როგორც ყაბალახს რუსი „ბოქაულები“ ებრძოდნენ, ისე აირწინაღებს ებრძვის თვითმარქვია რეჟიმი,- ასე ეხმაურება კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ,,ქართული ოცნების” ინიციატივას, რომელიც აირწინაღების აკრძალვას გულისხმობს.
"საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომლის ამოცანა არის, აიკრძალოს სახის დამცავი საშუალებები, მათ შორის, აირწინაღები, რაც არის რუსული ხელწერა. ამას ჩვენ დავუპირისპირებთ იმ ეროვნულ სამოსს, რომელიც რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ გამოიყენებოდა ერთ დროს.
რუსი „ბოქაულებისგან“ საფრთხედ მიიჩნეოდა ყაბალახი, რომელიც იმ დროს ცუდი ამინდისგან დამცავი თავსაბურავი იყო. რუსული ხელწერის გაგრძელებაა აირწინაღების აკრძალვა, რომელიც ადამიანებს ჯანმრთელობის დასაცავად სჭირდებათ“,- განაცხადა ანა დოლიძემ.