თბილისის მერიასთან "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებს მერიასთან მიტანილი აქვთ ფოტოსურათები, რომლებზეც სპეცრაზმელების მიერ ნაცემი ადამიანები არიან გამოსახულები.
“თბილისის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო და კორუმპირებული მერია. ჩვენ ფიტულის ერთ ნაწილს ჰაერში გავუშვებთ, ხოლო მეორე ნაწილს მერიასთან დავტოვებთ”, - განაცხადა აქციის მონაწილემ.
როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, მათი მოთხოვნები უცვლელია. ისინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ "დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, დაუბრუნდეს ქვეყანა ევროპულ საგარეო კურსს და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები”.
აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის სრულად აქვთ დაკავებული და გადაკეტილი ჭავჭავაძის გამზირი. მათ უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები, ასევე სხვადასხვა შინაარსის ბანერები. ისინი სკანდირებენ "გამოდით, გამოდით".
რაც შეეხება IT, HR, ტრენერებისა და ფინანსური სფეროს წარმომადგენლებს, მათ რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე საავტომობილო გზის ნახევარი გადაკეტეს.
პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ - "საქართველო", "გაიფიცე". ასევე მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი.
აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. მსვლელობის პარალელურად, აქციის მონაწილეებს შსს-ს რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვება.
ასევე, დედაქალაქის მასშტაბით დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების რამდენიმე მსვლელობაა დაანონსებული.
ცნობისთვის, მასშტაბური აქციები "ქართული ოცნების" 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.