ავტორი:

დაბრუნებული ემიგრანტები, იურისტები, ქართველი მეღვინეები, IT და სხვა სფეროს წარმომადგენლები თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო აქცია-მსვლელობებს მართავენ (განახლებადი ინფორმაცია)

დაბრუნებული ემიგრანტები, იურისტები, ქართველი მეღვინეები, IT და სხვა სფეროს წარმომადგენლები თბილისში, რამდენიმე ლოკაციაზე საპროტესტო აქცია-მსვლელობებს მართავენ (განახლებადი ინფორმაცია)

იურისტები უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ.


  • სამართლის სფეროს წარმომადგენლებმა ადგილზე მიიტანეს სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოს კონსტიტუცია. ისინი აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

იურისტები უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ


“ეს ფურცლები ჩვენმა ახალგაზრდა იურისტებმა დაგვირიგეს იმის სიმბოლოდ, რომ კონსტიტუციისგან მხოლოდ ყდა დარჩა და მეტი არაფერი გარანტია ამ ქვეყანაში არ არის. ყველა ჩვენი კონსტიტუციური გარანტია, მათ შორის, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლება, რაც გაწერილია კონსტიტუციაში, მათი შესრულების გარანტი უნდა ყოფილიყო კონკრეტულად ეს დაწესებულება და მთლიანად სასამართლო სისტემა. ამ პროცესებმა აჩვენა, რომ მოძალადე და ხელჯოხიან პოლიციაზე გაცილებით უარესი არის მოძალადე სასამართლო სისტემა, რომელიც აკანონებს ძალადობებს, ადამიანთა წამებას, არაადამიანურ მოპყრობას. სწორედ ამიტომ მოვედით ჩვენ აქ. სასამართლო პროცესებზე დღეს რეალურად სპექტაკლში ვმონაწილეობთ, იქ არაფერი არ წყდება, მართლმსაჯულების ბედი წყდება სხვაგან, ერთ ადამიანთან და მე დარწმუნებული ვარ, ეს ამ ქვეყანაში უკვე ყველამ იცის, უბრალოდ, არ არის მეტი ადგილი, სადაც შეიძლება გავაპროტესტოთ და ჩვენც, მსგავსად არაერთი პროფესიული გაერთიანებისა, ვასაჩივრებთ სწორედ იმ ადგილას, სადაც უნდა იყოს ჩვენი უფლებები დაცული”, - განაცხადა ყოფილმა პროკურორმა მაია მწარიაშვილმა.


  • “ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია“ - ქართველი მეღვინეები აქციას მართავენ ეკონომიკის სამინისტროსთან

კადრი ქართველი მეღვინეების აქციიდან

ეკონომიკის სამინისტროსთან ქართველი მეღვინეები საპროტესტო აქციას მართავენ.

მეღვინეები ადგილზე სხვადასხვა ბანერებით არიან მისული: “ქართული ღვინო ევროპისკენ“; “ქართული ღვინის ადგილი ევროპაშია“; “მცირე მარნები ევროკავშირის მეშვეობით გავძლიერდით“.

ქართველი მეღვინეები აცხადებენ, რომ ქართული ღვინოს ადგილი ევროპაშია და ევროინტეგრაცია უნდა გაგრძელდეს. ამასთან, აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ აქციების დროს დაშავებულ და დაკავებულ ადამიანებს.


“მეღვინეების მთავარი სათქმელი არის ის, რომ ქართული ღვინის ადგილი არის ევროპაში. სამწუხაროდ, სახელმწიფო და პარტია “ქართული ოცნება“ აფერხებს სვლას ევროპისკენ. სოლიდარობას ვუცხადებთ პირველ რიგში ჩვენს კომუნაში დაშავებულ ადამიანებს და ასევე თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც დევნიან, იჭერენ, ჩხრეკენ და მათ უფლებებს არღვევენ უხეშად“, - განაცხადა მეღვინეობა “ოდას“ წარმომადგენელმა, ქეთი ნინიძემ.


  • IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამ პეკინის გამზირზე გადაინაცვლა - სრულად გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა


ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებული მსვლელობა


ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამ პეკინია გამზირზე გადაინაცვლა.


აქციის მონაწილეებმა პეკინის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად გააჩერეს და გზის მთლიან სავალ ნაწილზე აწყობენ მსვლელობას.

აქციის მონაწილეები პეკინის შემდეგ გმირთა მოედანზე გადაინაცვლებენ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "საქართველო", "გაიფიცე". ასევე მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი.

აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.


აქციის მონაწილეთა მსვლელობის საბოლოო ლოკაცია საქართველოს პარლამენტი იქნება. მსვლელობის პარალელურად, აქციის მონაწილეებს შსს-ს რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.


  • სამშობლოში დაბრუნებული ემიგრანტები მარჯანიშვილის მეტროსთან იკრიბებიან

ემიგრანტების ბანერები აქციიდან

ისინი ადგილზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ, რის შემდეგაც, მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ.



  • ექიმები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან აქციას მართავენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებიც.


“მე ვაპროტესტებ ჩემი კოლეგების ცემას, დასახიჩრებას, უცნაურ სიტუაციებში დაპატიმრებას და გატაცებას ვაპროტესტებ, არამარტო ჩემი კოლეგების, არამედ სხვა პროფესიის ადამიანებისას. ვემიჯნები ამ პროცესს, როგორც ერთი რიგითი ადამიანი და ვთვლი, რომ სისტემური ძალადობა ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. ამის დასრულების ერთადერთი გზა კი მშვიდობიანი პროტესტია“, - განაცხადა ექიმმა, არჩილ მარშანიამ.


  • განახლება 19:20

პეკინის გამზირზე კიდევ ერთი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც უკვე მეთექვსმეტე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.


ექიმები თავდაპირველად სამედიცინო უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ.


  • ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის წარმომადგენლები ლოზუნგებით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!” “ვითხოვთ ახალ არჩევნებს!” მარჯანიშვილის მოედანზე შეიკრიბნენ


ისინი მალე საპროტესტო მსვლელობას დაიწყებენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით და პარლამენტთან დიდ აქციას შეუერთდებიან.


იხილეთ ასევე: