"აშშ-ს მხრიდან ამ ბატონყმურ დამოკიდებულებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს 20 მოქალაქისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების თემაზე კომენტირებისას განუცხადა.
"არ ვიცი, უკვე მერამდენედ ხდება ამ ტიპის სანქციების გამოცხადება. ფაქტი ერთია, რომ არსებული ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გააუარესოს ურთიერთობები და ჩიხში შეიყვანოს. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი ადმინისტრაცია გააკეთებს ყველაფერს, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, გაჯანსაღდეს. ასეთი განცხადებები, რომელიც ტყუილზეა დაფუძნებული, რა თქმა უნდა, დიდ ზიანს აყენებს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. იგივე ხდება ევროპარლამენტარების მხრიდანაც. ხალხი რეალობას ხედავს, რა ხდება ქვეყანაში, რა პროცესები მიდის. როდესაც თუნდაც ევროპიდან თეთრზე გვეუბნებიან რომ შავია, ეს მოცემულობად უნდა მიიღო, რაც აზიანებს და ძალიან დიდ დისკრედიტაციას უწევს ევროკავშირს, ევროპას და იმ კონკრეტულ მაღალჩინოსნებს, ვინც ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ.
ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის და არაერთხელ დაგვიმტკიცებია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი. ჩვენ ვიცით მეგობრობაც, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
"რაც შეეხება ფინანსურ სანქციებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არსებული ადმინისტრაცია, რომელსაც სულ რაღაც ერთი თვე დარჩა, ურთიერთობების დაზიანებას ცდილობს. ყველაზე მძიმე არის ის, რომ მათი განცხადებები გაჯერებულია სიცრუით, თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობით. ჩვენ ამ ბატონყმურ დამოკიდებულებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით. ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამ ყველაფერს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას პირადად არის თუ არა აშშ-ის მხრიდან სანქცირებულთა სიაში, კახა კალაძის თქმით: "ჩემთან არანაირი შეტყობინება არ მოსულა სანქციასთან დაკავშირებით. მე პირადად ამ ეტაპზე არანაირი სურვილი არ მაქვს ამერიკაში მოგზაურობის და სადმე წასვლის.“
"პირადად მე არანაირი შეტყობინება, არც წინა შემთხვევაში და არც ამ შემთხვევაში, არ მიმიღია. გაგვიმხილონ, ვის ასანქცირებენ. ეს არის კუდის მოქნევა დამარცხებული მთავრობისა აშშ-ში", - აცხადებს მდინარაძე.
მდინარაძის თქმით, „ეს ყველაფერი უკვე ზღვარს გასცდა“.
"დამარცხდა მთავრობა და დამარცხებული მთავრობა კუდს იქნევს, რომ რაც შეიძლება, რაც აქამდე გააკეთა, უფრო დაამძიმოს, გაართულოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, რომ მერე პრობლემები ურთიერთობებში ძნელი აღმოსაფხვრელი იყოს. ეს ყველაფერი უკვე ზღვარს გასცდა. პარტნიორობა შევწყვიტეთო, რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადეს, არადა არც პირდაპირი ფრენები, არც უვიზო მიმოსვლა, არც თავისუფალი ვაჭრობა, რაც პარტნიორობის ჩანასახს მაინც შექმნიდა, ჩვენ არ გვქონია. იმედი გვაქვს, რომ გადაიტვირთება ურთიერთობები და ნელ-ნელა რეალურ საკითხებზე ვილაპარაკებთ და ეს ურთიერთობები მხოლოდ განცხადების დონეზე არ დარჩება“, - განაცხადა მდინარაძემ.