსაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ, 19:00 საათზე ვითომდა ნაძვის ხის ანთება ბავშვებთან ერთად. ეს აშკარა პროვოკაციაა, რამეთუ ორი კვირაა უკვე, იმ ადგილას, იმ დროს უწყვეტად არის გამოხატული პროტესტი და რადგანაც ხვალ პარლამენტში იმართება პაროდია, იმ დღეს უთუოდ იქნება ძალიან დიდი პროტესტი. იმ ადგილას მოწყობა ამ ღონისძიების, სწორედ ხვალ, სწორედ 19:00 საათზე, სწორედ პარლამენტის წინ - ყველას კარგად გვესმის, ეს რას ნიშნავს, რატომ არის გაკეთებული და რას ემსახურება.
იმ ადგილას, სხვათა შორის, სადაც თავად ექიმები ამბობენ, რომ გაზით არის გაჟღენთილი ხეებიც და ალბათ, სასურველი არ არის იქ ბავშვების მოყვანა. მე მინდა გავაფრთხილო ქალაქის მერი, რომ მისი პროვოკაცია ალბათ არაფერს გამოიწვევს, იმიტომ, რომ ეს პროტესტი, რომელიც გაშლილი არის ქალაქში და ხვალაც იქნება და ზეგაც, არის ძალიან მშვიდობიანი და თავად მოახერხებენ ამ პროვოკაციის თავიდან აცილებას, მაგრამ, მე მინდა მაინც ვუთხრა ქალაქის მერს, რომ თუ ეს პროვოკაცია არ არის, რაღა ხვალ, მოდის ბარბარობა, რომელიც ბევრად უფრო ბუნებრივია, გადაიტანოს და მე ვთავაზობ ორბელიანის წინ, სადაც დააყენა თვითონ რაღაც ბარაკები და ბავშვებისთვის ვითომ სათამაშოები, აქ მოიყვანოს ბავშვები და ორბელიანების სასახლის წინ მოაწყოს ის ღონისძიება, რომელსაც აპირებდა პარლამენტის წინ. მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა მთლიანად და მხოლოდ პირადად მასზე იქნება”, - განმაცხადა ზურაბიშვილმა.
“ყველაფერი პაროდიაა, თუნდაც ის, რაც დღეს ხდება, რომ “ოცნებიდან“ გადის “ხალხის ძალა“, მერე დაბრუნდება, იქიდან ნიშნავენ პრეზიდენტს. ამ ყველაფერს პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არა აქვს. ეს არის ყველაზე სამწუხარო, რადგან სახელმწიფო პაროდიად გახადეს. ეს ყველასთვის ძალიან შეურაცხმყოფელია.
ეს არის ერთგვარი პროვოცირება ხალხის რეაქციების, რადგან ეს არის ყველაფრის შეურაცხყოფა - ჩვენი წარსულის, ტრადიციების, კულტურის, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ინსტიტუტებს ასე მოეპყრო. ეს არის მიუღებელი!
მაგრამ ამ ყველაფერს მნიშვნელობა არა აქვს - პაროდია მათ დარჩებათ. მთავარი ხდება სხვაგან - ჩვენს ქუჩებსა და ქალაქებში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს. პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი - მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა.
იხილეთ ასევე: